ევროპამთავარი თემა

კრიზისი: თურქეთი, საბერძნეთი, ევროპა

ევროპის მთავარი საზრუნავი ამ კვირის დასაწყისში სირიელ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისია. გახსოვთ ალბათ, რომ სირიაში მისი სამხედრო ოპერაციისადმი ევროპელების ეჭვიანობით გაღიზიანებულმა თურქეთის ლიდერმა, რეჯებ ერდოღანმა, თქვა ევროკავშირთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას ვაუქმებ და ჩემს ქვეყანაში თავშეფარებული სირიელი თუ სხვა ლტოლვილებისთვის ევროპისაკენ გზა ხსნილიაო.

ამან საბერძნეთის საზღვარზე მწვავე კრიზისი მოიტანა. ათი ათასობით ადამიანი ცდილობს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას, ნაწილი კი სიცოცხლეს არ დაგიდევთ და ნავით ცდილობს ბერძნულ კუნძულებზე გაღწევას.

საქმეს ცუდი პირი უჩანს, განსაკუთრებით კი თავად მიგრანტებისთვის, რომლებიც რეგიონული კონფლიქტის სცილასა და ქარიბდას შორის ამოყვეს თავი. თურქეთი და ევროკავშირი ჯერჯერობით ყვირილით საუბრობენ: “ჭიშკარი ღიააო” განაცხადა ერდოღანმა ტელევიზიით ორშაბათს. “არაფერიც, დაკეტილიაო”, უპასუხა ევროკავშირმა იმავე დღეს…

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ძველ შუღლს ეს ახალი შფოთიც ემატება და ვითარებას ერთიორად ართულებს. გამოწვლილვით შევხედოთ დღეს არსებულ ვითარებას.

რა ხდება ახლა

საბერძნეთის მთავრობა სირიული, ავღანური და პაკისტანური სატელეფონო ნომრებით თავის მობილურ ქსელებში შემოსულ მომხმარებლებს ეს-ემ-ეს გაფრთხილებას უგზავნის “ელინთა რესპუბლიკის” სახელით: “საბერძნეთმა სასაზღვრო უსაფრთხოების დონე მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზარდა. ნუ შეეცდებით საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას”.

ამასობაში მთავრობის პრეს-მდივანი ირწმუნება, საზღვარზე არავისთვის გვისვრიაო, რითაც ერდოღანს პასუხობს, რომლის თქმითაც ბერძნებმა საზღვარზე ორი კაცი მოკლეს. სანამ უფროსები ერთმანეთის მტრობაში ატარებენ დროს, პატარები ზღავენ საფასურს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუშინ კუნძულ ლესბოსთან სირიელი ბავშვი დაიხრჩო…

რასა იქმს ევროკავშირი?

ევროკავშირის სამი მთავარი ინსტიტუტის თავმჯდომარეები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შარლ მიშელი და დევიდ სასსოლი საბერძნეთისკენ გაეშურნენ, აქაურ პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად. მათვე შეუერთდება ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩიც.

სწორედ პლენკოვიჩმა ჩამოაყალიბა ევროკავშირის ზოგადი მიდგომა მიმდინარე კრიზისისადმი: ევროკავშირი “საბერძნეთის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს” და შეეცდება “ერთიანი ევროპული მიდგომა ჩამოაყალიბოს ახალი მიგრაციული კრიზისის მიმართო”, თქვა პლენკოვიჩმა. პრობლემის გადაჭრას “თურქეთთან პოლიტიკური დიალოგის გზით მივაღწევთო”, დაამატა მან.

შევხედოთ, თუ საქმით რაში გამოიხატება ეს მიდგომა:

1) “სოლიდარობა საბერძნეთს”: ეს ერთიანი ევროპული მიდგომაა დღეს, რაც მიცოტაკისის მიერ საზღვრების ჩაკეტვაზე აღებული გეზის სრულ და უყოყმანო მხარდაჭერას გულისხმობს. საუბარი არაა ლტოლვილების სხვა ქვეყნებში მიღებასა ანდა გადანაწილებაზე – ამისი ბევრ ევროპულ ქვეყანას ცეცხლივით ეშინია, ლტოლვილები მოგვაწყდებიანო.

2) ყველანი საზღვრის დასაცავად: თურქეთთან 2016 წელს მორიგების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა მხოლოდ ერთ რამეზე, კავშირის გარე საზღვრის ერთობლივად დაცვაზე შეთანხმება მოახერხეს. გულისგულში ყველამ იცის, რომ თუ ამ საზღვარს მიგრანტების დიდი ტალღა მოაწყდა, კედელი შეიძლება მოირღვეს და უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია საჭირო – გინდ მიგრაციის სამართავად და გინდ სირიის კრიზისის მოსაგვარებლად. თუმცა დღეს ამაზე ფიქრი არავის სურს. კრიზისი მძვინვარებს და ევროკავშირი ახალი გადაწყვეტილებების მიღებას ამ ვითარებაში ვერ შეძლებს.

3) უხერხული სიჩუმე: საბერძნეთისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფასი საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებების დარღვევაზე უხერხული დუმილია. ათენმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების მიღებას წყვეტს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თქმით, საბერძნეთს “არა აქვს უფლება თავშესაფრის ძიების საერთაშორისოდ აღიარებული უფლება შეაჩეროს”. ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ამ საკითხს გვერდს აუვლის. ისკიარადა, ჟურნალისტებიც ცნობით, ის საერთოდ არ აპირებს კითხვებს უპასუხოს…

საბერძნეთის პოზიცია

საბერძნეთისთვის დღევანდელი კრიზისი საგარეო-პოლიტიკური უფროა, ვიდრე მიგრაციული… ევროკავშირის იერარქებს ათენში თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსი განუმარტავს ვითარებას. ეს არაა შემთხვევითი – საბერძნეთი კრიზისს აღიქვამს, როგორც თურქეთის აგრესიას ეროვნული და ევროკავშირის უსაფრთხოების წინააღმდეგ, რომელშიც ანკარა მიგრანტებს იარაღად იყენებს.

…და ჩანს, ევროკავშირიც ამ აზრზე დგას: ევროკავშირის ოფიციალური პირები საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც მსგავს რამეს ამბობენ: ერდოღანს ჩვენი დაშინების მცდელობა არ გაუვაო. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ბერლინში განაცხადა, “ევროპა შანტაჟს არ დაჰყვებაო” – თუმცა ამ ვიცე პრეზიდენტს მარგარიტის სხინასი ჰქვია და ევროპულ თანამდებობამდე ბერძენი საჯარო მოხელე გახლდათ…

ამასთან საბერძნეთი ბრიუსელით გაღიზიანებას ვერ მალავს: “უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში ანკარა გამუდმებით იმუქრებოდა ‘სამიგრაციო ჭიშკრის’ გახსნით”, ამბობს საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის მოადგილე და უმატებს “ჩვენ გამუდმებითვე ვარწმუნებდით ჩვენს [ევროპელ] თანამოსაუბრეებს, რომ ეს მუქარა სერიოზულად აღექვათო”. მისი აზრით, ევროპა რომ სერიოზულად მოჰკიდებოდა თურქეთის მუქარას, ახლა უკეთ იქნებოდა მზად კრიზისის მოსაგვარებლად.

დღეს ათენი ევროკავშირისაგან მოელის, რომ ან სირიაში, იდლიბთან დაკავშირებული სამხედრო-პოლიტიკური კვანძის გახსნაში ჩაერთვება უფრო აქტიურად, ანდა მიგრანტების გადანაწილებაზე გადაწყვეტს რამეს.

დღევანდელი გადმოსახედიდან, პირველი უფრო რეალისტური ჩანს, ვიდრე მეორე…

თურქეთის მდგომარეობა

სირიულ ამბებში თურქეთის როლი რომ გავიაზროთ, 2011 წელს უნდა დავუბრუნდეთ. მაშინ ახლო აღმოსავლეთს „არაბულმა გაზაფხულმა“ გადაუარა: ტუნისი, ეგვიპტე, ლიბია ძველი დიქტატორებისაგან გათავისუფლდნენ. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში ხელს „მუსლიმთა საძმო“ ჩაიგდებდა. სწორედ ამ მოძრაობას უთანაგრძნობდა ერდოღანი და მისი „სამართლისა განვითარების“ პარტია. ამიტომაც, „საძმოს“ გაძლიერება ანკარამ ახლო აღმოსავლეთში თურქეთის გაძლიერების საწინდარად დაისახა. ამას ისიც დაემატა, რომ სწორედ იმავე დროს თურქეთის ევროპული პერსპექტივაც დაიბინდა და ერდოღანს ქვეყნისათვის წარმატების დასტურის ჩვენება სჭირდებოდა.

„საძმომ“ ფეხი ეგვიპტეში წაიტეხა, სადაც პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ჯერ დაუკრეფავში გადავიდა, მერე კი სულაც არმიამ ჩამოაგდო. ახლო აღმოსავლეთი ორ ბანაკად დაიყო – რევოლუციას და „საძმოს“ თურქეთი და ყატარი უჭერდნენ მხარს; მის წინააღმდეგ კი საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო და ეგვიპტე გამოდიოდნენ.

ეგვიპტე, მორსის თაოსნობით, სირიელ აჯანყებულებს ასადის წინააღმდეგ ამხედრებდა, თუმცა მისი ჩამოგდების შემდეგ მხარი ასადს მისცა. 2014 წლიდან მოყოლებული მხოლოდ თურქეთი და ყატარი უჭერდნენ მხარს სირიულ ოპოზიციას. 2017 წელს საუდის არაბეთთან კონფლიქტში ჩათრეულ ყატარსაც მოუწია სირიის მიტოვება. ასე დარჩა ერდოღანი ასადის, ჰეზბოლლას, რუსეთისა და ირანის პირისპირ მარტო.

2018 წლის სექტემბერში, სხვებთან მორიგებას მან პუტინთან საუბარი არჩია და ამბოხებულების კონტროლს ქვეშ მყოფი ერთადერთი მხარე, იდლიბი, დემილიტარიზებულ ზონად გამოაცხადა. აქ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ალეპოს განადგურების შემდეგ გადარჩენილი ლტოლვილებიც აფარებენ თავს.

2019 წლიდან ასადი მაინც უტევდა იდლიბს, გასული წლის ბოლოს კი აქტიური დაბომბვაც დაიწყო – განსაკუთრებით სკოლებს, საავადმყოფოებს და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს უმიზნებდა, რომ თურქეთისკენ მეტი ლტოლვილი გაერეკა. 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის თურქეთს  მილიონამდე ახალი ლტოლვილი მიაწყდა, რაც ამ ქვეყანაში უკვე თავშეფარებულ 3.6 მილიონ სირიელ ლტოლვილს დაემატა. (ეს ერთ სულ მოსახლეზე ოცჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში).

თურქეთი იდლიბს თუ მიატოვებს, კიდევ უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს, თანაც მისი რეგიონული რეპუტაცია საბოლოოდ ჩაესვენება. ერდოღანის მხრიდან ევროპის შანტაჟი განწირული ნაბიჯია, ლტოვილების გადანაწილებაში შემეხიდეთო. ევროპიდან წამოსული უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ ანკარა კვლავაც მოსკოვთან შეეცდება ვითარების მოგვარებას. ისიცაა, რომ თურქეთის ჯარების მიერ ასადის არმიის დაფერთხვა შეიძლება პუტინსაც აწყობდეს – სუსტი ასადი მოსკოვზე კიდევ უფრო დამოკიდებული შეიქნება.

გამოსავლის ძიებაში

მიმომხილველების აზრით, ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ათენში დიდწილად სიმბოლურია. თუმცა ამასობაში ევროპულ დედაქალაქებში გამოსავლის მოძებნასაც ცდილობენ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქმიანი მიდგომით აქაც იმარჯვა და თურქეთთან არეული ურთიერთობის მოგვარების გზა დასახა. ბერლინში, პრეს-კონფერენციაზე საუბრისას მერკელმა თქვა, ევროკავშირ-თურქეთის 2016 წლის შეთანხმებას უნდა მივუბრუნდეთ და უნდა უზრუნველვყოთ, რომ “მას კვლავაც ყველა მხარე სცემს პატივსო”.

უფრო კონკრეტულად, მერკელმა თქვა, რომ ფრანგ კოლეგასთან ერთად თურქეთის ლიდერს ესაუბრნენ და განიხილეს, თუ როგორ დაეხმარონ სირიელ ხალხს და “შესაძლოა, დამატებითი დახმარება აღმოუჩინონ თურქეთსაც.” სხვა სიტყვებით, საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, ერდოღანის დასაშოშმინებლად და მიგრანტების შეფარების საფასურად ქისის თასმებსაც მოუფონონ…

მერკელივე იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც კრიზისის ერთ, თითქოს უჩინარ მონაწილეზე დაძრა სიტყვა – ვლადიმირ პუტინზე. სწორედ თურქეთ-რუსეთის სამხედრო შეთანხმების რღვევამ მოიტანა იდლიბის მიმდინარე კრიზისი. მერკელის თქმით, მაკრონთან ერთად რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრნენ და კვლავაც აპირებენ საუბრის გაგრძელებას. “ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდებაო,” თქვა მერკელმა და მოუწოდა ჩართულ მხარეებს “შექმნან დაცული ზონა…ასობით ათასობით სირიელისათვის, ვინც ახლა თურქეთის საზღვარზეა თავმოყრილი.”

შემდეგი ნაბიჯები

ევროკავშირში წევრი სახელმწიფოების ელჩები ორშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს, თუ როგორ აქციონ ხუთშაბათისთვის, ზაგრებში დაგეგმილი საგარეო მინისტრების შეხვედრა ოფიციალურ სამიტად, რომელზეც გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება (საქმე ისაა, რომ ევროკავშირის წესდებით საგარეო მინისტრების შეხვედრას ოფიციალური ხასიათი მხოლოდ ბრიუსელში ან ლუქსემბურგში შეიძლება ჰქონდეს…). ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ხვალ, ოთხშაბათს შეიყრებიან იმ იმედით, რომ სასაზღვრო კონტროლისა და საბერძნეთისათვის დახმარების გზებს დასახავენ.

მსგავსი/Related

Back to top button