რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის ოლქის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 27 თებერვალი, N46

მთავრობის განცხადება

გარეშე პირობებმა საქართველოს სხეულს დროებით მოსწყვიტა მისი ორგანული ნაწილი – ბათუმის ოლქი.

საქართველოს მთავრობა სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს უსამართლობა დაძლეული იქნება და ბათუმის ოლქი – ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და ეკონომიურად საქართველოსთან შესხეულებული, კვლავ დაუბრუნდება თავის დედა-სამშობლოს, როგორც მისი ავტონომიური ნაწილი.

მაგრამ სანამ ეს გარდაუალი ნებისყოფა,  როგორც თვით  ბათუმის ოლქის, ისე მთელი რესპუბლიკის ხალხისა, ასრულდებოდეს. ოლქში თავისუფლათ მოთარეშე საქართველო მტრები სარგებლობენ დღევანდელი გამოურკვეველი მდგომარეობით და ხალხში ავრცელებენ ათასნაირ ჭორებს. ეწევიან აგიტაციას ქართველებისა და საქართველოს წინააღმდეგ და ჰქმნიან პანიკას.

მთავრობას აქვს უტყუარი ცნობები, რომ ოლქის საზღვრებთან და თვით ოლქში დაძრწიან შეიარაღებული ბრბოები და პირები ხალხს აქეზებენ საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს მთავრობა გადაჭრით აცხადებს, რომ იგი შევა ბათუმის ოლქში არა მტრული განზრახვით ვისმე მიმართ, არამედ თანახმად ხალხის მტკიცე სურვილისა, სრული სიმშვიდის და წესიერების დასამყარებლად და ერთნაირის მზრუნველობით და სამართლიანობით დაიცავს მშვიდობიან მცხოვრებთა ინტერესებს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა ზომებს, რათა ოლქის ცხოვრება მოაწყოს ისეთ ნაიდაგზე, რომელიც უზურნველყოფს მის თავისუფალ კულტურულ და ეკონომიურ აყვავებას. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობას ვერ შეაცვლევინებს ვერავითარ ძალ-ღონე.

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ბათომის და ბათომის ოლქის მშვიდობიან მცხოვრებთ არ აჰყვნენ ანარქიას და არეულობას მქადაგებელთ და თავიდან მოიცილონ შეიარაღებული ბრბოები.

მსგავსი/Related

Back to top button