Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ზალკალიანი ყირიმის ანექსიის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, 26 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოხატა „ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 6 წელი გადის“, – განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო „კვლავ შეშფოთებულია იმ ცნობების გამო, რომლებიც ყირიმში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებას, კერძოდ კი – უმცირესობათა უფლებებს ეხება“.

გამოთქვა რა კონფლიქტის დასრულების სურვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინსკის შეთანხმებებისა და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „გარკვეული იმედისმომცემი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, როგორიცაა ახალი დინამიკა „ნორმანდიის ფორმატში“ და ტყვეების გაცვლა შარშან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველო, რომელიც ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა, 2019 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ქვეყანამ თავმჯდომარის პოსტზე საფრანგეთი ჩაანაცვლა და ამ უფლებამოსილებას ექვსი თვის ვადით ასრულებს. მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ექვს თვეში ერთხელ, ინგლისური ანბანის მიხედვით, წევრების წარმომადგენლები რიგრიგობით იკავებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button