Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „საქართველო მიზანმიმართული კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა, რამაც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენა“.

განცხადება, რომელიც 21 თებერვალს გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გამოხატავენ შეშფოთებას კიბერშეტევის გამო, რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს და ძირს უთხრის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ამ სარგებლის განვითარებას და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICTs) გამოყენებას, ასევე ინტერნეტს მოაქვს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში მომხდარი „ფართომასშტაბიანი“ კიბერშეტევა „დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და ის დაგმეს.

ხოსეპ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს კიბერმედეგობის გასაძლიერებლად. „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს და განამტკიცოს თანამშრომლობა გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის დასამკვიდრებლად, სადაც ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა სრულად იქნება დაცული“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button