Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საბერძნეთში ახალი ელჩები ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საბერძნეთში ახალი ელჩები ჰყავს. ეს თანამდებობები ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ, დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე ყოფილმა მოადგილემ დავით დონდუამ დაიკავეს.

სოფიო ქაცარავამ, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გასული წლის 14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ორ დღეში კი – უარი დეპუტატის მანდატზეც თქვა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, – დაწერა მაშინ ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ იმის შესახებ, რომ იგი გერმანიაში ელჩად ინიშნებოდა, ჯერ კიდევ 27 იანვარს განაცხადა და თქვა, რომ იგი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებდა.

რაც შეეხება დავით დონდუას, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან მუშაობდა და სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2015-2018 წლებში დონდუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ასევე, ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მათ შორის, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button