რესპუბლიკის ამბები

განადგურებული გორის აღსადგენად ხელისუფლება და მოქალაქეები ერთიანდებიან

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 22 თებერვალი, N42

მთავრობის თავმჯდომარის მიმართვა

საქართველოს ნორჩ რესპუბლიკას თავს დაატყდა დიდი უბედურება. ამ თვის 20-2 მიწის ძვრამ ერთიანად გაანადგურა ქ. გორი და მის ახლო მდებარე სოფლები და რკინის გზის სადგურები. ათასობით და ათიათასობით ხალხი ქუჩაში დარჩა უბინაოდ და უმწეოდ შიშველნი და მშიერ-მწყურვალნი. მრავალნი სახლების ნანდგრევებმა იმსხვერპლა. ნივთიერი ზარალი აურაცხელია. მოგიწოდებთ თქვენ, მხარში ამოვუდგეთ მთავრობას ამ დიდი უბედურების გადატანაში. მიიღეთ ზომები, რომ მთელმა ხალხმა დახმარება გაუწიოს ქართლის უძველეს ქალაქს – გორს და დანგრეულ სოფლებს ფერფლიდან აღდგენისათვის, რომ ისინი არ წარიშალონ საქართველოს მკერდიდან. მთავრობის დახმარება წვეთია გაჭირვების ზღვაში. საჭიროა მთელი ხალხის დახმარება, მთელი ერის ამოძრავება და წვლილის გაღება უმწეო მოძმეთათვის. დაუყონებლად აცნობეთ ეს ხალხს და შეუდექით „გორის ფონდის“ შეგროვებას. გორი უნდა აღდგეს და კვლავ ქართლის გულათ გახდეს.

მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია

მიწის ძვრის მსხვერპლთა დამხმარე კომიტეტის მოწოდება

საშინელი და მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს ჩვენს რესპუბლიკას: მიწის ძვრამ გაანადგურა გორი, ხიდისთავი, სკრა, და ბევრი სხვა სოფელი ატენის ხეობაში. მრავალი ოჯახის მარჩენალი ნანგრევებში დაიმარხა; სხვები შიშველი და მშიერი ცის ქვეშ დარჩენ ამ დიდ ზამთარში.

იმათაც დაღუპვა მოელის, თუ არ დავეხმარებით.

წარმოიდგინეთ განადგურებული ქალაქი და სოფელი, დაქცეული სახლები, დახოცილი და დასახიჩრებულნი, უსახლკაროთ დარჩენილი და თავზარდაცემული ხალხი, ქალებისა და ბავშვების გამწარებული ტირილი და მაშინ საკუთარი გული ეტყვის ყოველ თქვენგანს, თუ რა უნდა გავაკეთოთ:

ჩენ უნდა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური, მოქალაქეობრივი ვალი გაუბედურებული მოქალაქეებისადმი.

ჩვენ უნდა შევუმსუბუქოთ მათ ტკივილები და ტანჯვა, ვანუგეშოთ ასეთ მწუხარებაში.

ჩვენ უნდა მოვწმინდოთ მათ ცრემლი და საქმით დავუმტკიცოთ, რო  ყოველგვარ ჭირში მათთან ვართ.

წარმოიდგინეთ ერთ წამს თქვენი თავი იმათ ალაგას, თქვენი ბავშვები, თქვენი ძმები, დედ-მამა,  – თქვენ ხომ იმათთვის არ დაიშურებთ არაფერს.

ის უბედურებიც ჩვენი სისხლ-ხორცია, ჩვენი ახლობელი, ჩვენი მოქალაქენი, – დავეხმაროთ მათ, ვაგრძნობინოთ, რომ ასეთი უბედურების დროს ისინი უმწეონი, უპატრონონი არ არიან.

ვიდვათ ყველამ თავს მათი პატრონობა, მათი შველა.

თუ დახმარება არ იქნა უხვი, ერთსულოვანი და სწრაფი, ცივი ზამთარი მათ მუსრს გაავლებს.

მაშინ სადღა უნდა გამოვყოთ თავი.

ნუ შევარცხვენთ ნორჩ დემოკრატიულ რესპუბლიკას; ეროვნული უბედურების დროს განსაკუთრებით გვმართებს რესპუბლიკსი ღირსების დაცვა და მოქალაქის სახელის ამაყად ტარება.

ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის წინადადებით  უკვე შედგა საზოგადო დამხმარე კომიტეტი, რომელიც ღებულობს ყოველგვარ შემოწირულობას. ასეთივე კომიტეტები უნდა დაარსდეს პროვინციის ყველა ქალაქსა, დაბასა და სოფლებში. ეს არის ეროვნული უბედურება და მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.

პოეტებმა, მწერლებმა, ხელოვნების ყოველმა მსახურმა, საზოგადო და კულტურულმა დაწესებულებებმა, თეატრებმა, კლუბებმა, სინემატოგრაფებმა – ყველამ უნდა გაიხადოს თავისი წმინდა მოვალეობა მიწის ძვრის მსხვერპლთა დახმარება.

დავამტკიცოთ ყველამ, რომ ჩვენს რესპუბლიკაში ჭირი და ლხინი ერთი გვაქვს.

დავუმტკიცოთ ქვეყანას, რომ ყოველი მოქალაქის უბედურება ჩვენი საკუთარი უბედურებაა.

გენერალური შტაბიდან

სამხედრო სამინისტრომ მიწის ძვრიდან მომხდარ უბედურების შესახებ ცნობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გაგზავნა გორში 600 კაცის შემადგენლობით მესანგრეთა ათასეული მთელი მოწყობილობებით დანგრეული შენობათა შესაკეთებლად, სანიტარული მატარებელი სრული პერსონალით დაშავებულთა დახმარების აღმოსაჩენათ; აგრეთვე გაიგზავნა იურტები და კარვები უბინაოთ დარჩენილთათვის, აამუშავა ყველა სამხედრო პურის საცხობები და გამომცხვარი პური თანდათან ეგზავნება მცხოვრებლებს და გასცა განკარგულება, რომ ტფილისის სამხედრო ჰოსპიტალმა ყველა დაშავებულები და ავადმყოფები, რომლებიც გამოგზვანილ იქნებიან გორიდან, მიიღოს სამკურნალოთ სრულიად უფასოთ.

განმეორებითი ძლიერი მიწისძვრა

უვნებლად გადარჩენილა ქალაქის თვითმმართველობის შენობა, სადაც შუადღისას გაიმართა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგის პარმენ ჭიჭინაძის მონაწილეობით. შემუშავებულ იქნა სასწრაფო ზომები. უბინაოთ დარჩენილი მცხოვრებნი მოათავსეს გადარჩენილ საზოგადო და კერძო შენობებში და შუედგნენ დაზიანებულ ალაგების დათვალიერებას. ამ დროს როდესაც მინისტრის ამხანაგი სხვებთან ერთად ის იყო ხაზინის შენობიდან გამოვიდენ დაახლოებით სამ საათზე ერთბაშათ ისევ იძრა საშინლად მიწა და დაიწყო სახლების ნგრევა. კედლები მთლიანად იქცეოდა დედამიწაზე. შუაზე სკდებოდა მთელი სახლები. ასტყდა თავზარდაცემულ ხალხის ღრიალი, კვნესა, ვედრება, ტირილი. ჯგუფ-ჯგუფად ხან აქეთ ეცემიან, ხან იქით. უმწეობა განუსაზღვრელია.

მსგავსი/Related

Back to top button