რესპუბლიკის ამბები

ეკლესია და სახელმწიფო

გაზ. ერთობა, 1920 წლის 19 თებერვალი, N39

დიდი აურზაურია სოფლად ატეხილი ეკლესიის მოღვაწეობის გარშემო. უკეთ რომ ვსთქვათ, საქმე ეხება არა ეკლესიას, არამედ მღვდლობის მოქმედებას.

ეკლესია, როგორც კლერიკალთა ორგანიზაცია, როგორც გაბატონებულ, მქონებელ, კლასების მოსამსახურე სახელმწიფოებრივი ძალა, აღარ არსებობს. დიდმა რევოლუციამ გააუქმა მისი გავლენა. ამიტომ თვით უდიდესი საეკლესიო აქტი, რომლითაც მცხეთაში აღდგენილი იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა და სრულიად საქართველოს ქათალიკოზი იქნა არჩეული, უბრალო გარეგნული ზეიმი იყო, რომელსაც არავითარი პოლიტიკური გავლენა არ მოუხდენია რესპუბლიკის საქმეებზე.

მაგრამ ეკლესიის წარმომადგენლების ხელში დარჩა ბევრი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საქმეები – მოქალაქის მდგომარეობის აქტების შედგენა, ქორწინება, რომელიც იურიდიულ საფუძველს ქმნის ოჯახისათვის, ნათვლა, რომლითაც აღინიშნება ადამიანის დაბადება – ყველა ეს ჯერჯერობით სავსებათ მღვდლების ხელშია. მღვდლების ხელშია აგრეთვე გარდაცვალების აღნიშვნა და განქორწინება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ურთიერთობებეში. და თუ რამე აღელვებს და აშფოთებს გლეხობას, ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც ყველას ეჩხირება თვალში: ერთის მხრით უაღრესად დემოკრატიული მმართველობა სოციალისტების წინამძღოლობით, ხოლო მეორე მხრით ზემო აღნიშნული წმინდა სახელმწიფოებრივ ფუნქციების მღვდლების ხელში დატოვება.

ამას ზედ ერთვის კიდევ ერთი გარემოება. ცხოვრების გაძვირების საოცარმა ზრდამ უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო მღვდლები და ისინი იძულებული გახდენ მღვდელ მოქმედების ფასი ასწიონ. თუ წინათ შეუმჩნევლად ხდებოდა ეს, დღეს ყველას თვალში ეჩხირება სულიერი მამების სიხარბე, რაც ერთნაირად აშფოთებს, როგორც ურწმუნო, ისე მორწმუნეებს. მღვდლების თვალთმაქცობას ფარდა აეხადა და ხალხმა აშკარათ დაინახა, რომ მათ ამოძრავებს არა ღვთის, არამედ საკუთარი ინტერესების სამსახური.

სახელმწიფო მოხელეა ამ გაუგებრობას ანგარიში გაუწიოს. ზოგიერთი სოფლები საჭიროთ სთვლიან, რომ მღვდლებისათვის იყოს ნიხრი დაწესებული. ჩვენ არა გვგონია ეს ზომა მიზანშეწონილი იყოს: ნიხრის დაწესება შეიძლება მხოლოდ მოხელეებისათვის. მღვდლები კი დემოკრატიულ ქვეყანაში,ს ადაც სინდისის და რწმენის თავისუფლება ბატონობს, ვერ დარჩებიან მოხელეებათ. მაშასადამე, საჭიროა, რაც შეიძლება ჩქარა გატარდეს ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკევება. ამისათვის კი პირველ ყოვლისა საჭიროა მეტრიკების შედგენა და ქორწინების აქტის შესრულება თვითმმართველობებს გადაეცეს, საჭიროა შეიცვალოს განქორწინების დახავსებული წესი და ეს უკანასკნელი საქმეც სამოქალაქო უწყებას გადაეცეს. ეს თვით ეკლესიისთვისაც ხელსაყრელი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს თვით სარწმუნოების სფეროს გაწმენდასაც: ნამდვილი მორწმუნენი ყოველ იძულების გარეშე თითონ შეჰქმნიან იმ ორგანიზაციას, რომელსაც საჭიროთ დაინახავენ. ეს მათი სინდისის საქმე იქნება. ზოგს ასეთი სარწმუნოება ექნება, ზოგს ისეთი. გამოჩდებიან ისეთებიც, რომელიც ყოველსავე სარწმუნოების გარეშე დგომას მოისურვებენ.

სახელმწიფოს აქ ხელი არ უნდა ჰქონდეს.

ვიმეორებთ, საჭიროა სარწმუნოებრივი ურთიერთობათა დროზე მოწესრიგება, რათა თავიდან აცდენილ იქნას მრავალგვარი გაუგებრობა, რომელსაც დღეს ადგილი აქვს დაბა-სოფლებში.

მსგავსი/Related

Back to top button