Placeholder canvas
ახალი ამბები

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 12 თებერვალს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც პროკურატურა მარნეულის ერთ-ერთი მკვიდრის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას ედავებოდა, გაამართლა.

თემურ აბაზოვმა გასული წლის თებერვალში, მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა და განმარტა, რომ „ასეთი ბრალდებით“ მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუ იგი მუშაობას კვლავ იმავე თანამდებობაზე გააგრძელებდა. აბაზოვი 2019 წლის ნოემბერში საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

პროკურატურაში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ მას შემდეგ რაც სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდება, უწყება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩირებს.

აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის ივნისში დააკავეს. მოგვიანებით, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მარნეულის აწ უკვე ყოფილი მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. ფილმში ჩანდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გინებისთვის ბოდიში მოახდევინეს და ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, სახეზე შარდი წაასმევინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button