Placeholder canvas
ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული ღირებულებებიდან საქართველოს უკუსვლის გამო შეშფოთებულია

ამერიკელმა კონგრესმენმა ტეხასიდან, რენდი ვებერმა 11 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიული ღირებულებებიდან საქართველოს უკუსვლისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. რენდი ვებერის წერილს წინ გახარიას სახელზე სხვა კონგრესმენების წერილები უძღოდა.

წერილში ამერიკელმა კანონმდებელმა რიგ წუხილებს გაუსვა ხაზი, მათ შორისაა: საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უარი ეთქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე; ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ; პოლიტიკური ოპონენტების, ახალი ოპერატორების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დევნა.

კონგრესმენმა ვებერმა აღნიშნა, რომ შარშან იგი კოლეგების მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს შეუერთდა, რომლის მიზანიც რუსეთიდან მომდინარე აშკარა გამოწვევების ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა იყო.

ვებერი აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ არის მიმართული საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება.

კონგრესმენი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების სტატისტიკასა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს გაუარესებულ რეიტინგსაც შეეხო. მან საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევებად საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიშიდან „სახელმწიფოს მიტაცება“ და „ძალაუფლების კერძო ხელში ჩაგდება“ დაასახელა.

ამერიკელმა კონგრესმენმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ამერიკული და ევროპული ბიზნესკომპანიებისთვის გაუარესებულ ეკონომიკურ გარემოს დაუკავშირა, რომლებიც, მისი თქმით, დევნის, კონტრაქტების გაუქმებისა და ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე დგანან. ამ კონტექსტში, ვებერმა კომპანია „ფრონტერა“ დაასახელა.

წერილში ასევე საუბარია Facebook-ის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გაეუქმებინა, რომლებიც ოპოზიციური შეხედულებების წინააღმდეგ „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდნენ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

კონგრესმენმა ვებერმა იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყანა „უარყოფით და გამაფრთხილებელ კონტექსტშია მოხსენიებული აშშ-ის მთავრობის ასიგნებათა კანონმდებლობაში“.

„მოწოდებები [საქართველოს წინააღმდეგ] სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების განხილვის თაობაზე სულ უფრო იზრდება აშშ-ში“, – წერს კონგრესმენი.

წერილის ბოლოს, კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამერიკული კომპანიებს საწინააღმდეგო ქმედებებზე, ხელს შეუწყობს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდას და საბოლოოდ იპოვის გზას, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ქართველი ხალხის თავისუფლებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button