ახალი ამბები

ქართული ოცნება ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნება ოპონენტებს საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია“.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს“.

მანვე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა 11 თებერვალს გავრცელებული განცხადების გამო, რომელშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების მნიშვნელობაზეა საუბარი.

მამუკა მდინარაძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ უერთდება ამერიკის საელჩოს მიერ განცხადებაში გამოთქმულ „გულისტკივილს“ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა.

„თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს“, – განმარტა მდინარაძემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება“.

მდინარაძისვე თქმით, ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა „მაღალი სტანდარტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვისა თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ამის მაგალითად მდინარაძემ  ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმისა და ზუგდიდის მერების, ასევე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის შემთხვევები დაასახელა, რომლებიც სწორედ კორუფციული ბრალდებებით დააკავეს.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს, რომლებიც უგულავას დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ, საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას სთავაზობს და მოუწოდებს სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტონ და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ.

ოპოზიციაში საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ 10 თებერვალს მას შემდეგ განაცხადეს, რაც იმავე დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა საბიუჯეტი სახსრების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით პატიმრობა შეუფარდა.

მდინარაძის მოწოდებას ოპოზიციაში ჯერ არ გამოხმაურებიან, თუმცა მანამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განმარტეს, რომ არსებულ ვითარებაში დიალოგის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და რომ ისინი მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადადიან, რაც პროტესტის სხვადასხვა ფორმას, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას გულისხმობს. მათვე 4 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციაც დაგეგმეს, სადაც ისინი საზოგადოებას მოქმედების დეტალურ გეგმას გააცნობენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button