ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ მარეკ შჩიგელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.

50 წლის მარეკ შჩიგელი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი ხნის სტაჟი აქვს, ამჟამად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების გამოწვევების ელჩად და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორად მუშაობს. მანამდე, 2011-2015 წლებში, იგი პოლონეთის ელჩი იყო ბუქარესტში, ხოლო უფრო ადრე, ვენაში – ეუთოსა და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შჩიგელის მანდატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 15 მარტიდან შევა ძალაში და 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი წინამორბედი ერიკ ჰოგი ამ პოსტზე 2019 წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე ორი წელი მსახურობდა.

2020 წლის პირველი იანვრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს ქეით ფიერონი ასრულებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებას უწევს მონიტორინგს, უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button