ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და პარტიაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატმა (2004-2012წწ) ჩიორა თაქთაქიშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვების შესახებ დაწერა და ნაციონალურ მოძრაობაში დემოკრატიულობის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითა.

„პირველ რიგში, მაწუხებს ის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არც ისე ბევრი თანამოაზრე დამრჩა“, – თქვა თაქთაქიშვილმა და იქვე დასძინა: „საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც“.

„ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას“, – განაცხადა მანვე.

„მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას“, – დაწერა თაქთაქიშვილმა.

მან ასევე წუხილი გამოთქვა, იმის გამო, რომ ბოლო 30 წელია, პოლიტიკაში ერთსა და იმავე ადამიანებს ხედავს, რომლებიც „ყველას თავს გვახვევენ თამაშის თავიანთ წესებს. წესებს, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, დღეს ერთი პოზიცია გქონდეს, ხვალ სხვა, დღეს ერთ პარტიაში იყო, ხვალ სხვაში, დღეს ერთი ძლიერი მოთამაშისგან ნახო სარგებელი, ხვალ სხვისგან, ოღონდ საპარლამენტო სავარძელი ან სხვა პრივილეგია არ დათმო“.

თაქთაქიშვილმა პოლიტიკური ლიდერებიც გააკრიტიკა, იმის გამო, რომ ისინი „სტატუს კვოს“ შენარჩუნებას ცდილობენ, რაც მისივე შეფასებით, იმიტომ ხდება, რომ „პარტიულ საქმიანობაში გაცილებით უფრო ნაკლებ ახალ და პერსპექტიულ ადამიანს მოუნდეს მისვლა, რადგან მათში კონკურენტებს ხედავენ“.

„სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს?“ – იკითხა მანვე.

„ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო“, – თქვა მან და იქვე დასძინა: „სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ 6 თებერვალს პარტიის კიდევ სამმა წევრმა – მარიამ გერსამიამ, ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემაც განაცხადეს და თქვეს, რომ ისინი პარტიულ საქმიანობას უკვე ორი წელია, თითქმის სრულად არიან ჩამოშორებულები და ამ გადაწყვეტილებით მათ „ფაქტობრივი მდგომარეობა ფორმალურთან“ მოჰყავთ შესაბამისობაში.

ნაციონალური მოძრაობიდან წასულები აცხადებენ, რომ ისინი რომელიმე სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button