Placeholder canvas
ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა

გასული წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესავია, გასული წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. იგი გასული წლის 26 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრის მცდელობას ედავებოდა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ მაჩალიკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რის შემდეგაც, სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ მაჩალიკაშვილთან მიმართებით, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

„საპროცესო შეთანხმების თანახმად, მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმის პროკურორის გიორგი მუკბანიანის თქმით კი, „ბრალდებულმა სხდომაზე სრულად აღიარა ბრალი“ . „მან არასადავოდ გახადა პროკურატურის მტკიცებულებები, მასში არსებული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში ანუ დაეთანხმა მის შინაარს…[აქედან გამომდინარე], მიჩნეულ იქნა მიზანშეწონილად საპროცესო შეთანხმების გაფორმება”, – განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ მუკბანიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button