ანალიზიახალი ამბებიდაწვრილებით

OSCE/ODIHR-ი საარჩევნო კოდექსში ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) 5 თებერვალს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელიც სახალხო დაცველის ნინო ლომჯარის თხოვნით მომზადდა.

ODIHR-ის ინფორმაციით, 2019 წლის 4 დეკემბერს, 29 ქართველმა დეპუტატმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ახალი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც ისეთ სისტემას ითვალისწინებს, სადაც ერთმანდატიან ოლქებში ორტურიანი სისტემის ნაცვლად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტის 73 წევრი მრავალმანდატიანი ოლქებიდან აიჩევა.

ამომრჩევლები ერთხელ მისცემენ ხმას და გაიმარჯვებენ ის კანდიდატები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ. პარლამენტის დანარჩენი 77 წევრი დახურული სიის სისტემით აირჩევა.

არსებული შერეული სისტემისგან განსხვავებით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების გადანაწილება მრავალმანდატიან ოლქებში  მიღებულ შედეგებთან იქნება დაკავშირებული. შემოთავაზებული სისტემის გაცხადებული მიზანი მიცემულ ხმებსა და მოგებული ადგილების რაოდენობას შორის მეტი პროპორციული შედეგის მიღებაა.

ODIHR-ის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „აღიარებს რა მიმდინარე დისკუსიებს შემოთავაზებული ცვლილებების კონსტიტუციორობასთან დაკავშირებით, ასევე ხაზს უსვამს რა, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციორობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნული სასამართლოების საქმეა, წინამდებარე მოსაზრება მიმოხილვისთვის წარდგენილ ცვლილებებს ეხება და მათ შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან, მათ შორის ეუთოს ვალდებულებებთან და კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას აანალიზებს, რისი მიზანიც კანონმდებლობის მიღებამდე ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენა და რეკომენდაციების მიცემაა“.

„საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუ არჩეული საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს შეესაბამება. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

დოკუმენტის თანახმად, „საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, რომ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები წარმოადგინონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება გულდასმით უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის შედეგად მიღებული“.

ODIRH ასევე წერს, რომ პროექტი „საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი ელემენტების, მათ შორის საარჩევნო სისტემის“ ცვლილებას ითვალისწინებს და რომ შემოთავაზებული ცვლილებები „არ ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც საყოველთაო, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლების პრინციპებთან შესაბამისობაზე იმოქმედებს“.

კარგი საერთაშორისო პრაქტიკა გვირჩევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტებში არ უნდა შევიდეს ცვლილებები, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. ორგანიზაციის თქმით, ცვლილება უნდა განხორციელდეს ორგანული კანონში შესწორებების შეტანით, რაც კონსტიტუციის თანახმად, შეიძლება პარლამენტში ხმების მარტივი უმრავლესობით შეიცვალოს“.

საერთაშორისო სტრანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ODIHR შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

  • შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების თაობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის ნება მკაფიოდაა გამოხატული, ბათილად არ იქნას ცნობილი;
  • გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ამ ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს მისცეს ხმა;
  • უზრუნველყოფილ იქნას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შედეგების შესაჯამებლად მიცემული ვადა საჭირო პერიოდს არ აღემატება და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაშია;
  • პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვეოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც შუალედური არჩევნები ჩატარდება;
  • განხორციელდეს ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მანდატების თანაბარი გადანაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის;
  • გადაიხედოს კანონპროექტი იმ დებულებების გამოსარიცხად, რომლებშიც ცვლილებები არ შედის, განისაზღვროს რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილ იქნას ცვლილებების შესაბამისობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან“.

პროექტის შემდგომ დახვეწაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ODIHR-ი რეკომენდაციას იძლება, რომ განხორციელდეს ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დებულებების შეტანა, ახალ მრავალწევრიან ოლქებში ადგილების თანაბარი გადანაწილების უზრუნველსაყოფად.

2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა (44 დეპუტატი), საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ხმა ოცნების მხოლოდ 57-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატის 113 ხმა იყო საჭირო.

რამდენიმეკვირიანი პროტესტის და მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს გამართეს საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატების და საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით. შეხვედრის მიზანი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსენსუსის მიღწევა იყო. თუმცა როგორც პირველი, ისე ყველა მომდევნო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button