ახალი ამბები

სენატორებმა ზალკალიანთან ქართული დემოკრატიის შესუსტების გამო შეშფოთება გამოხატეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში უმცირესობის ლიდერი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი 4 თებერვალს ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

„დღეს სენატორ შაჰინს და მე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან“, – განაცხადა სენატორმა რიშმა და აღნიშნა: „პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტების გამო“.

სენატორმა რიშმა თქვა, რომ აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ კურსს, თუმცა დაამატა, რომ „[საქართველოსაგან] კვლავაც უნდა დავინახოთ გაუმჯობესებისკენ [გადადგმული ნაბიჯები]. საქართველოსგან სრულყოფილებას არ ვითხოვთ, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რომ დემოკრატიულ კურსს სერიოზულად ეკიდება“.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, ქართულ ტერიტორიებზე, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ღობეების გადმოწევას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში და ყოველ ჯერზე მიწის მცირე მონაკვეთის ანექსიას ახდენს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და რომ მქონდა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე გვემსჯელა, კერძოდ, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიმართ საქართველოს ერთგულებაზე“.

„მე და სენატორ რიშს საქართველოს დემოკრატიისაკენ მშვიდობიანი სვლის ორპარტიული მხარდაჭერის ისტორია გვაქვს“, – განაცხადა შაჰინმა და დასძინა: „2012 წელს საქართველოს ისტორიულ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებად ვმონაწილეობდით. მისმა პროგრესმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. როგორც უკვე ვთქვი, დემოკრატია ხანგრძლივი ძალისხმევაა.“  სენატორმა შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო რუსეთის მხრიდან დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

„კვლავაც მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყონ სასამართლოს დამოუკიდებლობას, განახორციელონ საარჩევნო რეფორმები და პატივი სცენ [ამ პროცესში] სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც ისაუბრა. „[მქონდა] შესანიშნავი შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს დიდ მეგობრებთან – სენატორ რიშთან და სენატორ შაჰინთან“, დაწერა მან ტვიტერზე და იქვე დასძინა: „მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურ გზასს, ასევე – ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს სტუმრობს, სადაც რელიგიური თავისუფლების ალიანსის შეხვედრაში მონაწილეობას. გუშინ იგი German Marshal Fund-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. ზალკალიანი ასევე შეხვდა რესპუბლიკელ კონგრესმენ დევინ ნუნესს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button