ახალი ამბები

უფლებადამცველი ორგანიზაცია გამყოფ ხაზებზე ადამიანის უფლებების „მასობრივი დარღვევების“ შესახებ

ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC) ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ 2019 წლის განმავლობაში „გრძელდებოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო/გამყოფ ხაზებზე“.

ანგარიშის თანახმად, „განგრძობადი ბორდერიზაციისა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი ადგილების ე.წ. „სასაზღვრე“ ნიშნებით მონიშვნის, შემოღობვისა და მავთულხლართების აღმართვის შედეგად სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა არაერთმა ადგილობრივმა მოსახლემ დაკარგა კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის დამუშავების გზით მიღებული მოსავალი წარმოადგენდა მათ მთავარ საარსებო წყაროს“.

„რამდენიმე შემთხვევაში, უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, მოსახლეობამ კუთვნილ მიწასთან ერთად დაკარგა საკუთარი სახლიც, რომელიც ახალი ე.წ. „სასაზღვრე“ ნიშნების აღმართვის შემდეგ, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ ადამიანების თვითნებურ დაკავებას იმ ტერიტორიებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მანამდე თავისუფლად შეეძლო შესვლა.

„უკანონო ბორდერიზაციის“ შესახებ საუბრისას, ანგარიში ჩორჩანაში, გუგუტიანთკარსა და ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშში ასევე საუბარია ოკუპირებული რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვაზე, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტში არსებულ „ჰუმანიტარულ კრიზისზე“.

„დაბა ახალგორისა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და ახალგორში მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი აქვს დამყარებული, როგორც „მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობით, ასევე – ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციებისათვის არსებითი ხასიათის მხარდაჭერის გაწევითა და საარსებო რესურსების უზრუნველყოფით (მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დაფინანსებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებითა და შესაბამისი ბენეფიტების უზრუნველყოფით)“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

  • რუსეთის ხელისუფლებას და ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გახსნას ოძისის გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ახალგორს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს. ასევე, დაბა ახალგორში შესვლის ნება დართონ საერთაშორისო მონიტორინგის მისიებსა და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს;
  • რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს უკანონო „ბორდერიზაცია“ და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე. აგრეთვე, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
  • საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და გამყოფ ხაზებზე ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების შესაჩერებლად; გაააქტიუროს პატრულირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე იმ სოფლებში, სადაც ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და „ბორდერიზაციის“ ფაქტები; განახორციელოს მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა გამყოფი ხაზის მიმდებარე მაღალი რისკის ადგილებში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button