ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

აშშ-ის ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა, გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა და უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს, განაგრძოს დასავლეთთან ინტეგრაცია, შეეცადოს და შეებრძოლოს რუსეთის მადესტაბილიზებელ ქმედებებს, რომლებიც იმ პროგრესის შეფერხებისკენაა მიმართული, რომელსაც საქართველომ წლების მანძილზე ბეჯითი შრომით მიაღწია და, რა თქმა უნდა, გააძლიეროს საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.

თავის მხრივ, მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ მას კელი დეგნანთან „შესანიშნავი შეხვედრა“ ჰქონდა. „აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული რჩება. მოუთმენლად ველი ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩვენი პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – დაწერა მან Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ მათ ბევრი ის საკითხი განიხილეს, რაზეც ორი ქვეყანა ერთად მუშაობს.

დეგნანის თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან და ქართველ ხალხთან მუშაობას „რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე“, როგორიცაა დასავლეთთან ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერება, რუსეთის მიერ საქართველოს პროგრესის შეფერხების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა.

მოგვიანებით, 31 იანვარს, ახალი ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გვახარიას შეხვდა და სხვა თემებთან ერთად, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ასევე აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის საკითხები განიხილა.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს შემდგომ დემოკრატიზაციაზე. ეს წელი მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button