Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო PACE-ს რეზოლუციაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 30 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რომელიც 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის პერიოდში რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ასამბლეის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

რეზოლუცია, რომელიც როჯერ გეილის (გაერთიანებული სამეფო) ანგარიშს ეფუძნება, 27-31 იანვარს სტრასბურგში გამართული PACE-ს ზამთრის სესიაზე 49 ხმით 17-ის წინააღმდეგ მიიღეს; ასამბლეის სამმა წევრმა კი თავი შეიკავა.  აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეებს შორის არიან ქართული ოცნების წევრი ირაკლი ბერაია, ასევე ცხრა რუსი და შვიდი თურქი დეპუტატი.

მონიტორინგი განხორციელდა 10 ქვეყანაში, მათ შორის ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში, სერბეთში, თურქეთსა და უკრაინაში, ასევე მონიტორინგის შემდგომ დიალოგში ჩართულ სამ ქვეყანაში – ბულგარეთში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

 

რეზოლუციის თანახმად, PACE მიესალმება დადებით განვითარებებს და პროგრესს, რომელიც საანგარიში პერიოდში იქნა მიღწეული, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი რეგლამენტის მიღებას, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ითვალისწინებს, ასევე ყველა მხარეს შორის ფართო შეთანხმებას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის თაობაზე, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და მართლმსაჯულების ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფაა.

თუმცა, იმავდროულად, PACE-მ შეშფოთება გამოხატა საქართველოსთან დაკავშირებით მთელ რიგ საკითხებზე, რომელთა შორისაც დაასახელა „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ 2020 წლისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიუღებლობა; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სავარაუდო ინციდენტების და საარჩევნო კოდექსის დარღვევის არასათანადო გამოძიება; იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის მკაფიო და ერთიანი შერჩევის კრიტერიუმების არარსებობა; საკუთარი დისკრეციული უფლების ვერგამოყენება, რომ მიეღო სრულყოფილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, რომ 2020 წლის არჩევნებამდე „ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება უზრუნველყოს, რომელსაც ყველა მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება; სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ დასკვნაშია ფორმულირებული; სწრაფად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და უზრუნველყოს პოლიტიკური გარემოს პოლარიზების აღმოფხვრა“.

PACE-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე „ბორდერიზაციის და მცოცავი ანექსიის“ თაობაზე და რუსეთის  ფედერაციას მათი შეწყეტისკენ მოუწოდა.

რეზოლუციის მიღებამდე გამართულ დებატებზე ასამბლეას ქართული ოცნების დეპუტატმა სოფიო კილაძემ და ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმაც მიმართეს.

თავის გამოსვლაში გიორგი კანდელაკმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე ისაუბრა.  

მისი თქმით, 2019 წლის ივნისში, როდესაც „საქართველოს საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის [საქართველოს] პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის და ქართული ოცნების [თავმჯდომარის, ბიძინა] ივანიშვილის მიერ მისი მოწვევის გამო, ოლიგარქმა – ეს სხვა პრობლემაა, რომ ის ქვეყანას მართავს – პირობა დადო, რომ პრორციულ საარჩევნო სისტემაზე მოხდებოდა გადასვლა, რასაც ევროპის საბჭოს წლებია ითხოვს საქართველოსგან“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ „სამწუხაროდ ნოემბერში ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატების ყალბი ამბოხება დადგა“. „ახლა ჩვენ, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, დიალოგს ვაწარმოებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც რეზოლუციის პროექტი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს დიალოგის შედეგი, ის ყველა მხარის ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – განაცხადა კანდელაკმა. მისი თქმით, ეს „მომავალი არჩევნების სანდოობის და ლეგიტიმურობის მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

„მთავარი საკითხი საქართველოსთვის ისაა, შეძლებს თუ არა ის ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით, ცივილიზებულად, არა მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა მან.

შემდეგ მან სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა „სანდო მოთამაშეს“შორის კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის  დანიშვნას მთელი რიგი ხარვეზები ახლდა. „ეს არის ის, რასაც შემდგომი ყურადღება ესაჭიროება იმისათვის, რომ არ მოხდეს დანარჩენი ადგილების დაკომპლექტება ისეთი კანდიდატებით, რომელთა ერთადერთი კვალიფიკაციაც ქართული ოცნების პოლიტიკური მოკავშირეობაა“, – დასძინა კანდელაკმა.

თავის მხრივ, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები“ საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია. მისი თქმით, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება და თანმიმდევრული გადასვლა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლის საარჩევნო ციკლისთვის, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის გაძლიერებისა და შეუქცევადობისთვის აუცილებელია.  

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, კილაძემ აღნიშნა, რომ „პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვქონდა მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის ძალიან გამჭირვალე და ღია პროცედურა“.

მმართველი პარტიის დეპუტატმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სესიის დროს, რუსული დელეგაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ასამბლეა, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი ადამიანის უფლებათა იმ დარღვევებზე, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქვს ადგილი.

„მაგრამ როგორც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მათ იციან სიმართლე, მათ იციან, რომ ეთნიკური ქართველები ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა მან.

„გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის რეალური სახეა“, – განაცხადა მან. „საქართველოს ასამბლეის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანების დასაცავად, რის გარეშეც ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას იმ ღირებულების დაცვაში, რაც ამ ორგანიზაციის ყველა წევრს აერთიანებს და ესაა ადამიანის უფლებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button