ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვალა და ის კვლავ 9.0% დარჩა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც სებ-ის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ჯამში, 4 სექტემბრიდან დღემდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 2.5 პროცენტული პუნქტით – 6.5%-დან 9.0%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ამავე ინფორმაციით, 2019 წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. სებ-ში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გაამყარა, რამაც ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, „ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება“.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობა გახდეს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. აღნიშნულს უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ სამ პროცენტამდე არ შემცირდება.

2020 წლის ბიუჯეტში მთავრობამ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3.5%-ით განსაზღვრა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ სებ-ში და იქვე დასძენენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის 18 მარტს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button