ახალი ამბები

სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 27 იანვარს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი (2014-2017 წლები) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავად ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს.

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ რეგიონის 7 ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირი 2019 წლის მაისში დააკავა.

ბათუმის ყოფილ მერთან ერთად დაკავებულთა შორის იყვნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ბაგრატ მანველიძე; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – არჩილ ვანაძე; ბათუმის ვიცე-მერი – თენგიზ პეტრიძე; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ეგარსლან ლომაძე; ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე – ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი – ბექა ხალვაში.

მაშინ აჭარის პროკურატურამ განმარტა, რომ ხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ, 2015 წლის ოქტომბერში ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის მშენებლობისთვის ტენდერი ერთი კომპანიის ინტერესებზე მორგებით გამოცხადდა.

საგამოძიებო უწყებამ ასევე განმარტა, რომ საბოლოოდ, ბათუმის მერიამ ტენდერი ბაზრის კვლევის გარეშე, სწორედ ამ კომპანიის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“ მიიღო.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, არჩილ ვანაძის გარდა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასამართლომ ბრალი გულგრილობაში დასდო და მათ მუხლი გადაუკვალიფიცირა.

თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე,  ვლადაიმერ ხინთიბიძე და ბექა ხალვაში, რომლებიც  2019 წლის 16 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ და წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდნენ,  20 000 ლარიან ჯარიმას გადაიხდიან.

ეგარსლან ლომაძე კი, 25 000 ლარაინ ჯარიმასთან ერთად, ერთ წელსა და 6 თვეს საპატიმროში გაატარებს. იმის გთვალისწინებით, რომ ლომაძე უკვე 8 თვე წინასწარ პატიმრობაშია, პენიტენციურ დაწესებულებას ის 8 თვეში დატოვებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button