ახალი ამბები

ომბუდსმენი პატიმრებთან მისი „კონფიდენციალური“ ვიზიტების „უკანონოდ“ გასაჯაროებაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ომბუდსმენის პატიმრებთან „კონფიდენციალური“ შეხვედრის შესახებ „დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს“ ეხმაურება და ამბობს, რომ „იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული“.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 23 იანვარს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდნენ და ისინი ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს შეხვდნენ.

სამსახურისვე ინფორმაციით, ომბუდსმენმა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრაც მოითხოვა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი თავად განაცხადა.

24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ლომჯარიამ განმარტა, იუსტიციის მინისტრისა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების მხრიდან „უკანონოდ შენახული ვიდეოთვალთვალის მასალებისა“ და ნებართვის გარეშე, „სახალხო დამცველის პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით“, ომბუდსმენის ოფისის 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში „უპრეცედენტო“ რამ მოხდა.

„ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ იუსტიციის მინისტრი საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დანაშაულებრივ ქმედებებში რთავს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც. ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა“, – განმარტა ნინო ლომჯარიამ.

მან იქვე დასძინა, რომ „აღნიშნული ქმედებები თეა წულუკიანის მხრიდან მისი ან მისი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას სცილდება და „ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“.

სახალხო დამცველმა ასევე განმარტა, რომ ბოლო დღეების ფაქტებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატიმრებს „ძალიან სახიფათო გზავნილები“ გაუგზავნა, „რომ მათი ურთიერთობა, კომუნიკაცია და შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს“.

„თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსტიტუტის მიმართ ჩვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს, და გაზრდის არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში“, -განაცხადა ომბუდსმენმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს:

  • პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს გააკეთონ სახალხო დამცველის საქმიანობის მხარდამჭერი განცხადებები;
  • საქართველოს მთავრობას, რომ ომბუდსმენს მისცენ საკუთარი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების, ასევე მომავალში პატიმრებთან მათი ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიები;
  • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე;
  • იუსტიციის მინისტრს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათ ოჯახებზე, იფიქროს რა შედეგები მოჰყვება მის ამგვარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

პენიტენციური სამსახურის პასუხი

სახალხო დამცველს დღესვე განცხადებით უპასუხეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და განმარტეს, რომ უწყების მხრიდან არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ დარღვეულა. ამასთან, სამსახურისვე განმარტებით, სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც შეხვედრა თავად სურდა და „შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა“.

„შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე“, – ვკითხულობთ პენიტენციურ სამსახურის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button