ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასეს

21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მოუსმინა, რომელთაც ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება, რასაც წინ უძღოდა საქართველოს ოფიციალური პირების მოხსენებები:

მარინა კალიურანდი (ესტონეთი, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი): „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლების და მათი მარიონეტების მხრიდან პროვოკაციები კვლავ გრძელდება და ვიტყოდი, რომ ეს ხდება მიუხედავად რუსეთის ფორმალური ინტეგრაციისა ევროპის საბჭოს სტრუქტურებში. ვხედავთ, რომ რუსეთი განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევას, სამხედრო წვრთნებს, პროპაგანდას, მცოცავი ანექსიის სტრატეგიას, ხოლო „ბორდერიზაციის“ პროცესი მთელ რეგიონს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

განახლებული დაძაბულობა, კერძოდ კი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, დასახელდა გამშვები პუნქტების თვითნებურად დახურვის საბაბად, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილება კიდევ უფრო შეუზღუდა და გაყო თემები, რომლებიც ადრე მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ… ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ორივე ოკუპირებულ რეგიონში უარესდება. პირდაპირ რომ ვთქვა, ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ არ აქვთ წვდომა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ჩვენ ყველანი მივესალმეთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ეს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო, მაგრამ მე სრულად ვეთანხმები, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ათობით უცნობი სოფლის მოსახლე, რომელთაც ყოველწლიურად თვითნებურად აპატიმრებენ, აკავებენ და აჯარიმებენ იმის გამო, რომ ე.წ. საზღვარზე გადადიან.

ასევე უნდა განვახორციელოთ მონიტორინგი აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, სადაც შარშან სექტემბერში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტისა. ოპოზიციასთან რამდენიმე კვირიანი დაძაბულობის შემდეგ, ე.წ. პრეზიდენტი გადადგა. საბედნიეროდ, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სიტუაცია არასტაბილური რჩება და ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ ფონზე, როდესაც ახალი „არჩევნები“ ახლოვდება. დასასრულს მინდა განვაცხადო, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კრემლის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმების არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მოლაპარაკებების და დიპლომატიის გზით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.“

სანდრა კალნიეტე (ლატვია, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები): „მე ვისაუბრე შიდა სიტუაციაზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე… მე სახალხო მოძრაობების ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ გამოიყვანს ათიათასობით ადამიანს ქუჩაში. ამას ბევრად უფრო ღრმა მიზეზები აქვს და თქვენ ამწუთას ახსენეთ ფაქტი (მიმართა ვიცე-სპიკერ კუჭავას), რომ საქართველოში იზრდება მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ, მაგრამ იმავე საზოგადოებრივ გამოკითხვაში, ასევე ნახავდით, რომ ქართველი ხალხის აზრით, დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში უკუსვლაა და ეს შემაშფოთებელია, რადგანაც ევროკომისია და ევროპარლამენტი, ჩვენ ყოველთვის დიდი მხარდაჭერით ვადევნებდით თვალს საქართველოს, რაც შეიძლება მეტად ვცდილობდით მის მხარდაჭერას და ხელშეწყობას.

მაგრამ თუ შევადარებთ უკრაინას, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ომი აქვს და შეუჩერებლად ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, და იმ ფაქტს, რომ თქვენ ვერ შეასრულეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მიცემული დაპირება, ეს საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ბევრი ლიდერი მომავალში ციხეში მოხვდება – ეს არის ის, რისი მიღებაც ძალიან ძნელია. ის ფაქტი კი, რომ ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხუთწლიანი სიჩუმის შემდეგ განახლდა, ძალიან სიმბოლურია.“

ანა ფოტიგა (პოლონეთი, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები): „მინისტრო, მადლობა თქვენი ინფორმაციისთვის, შემიძლია თქვენი განცხადების ყველა სიტყვას გამოვეხმაურო. ცალსახაა, რომ სიტუცია გაუარესებისკენ მიდის. ჩვენი უკვე ბევრი წელია ვაკვირდებით არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენი დამკვირვებლებისთვის ძალიან ცუდი ვითარებაა და ეს საკითხი ჩვენ მკაცრად უნდა დავაყენოთ რუსეთის მთავრობის და პარტნიორების წინაშე. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან ფხიზლადაა და ესმის სიტუაცია. ამიტომ, მიეცა საშუალება მოსკოვის იდეოლოგებს, საქართველოს პარლამენტში ესაუბრათ, რამაც პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ასევე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, რუსეთი მით უფრო მტკიცე გახდება”.

მაიკლ გალერი (გერმანია, ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები): „თქვენი ევროპული ორიენტაციის მიმართ ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენი ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, თქვენ ცდილობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ჩავარდნა შემოგვასაღოთ, როგორც ქართულ ოცნებაში პარტიული დემოკრატიის მაღალი დონის მიზეზი – ვგულისხმობ, რომ პარლამენტის რამდენიმე წევრმა თქვენი პარტია დატოვა – გულახდილად თქვით, ასე არ იყო, ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს, აშკარად, ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით. თუ თქვენ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ეს ასე იყო.“

რასა იუკნიავიჩენე (ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი/ქრისტიან-დემოკრატები): „მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის. ეს იქნება გამოცდა დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით და თქვენ საქართველოს ბევრი მეგობარი გყავთ ევროპარლამენტში, არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს მეგობრები. თუმცა, არსებობს წუხილები, როგორ ჩააბარებს მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. და მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს ან ჩივის ქვეყანაში ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესი და როდესაც ვხედავთ თავდასხმებს ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიასა და მომიტინგეებზე, ეს არ გეხმარებათ თქვენ – საქართველოს – მეტი მეგობარი შეიძინოთ ევროპარლამენტში, მეტი ხალხი დაარწმუნოთ, რომ მხარი დაგიჭირონ ევროპულ გზაზე. ეს არის, რისი თქმაც მინდოდა და გადამეცა ჩემი მოსაზრებები ჩემი მეგობრებისთვის ქართულ ოცნებაში, მათ შორის მისი ლიდერისთვის, ივანიშვილისთვის“.

ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი/ქრისტიან-დემოკრატები): „რაც შეეხება მომავალ არჩევნებს: როდესაც ევრონესტის სხდომა გვქონდა, მე, როგორც ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბევრი შეხვედრა ჩავატარე როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტიის ლიდერთან. ამრიგად, მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი ძალიან მარტივი გზავნილი გადასცეთ თქვენი პარტიების ლიდერებს. ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგი შედეგს გამოიღებს და საარჩევნო კანონმდებლობაში პროპორციული ელემენტი შევა. ისევ ველი, როდის დადგება შედეგი, რადგანაც ამ შედეგის გარეშე, საერთაშორისო ნდობა არჩევნების მიმართ ძალიან დაბალი იქნება. და ბოლოს, შეგიძლიათ მითხრათ, არსებობენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც გენერალურ პროკურატურაში არ დაუბარებიათ?“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button