რესპუბლიკის ამბები

ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება საზეიმოდ აღნიშნეს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 23 იანვარი, N16

დამოუკიდებლობის აღიარების გამო

ქ. ახალციხე. 12 იანვარს, დღის 3 საათი იქნებოდა გაისმა ზარების ხმა. ზარების მოულოდნელმა ხმამ ხალხი შეაშინა, ეგონათ, რაღაც უბედურება ეწია ქალაქსო, მაგრამ მალე გამოირკვა: არა უბედურება, არამედ სასიხარულო ამბავი: მოკავშირეების მიერ საქართველოს და ადებეიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკათ ცნობა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს დაწესებულებებში მოსამსახურეების გული არ უდგებოდა, ერთმანეთს ეხვეოდენ, კოცნიდენ და ულოცავდენ სასიხარულო ამბავს.

ქუჩებში შეიქმნა არაჩვეულებრივი მოძრაობა. ერობამ მაშინვე შეუკვეთა სტამბას დაებეჭდა დეპეშები და გაეკრათ ქუჩებში. საყდრებში გადაიხადეს პარაკლისი.

საღამოს კლუბში ქალაქის თავმა ამცნო ხალხს: მოკავშირეების მიერ საქართველოს და ადერბაიჯანის ცნობა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან თავის სიტყვა დაამთავრა: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო. გაისმა: ვაშა, ურა, მუსიკამ შეასრულა ეროვნული ჰიმნი.

13  იანვარს ქალაქი იღებს არაჩვეულებრივ სახეს. დილიდანვე დუქნები და სავაჭროები დაკეტილია. სახლები მორთულია ეროვნული დროშებით და ნოხებით. დაწესებულებებში მუშაობა შეწყვეტილია და ყველა სადღესასწაულოთ მორთულები ქუჩებში გამოდიან.

დილით 10 საათზე გამოდის შეიარაღებული ჯარი და გვარდია. წინ მუსიკა მიუძღვის, მერმე ჰარის ხელმძღვანელები, მას მოჰყვება გვარდიის წითელი დროშები, შემდეგ – გვარდია და კარი. გაივლიან რამდენიმე ქუჩას, მერმე მოვლენ ქალაქის ბაღთან და გამწკრივდებიან. აქ მოდის ქალაქის ამქრები, პროფესიონალურ კავშირების მუშები, ქალაქის მოსამსახურეები და აურებელი ხალხი.

საათის 12-ზე გენერალი არჯევანიძე ესალმება ჯარს და ულოცავს სასიხარულო ცნობას. ისმის ვაშა, ურა, მუსიკა, ზარბაზნის ქუხილი და ზარების ხმა.

ერობის თავმჯდომარე მელიქიშვილი პირველი ადის ტრიბუნაზე, ხსნის კრებას და კითხულობს დეპეშას, ისევ ისმის ვაშა, ურა და მუსიკა უკრავს მრავალჟამიერს.

გვარდიის სახელით ლაპარაკობს ამხანაგი ვ. ალიხანოვი, ის გრძნობიერი სიტყვით მიმართავს მოზღვავებულ ხალხს, წაავლებს წითელ დროშას ხელს და ამბობს: აი ამ წითელი დროშის შრომის ნაყოფია დღევანდელი ზეიმიო.

შემდეგ ლაპარაკობენ: დამფუძნებელი კრების წევრი ოსმან მიქელაძე (თათრულათაც), ქალაქის თავი ქართულ-სომხურათ. ადგილობრივი  ორგანიზაციის სახელით შინაარსიან სიტყვას ამბობს: ამხანაგი ხელაძე, სოციალისტ-ფედერალისტების სახელით აკაკი ფაღავა, დაშნაკელების წარმომადგენელი და მოქალაქე აზნაუროვი.

ქვაყუდელი

მსგავსი/Related

Back to top button