ახალი ამბები

ნიდერლანდების და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი, რომელიც 22 იანვარს საქართველოს სტუმრობს დღეს თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „ხანგრძლივი და საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობები“ აქვს.

„ჩვენი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნიდერლანდები საქართველოს მე-12 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მისი მეორე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი“, – განაცხადა ბლოკმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს „საქართველოს ეკონომიკისა და მომავალი შესაძლებლობების მიმართ ნდობის“ მაჩვენებელია.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თვალსაზრისით, რომელიც „ნამდვილად გახდა მაგალითი“ რეგიონისთვის „ბეჯითი მუშაობის და რეფორმების წყალობით“.

„ამიტომ, მოუთმენლად ველი თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს წელს. არჩევნების მოახლოებამდე, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას“, რაც მისი თქმით, საქართველოს უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად აქცევს.

მისი თქმით, ნიდერლანდები „არის და დარჩება მოკავშირე საქართველოს რეფორმების პროცესში“. ბლოკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევა, განახორციელოს რეფორმები „განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების კუთხით არსებული იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“.

გამოხატა რა „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ნიდერლანდების მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ბლოკმა დასძინა, რომ ნიდერლანდები დიდად აფასებს საქართველოს როგორც ნატოს პარტნიორის ძალისხმევას და ევროკავშირი-საქართველოს ძლიერ ურთიერთობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ორმა მინისტრმა პოლიტიკური დიალოგის და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის უსაფრთხოების, ვაჭრობის და ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით.

დღესვე სტეფ ბლოკი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ქეით ფიერონთან ერთად სოფელ ოძისის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზს ესტუმრა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა თავის Twitter-ზე, რომ იგი თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 იანვარს სტეფ ბლოკი სომხეთის ოფიციალურ პირებს ერევანში შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button