ახალი ამბები

არასამთავრობოთა აზრით, იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“,„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, შეშფოთებას გამოთქვამენ 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო“.

ორგანიზაციები წერენ, რომ აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, „უხეშად არღვევს“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი, „ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“. განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს“.

21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა და მიმოიხილა N2, N8, N14 და N15 დაწესებულებათა მონიტორინგის შედეგები.

სახალხო დამცველის თქმით, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც სხვათა შორის, პატიმრებთან მონიტორინგზე შესული ომბუდსმენის წარმომადგენელი გააკრიტიკა. კერძოდ, წულუკიანმა ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში“. მინისტრმა სხდომაზე დამსწრეებს შესაბამისი კადრების ამსახველი ვიდეოც აჩვენა. მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ მონიტორინგის ვიდეო გაავრცელა.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ „პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“. მათი თქმით, აღნიშნული „მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.“

განმცხადებლები ხაზს უსვამენ, რომ ამ მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს. მათი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით აიღო  „სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება“. ორგანიზაციები შეახსენებენ საზოგადოებას, რომ „ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ „მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;“

ისინი ასევე წერენ, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის  თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ “იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს“.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ არამხოლოდ სახალხო დამცველის, არამედ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის ანგარიშშიც წერია „უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებული ძალადობის შემთხვევებსა და ე.წ. მაყურებლების გავლენაზე“.

ამასთან, ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ „პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button