ახალი ამბები

არასამთავრობოების კოალიცია: დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალეა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ შეაჩეროს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი.

20 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კოალიციამ განაცხადა, რომ კანონმდებლობით ამ დრომდე არ არის შექმნილი ინსპექტორის საქმიანობისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები. „მას თანამდებობაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შერჩევა-დანიშვნის პროცესზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს – საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

დამოუკიდებელ ინსპექტორს საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა 2019 დეკემბერს მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან ცინცაძე პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა.

მომდევნო დღეს, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა და საბუთების მიღების ვადად 17-26 დეკემბერი განსაზღვრა. კოალიციის თქმით, საბჭომ 14-15 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრებები დახურულ რეჟიმში ჩაატარა ისე, რომ რაიმე ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებზე, ასევე გასაუბრებების შესახებ, ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია.

კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ „უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა, დახურულ ფორმატში ჩატარებული გასაუბრებების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ასევე არ მოგვეცა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა“. მან მოუწოდა საბჭოს, რომ უზრუნველყოს კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება და მათთან გასაუბრებები წარმართოს ღია სხდომაზე.

კოალიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლო სისტემაში კლანის გავლენების და მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული მანკიერი გარიგების გათვალისწინებით, კონკურსის გაუმჭვირვალედ ჩატარება კიდევ უფრო ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიმართ საზოგადოების ნდობას“.

ანალოგიური წუხილები კოალიციამ 2017 წელს, წინა დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის დროსაც გამოთქვა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპონდენტებმა სასამართლოები (45%) და პარლამენტი (57%) ყველაზე უარყოფითად შეაფასეს. მათი დადებითი შეფასება, შესაბამისად, 10% და 9%-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button