ახალი ამბები

OSCE/ODIHR მიესალმება უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებაზე მმართველი გუნდის განცხადებას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) მიესალმება განცხადებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი „ამ ეტაპზე შეჩერებულია“.  

ამასთან, 15 იანვარს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ODIHR-მა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობის სურვილი „პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და მოსამართლეთა დანიშვნის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით“.

2019 წლის მაისში გამოცხადებული კონკურესის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 20 ვაკანტური ადგილის შევსებას გეგმავდა, თუმცა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მხოლოდ 14 მოსამართლე აირჩია.

26 დეკემბერს გამართული ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კიდევ ექვსი კანდიდატი წარადგინა.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ 13 იანვარს თქვა: „ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. ამ მოწვევის პარლამენტმა 28-დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს“. ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის კიდევ 6 კანდიდატის შესარჩევი პროცესი პარლამენტში შეჩერებულია.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) 9 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებულ მეორე ანგარიშში განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს არეგულირებენ, მართლმსაჯულების სფეროს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან თავისუფალი იქნება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button