Placeholder canvas
Newsახალი ამბები

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის პოლიტიკოსები NDI-ის უახლეს კვლევას ეხმაურებიან

მმართველმა პარტიისა და ოპოზიციის პოლიტიკოსებმა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შეაფასეს.

„სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge) გთავაზობთ ამ გამოხმაურებებს.

კახა კალაძე, ქართული ოცნების გენერალური მდივანი/თბილისის მერი: „მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პირადად ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ, ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან, ხალხთან აწყობილი… როგორც უნდათ, ისე დაწერენ ციფრებს, ამის პრობლემა არ აქვთ. NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, მე იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ადრე ვსაუბრობდი. მე მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციები, რომ საზოგადოება, გარკვეულწილად, შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა“.  

სალომე სამადაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ქვეყანაში ცვლილება იმიტომ, რომ მმართველ პარტიას, რეალურად, 80% უკვე ჩვენი ამომრჩევლის ხმას აღარ აპირებს რომ მისცეს. ახლა ამოცანა, მთავარი ამოცანა, ოპოზიციური პარტიების და, პირველ რიგში, ჩვენი პარტიის არის, რომ დავარწმუნოთ სწორედ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, ეს არის სწორედ გაგრძელება იმ ზოგადი დამოკიდებულების, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ ძალიან კარგად, რომ პარლამენტი არ არის რეალურად ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, არამედ ის გადაიქცა ივანიშვილის პირად დაქვემდებარებაში მყოფ უწყებად, რომელიც მის დაკვეთებს აფორმებს“.

გიგა ბოკერია, ევროპული საქართველო: „ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და მისი კლოუნების ამ არმიამ. ისტორიული ანტირეკორდი ადამიანების რაოდენობის, რომელიც თვლის რომ ქვეყანა მიყავს ამ ხელისუფლებას არასწორი მიმართულებით, მიყავს პოლიტიკური უფსკრულისკენ, ვიმეორებ, ისტორიული ანტირეკორდი არის ისევე, როგორც დემოკრატიის ხარისხის შეფასების თვალსაზრისით ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის და ეს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ იმას, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები“.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „მთლიანობაში, გამოკვლევებმა აჩვენა, რა თქმა უნდა, სავალალო ვითარება, რაც ჩამოყალიბდა ოლიგარქიული მმართველობით ჩვენს ქვეყანაში. ნათლად მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდულია, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩამოშლილია, რომ არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა არსებულ რეჟიმს ხალხში არ დარჩა, რომ არანაირი დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, რომ არანაირი ავტორიტეტი მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას, პარლამენტს არ გააჩნია, სამწუხაროდ, მათში მოხვდა საპატრიარქოც, ეს ობიექტური მიზეზების გამო. ეს მთელი კვლევების შედეგები არის არა გამოკითხულთა, ან ენდიაის ბრალი, არამედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ამ საყოველთაო ქაოსამდე. ეს არის კარგი ჭკუის სასწავლებელი დღევანდელი და მომავალი პოლიტიკოსებისათვის იმის თაობაზე, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button