რესპუბლიკის ამბები

ბათუმის მუსლიმი და ქრისტიანი ქართველები ჟორდანიას დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ

ერთობა, 1920 წლის 14 იანვარი, N9

ბათუმიდან (მთავრობის თავმჯდომარეს)

ქართველი მუსულმანობა მთელ ქართველ ერთან ერთად ზეიმობს მოკავშირეთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას. გვწამს, რომ მალე დადგება სანატრელი ჟამი ბათუმის ოლქის დედა სამშობლოსთან შეერთებისა. ხელოვნურათ მოწყვეტილნი დედა სამშობლოსთან მოუთმენლად მოველით ამ სანატრელ დროს. თქვენი ბრძნული საქმიანობა სამშობლოსადმი თავდადება თავდებია იმისა, რომ ეს ჟამი შორს არ არის.

სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძე

ბათუმის ქართველ მუსლიმანთა და ქრისტიანთა ეროვნულ საბჭოსაგან: მოკავშირეთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო აღფრთოვანებით მოგესალმებით თქვენ ჩვენი საყვარელ სამშობლოს ღირსეულ ბელადს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ნავი გამოცდილი ხელით ზღვის აბობექრებული ტალღებიდან მიიყვანს საიმედო ნავთ სადგურისაკენ.  ბათუმის ქართველთა სახელით განურჩევლათ სარწმუნოებისა გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. გამოვსთქვამთ ღრმა რწმენას, რომ საქართველოსაგან ხელოვნურათ მოწყვეტილი მისი განუყოფელი და განუყრელი ნაწილი ბათუმის ოლქი, მალე შეუერთდება დედა სამშობლოს. გაუმარჯოს გაერთიანებულ დამოუკიდებელ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელოვან მთავრობას.

მსგავსი/Related

Back to top button