ახალი ამბები

საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 14 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს 95 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

საქართველოსთან მიმართებაში ანგარიშში რამდენიმე წუხილია ჩამოთვლილი, მათ შორის პოლიციის მიერ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა, შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულირება, რაც „რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას“; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია.

ანგარიშის თანახმად, „2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა“. 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც „პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა“.

HRW-მა ხაზი გაუსვა, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“. ამ კონტექსტში, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სამივე პოლიციელი, რომელთაც ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წარედგინათ, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. თავდაპირველად ბრალწაყენებული 19 მომიტინგიდან 15 კი კვლავაც წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ორგანიზაცია საქართველოში შრომით უფლებების მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე.“ „არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას“, წერია ანგარიშში.

ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეფასებისას უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე დავაში, „რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში“.

„გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში HRW-ი ასევე აცხადებს, რომ პროკურატურამ გვარამიას, რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ დირექტორია, „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის, „ტვ პირველის“, დამფუძნებლის მამას.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, პარლამენტში კვლავ განუხილავი იყო ამ ანგარიშის მომზადების დროს“.

ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტ პირების უფლებებზე საქართველოში, კერძოდ კი ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაზე, ასევე მათ საპროტესტო აქციებზე გეი შეყვარებულების თემაზე გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button