ახალი ამბები

პოლიტიკოსები საოკუპაციო ხაზთან განახლებულ „ბორდერიზაციას“ ეხმაურებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მმართველი გუნდი და ოპოზიცია დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ „უკანონო ინსტალაციების“ აღმართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხზე საუბრისას, დიპლომატიური გზების გამოყენებისა და „კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების“ დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამბობს, რომ სწორედ ეს არის „ერთადერთი გზა“, რომელიც „ჩვენ გვაქვს“.

„ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ კიდევ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ჩვენი ბერკეტები, რაც არსებობს, მშვიდობიანი და დიპლომატიური, უნდა იყოს გამოყენებული და ეს არის ჩვენი გზა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

შერიგებისა და სამოქალაქოს თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, არის „განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეული“. მისი თქმით, „ის ამ თემებს ისეთ ჰუმანიტარულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს აბამს, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება“. მან ამ კონტექსტში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მიმართულებთ გადაადგილების „სრულ შეზღუდვას“ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ იქ მოსახლეობა, „ფაქტობრივად, მძევლად არის აყვანილი“.

„[მათ] ამ გზით სურთ განახორციელონ ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე და ქართულ მხარეზე, რაც არის დაუშვებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი და აუცილებელია მიმოსვლის აღდგენა იმისთვის, რომ კიდევ უარესი იქნას თავიდან აცილებული“, – განმარტა მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის რწმენით კი, „რუსეთის ფედერაციას მოუწევს, რომ უარი თქვას ოკუპაციაზე“. „ეს მავთულხლართების კედლები თანდათან სულ უფრო და უფრო მეტად შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან… საქართველო გაერთიანდება“, – განმარტა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეფასებებში საკითხთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკული იყო ოპოზიცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რა ხდება „ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე რეგიონებში“, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას „სრულიად ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს“.

მისივე განმარტებით, ის, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიმდებარედ ხდება „დაუსჯელობის სინდრომის ასახვაა“ და რუსეთი იქ „საკუთარ დღის წესრიგს ძალიან მშვიდად ახორციელებს“. „საქართველოს ოკუპაციის თემა გაქრა, ფაქტიურად, დღის წესრიგიდან საერთაშორისო ორგანიზაციების და შედეგი არის სწორედ ეს – არცერთი ნაბიჯი წინ, თუმცა მრავალი ნაბიჯი უკვე გადავდგით უკან“, – თქვა მან.

რუსეთთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას „უკეთეს შემთხვევაში მიამიტურ“ და „უარეს შემთხვევაში“ – „ქვეყნისთვის მავნებლურ“ პოზიციად აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია. მისი განმარტებით, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საოკუპაციო ხაზიდან სპეცრაზმი უკან გაწია, სანაცვლოდ კი, „არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, ადამიანების მოტაცებისა და მკვლელობისთვის, მაღალი პოლიტიკური ფასი გადაეხადა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button