ახალი ამბები

ასობით ადამიანი სოხუმში ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდის და ახალ არჩევნებს ითხოვს

ოპოზიციის ასობით მხარდამჭერმა 9 იანვარს სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომისა და ახალი „საპრეზიდენტო არჩევნების“ დანიშვნის მოთხოვნით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე“ შეტევა განახორციელა. მათ ადმინისტრაციის შენობის კარები და ფანჯრები შეანგრიეს და შიგნით შეიჭრნენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა „ამცახარამ“ და „ერთიანმა აფხაზეთმა“ მანამდე, ხუთშაბათს მხარდამჭერებს „უზენაესი სასამართლოს“ წინ შეკრებისკენ მოუწოდეს, რადგანაც მისი „საკასაციო კოლეგია“, რომელმაც არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე ყოფილი „საპრეზიდენტო“ კანდიდატის ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა განაახლა, 9 იანვარს მოსმენის გამართვას გეგმავდა.

2019 წლის სექტემბრის „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ აფხაზეთის მოქმედმა ლიდერმა ხმების 47.38%-ით მოიგო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა და პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ ხმების 46.19% მიიღო, რის შემდეგაც მან შედეგები ოკუპირებული რეგიონის „უზენაეს სასამართლოში“ გაასაჩივრა და მეორე ტურის შედეგების გაბათილება მოითხოვა. კვიცინიამ სექტემბრის ბოლოს დავა წააგო. იგი შედეგების გაბათილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ხაჯიმბამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით, მან იგივე სარჩელი საკასაციო კოლეგიაში შეიტანა.

გუშინდელი პროტესტის ფონზე, „საკასაციო კოლეგიამ“ სარჩელის განხილვა განუსაზღვრელი დროით კიდევ ერთხელ გადადო.

ხაჯიმბას ადმინისტრაციამ გუშინდელი მოვლენები დაგმო და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. აფხაზეთის ლიდერმა მისი პოლიტიკური ოპონენტების მონაწილეობით „უშიშროების საბჭოს“ სხდომა გამართა. სხდომის შემდეგ, ხაჯიმბამ მოსახლეობას მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში იგი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა.

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ თაობაზე დაძაბულობა გასული წლის ზაფხულიდან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ასლან ბჟანია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად მოიაზრებოდა, 2019 წლის აპრილში მოწამლეს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

მაისში ოპოზიციამ სოხუმში არჩევნების გადადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აფხაზეთის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადადებაზე დათანხმდა. მხარეები არჩევნების 25 აგვისტოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ნაცვლად 21 ივლისისა. ბჟანიამ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო და ოპოზიციის კანდიდატს, ალხას კვიცინიას დაუჭირა მხარი.

25 აგვისტოს ბარიერი ცხრიდან ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური სექტემბერში ორ კანდიდატს – მოქმედ „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბასა (23.85%) და „ამცხარას“ ლიდერს ალხას კვიცინიას (21.97%) შორის გაიმართა.

ბჟანია აფხაზეთში დეკემბერში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მოსკოვსა და ბერლინში მკურნალობის კურსი ჩაიტარა.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება სოხუმში განვითარებულ მოვლენებს.

სოხუმში მიმდინარემოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა.

„ცხადია, აფხაზეთში მიმდინარე ყველა პროცესი და განვითარება არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთისა და იმ ოთხი ქვეყნის (ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა) გარდა, რომლებმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, უკანონოდ მიიჩნევს. 2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აფხაზეთის არჩევნებს „ყალბი პროცესი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button