ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას პოლიტიკოსები აფასებენ

მთავრობის მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ. 

მმართველი გუნდის შეფასება 

გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო. საკმაოდ დიდი თანხა იქნა სახელმწიფოს მიერ დახარჯული და საქმის ნაცვლად, პრაქტიკულად, ამ სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ ამოფარება… რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებას, ეს გამოიხატება სახელმწიფოს დამოკიდებულებაში ამ საკითხის მიმართ“.

რომან კაკულია – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე: „მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნის არის სწორი ორიენტირი საგარეო პოლიტიკაში. რუსეთის საფრთხეების არშეფასება ეს როგორ დაუჯდება ქვეყანას, ვინც ამაზე არ ფიქრობს ის არ არის სწორი პოლიტიკოსი… მე პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ და გეუბნებით ჩემს პირად მოსაზრებას, რომ ეს საფრთხეები არსებობს და ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა ვალდებული იყო ეს საფრთხეები გაეთვალისწინებინა. ჩემი აზრით, თუ ეს საფრთხე არსებობდა მამუკა ხაზარაძე იყო პირველ რიგში ვისაც ეს საფრთხეები უნდა გაეთვალისწინებინა და პროექტის დაწყებისთანავე ამ ტიპის საუბარი ჰქონოდა იმასთან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს… რატომ დაეტაკა მთავრობა მაგალითად მამუკა ხაზარაძეს, მეც მიკვირს ეს… ჩემი აზრით, იმიტომ დაეტაკა, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი ან… მისი ხედვა თუ არ დაემთხვა [ხელისუფლებისას] ეს უკვე მისი პრობლემაა. მე გეუბნებით პირდაპირ ამ ნარატივში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი და მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა, ახლა შეიძლება მე ვცდები… ჩემი აზრით აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ თუ ეს იყო ამერიკული ინტერესი… ალბათ ამის გამოხატვა მოხდა მოგვიანებით და თავიდან სანამ მხოლოდ ეკონომიკურად იყო ამ პროექტის განხილვა, ჩემი აზრით, მანამდე რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წინააღმდეგობა“.

ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: „დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება. 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებული მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები დასაქმებული, ტვირთები ამ პორტში უნდა ყოფილიყო გადამუშავებული… სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა. ჩვენ ახალი ტენდერის პროცესში შევძლებთ, რომ ახალი, სანდო, ეფექტური ინვესტორის გამოვლენა მოვახერხოთ, რადგან პროექტი არის ისევ და ისევ ჩვენთვის და ზოგადად რეგიონისთვის ძალიან მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი“.

ოპოზიციის შეფასება

რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობა: „ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. ეს არის ქვეყნისთვის მიყენებული ძალიან დიდი ზიანი, როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად. პირდაპირ შეასრულა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ რუსეთის დავალება და ფაქტობრივად გაანადგურა ანაკლიის პროექტი, რომლის პერსპექტივა ნულია ამ ხელისუფლების პირობებში. ტყუილია, რომ ისინი [მთავრობა] რაღაცას გამოაცხადებენ და შედეგი იქნება ის, რომ არავინ ამ პროექტს არ მოკიდებს ხელს. ამ პროექტის განხორციელება არ უნდა რუსეთს და ივანიშვილმა შეასრულა რუსეთის დავალება და რუსეთი მას დაჰპირდება საარჩევნო დახმარებას ანუ დღეს ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამ შენარჩუნებისათვის ნებისმიერ დათმობაზე წასვლა. ანაკლიის პროექტი არასდროს განხორციელდება ამ ხელისუფლების პირობებში“.

სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველო„რა თქმა უნდა, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ტვირთები წავიდეს საქართველოს გავლით და კონკურენტი აქ არის რუსეთი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესი არის შეუსაბამო რუსეთის ინტერესთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს, იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით ხდება ჩვენი უსაფრთხოების გაზრდა. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მზად არის გააჩეროს ანაკლიის პროექტი იმიტომ, რომ ეს შეიძლება აწყობდეს რუსეთს. ეს არის აგონიური მდგომარეობა ამ ხელისუფლების. არჩევნებზე დამთავრდება მათი ისტორია და მერე მოგვიწევს ყველაფრის თავიდან შემოტრიალება და ეს იქნება ძალიან რთული. დღევანდელმა დღემ აჩვენა ერთი რამე, რომ ეს კაცი მზად არის ყველაზე სტრატეგიული პროექტიც კი წყალს გაატანოს, ოღონდ თავისი პოლიტიკური ინტერესები არ იყოს დაზიანებული, ამის შედეგად მიყენებული ზიანი ძალიან ძნელი აღმოსაფხვრელია. არავის არ ჰქონდეს ილუზია, ხელისუფლება რომ შეიცვლება ერთ დღეში ანაკლიის პორტი აღდგება, აღარ აღდგება ერთ დღეში. სამწუხაროდ, კიდევ წლები დაიკარგაამ მავნე და სამარცხვინო გადაწყვეტილების შედეგად“.

მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკური მოძრაობა ლელო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი: „დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელსაც არანაირი უნარი არ გააჩნია ქვეყნის მართვის, ბიძინა ივანიშვილის თამადობით დაასრულა პირველი ეტაპი სპეცოპერაციის, რომელიც ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს. მე მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა ამ ეტაპზე კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, არ აპატიებს იმას, რომ მან გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, პროექტი, რომელიც ჩვენს პერსპექტივას, სამუშაო ადგილებს, ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენ უსაფრთხოებას განსაზღვრავდა. ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და მხოლოდ შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენს მომავალს… ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში, არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ ქმედებას, რომელსაც აქამდე არ ვასახელებდით, იმ თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების, რომლებიც მიზანმიმართულად, ფარულად თუ დაუფარავად ებრძოდნენ ანაკლიის პროექტს. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი ე.წ. მთავრობის სხვადასხვა წევრების ქმედებების, რომლებიც ახორციელებდნენ მიზანმიმართულ, ორკესტრირებულ შეტევას ანაკლიის პროექტზე. ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ცქიტიშვილი და სხვა ადამიანები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button