ახალი ამბები

2019 წლის მიმოხილვა

2019 წელი პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით რიგი პრობლემებითა და გამოწვევებით ხასიათდებოდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელშესახები პროგრესი ვერ იქნა მიღწეული, რადგანაც საქართველოს მთავრობის ინიციატივებს ამ რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამების მეშვეობით ჩართულობის თაობაზე ცხინვალისა და სოხუმის კოლაბორაციონისტი მთავრობების წინააღმდეგობა მოჰყვა.

თბილისში კი, მმართველი პარტია, კარგავს როგორც საზოგადოების მხარდაჭერას, ისე დეპუტატებს, ვინაიდან მისი პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე რაიმე რეალური პროგრესის მიღწევას. წუხილები წლის ბოლოსკენ მას შემდეგ გამწვავდა, რაც Facebook-მა განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე არსებული ასობით გვერდი გააუქმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ ქსელში შედიოდა.

პარალელუარდ რუსთაველის გამზირმა საკუთარი, როგორც საქართველოს პირდაპირი დემოკრატიისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ცენტრის ფუნქცია დაიბრუნა.

საპროტესტო აქციებზე თბილისის მკაცრ რეაგირებას აშშ-ისა და ევროკავშირში პარტნიორების უკმაყოფილება მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა სულ უფრო მეტი წუხილები გამოთქვეს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც თავისუფალ მედიაზე შეტევას, უზენაესი სასამართლოს ლოიალური მოსამართლეებით დაკომპლექტებასა და პოლიციის მიერ პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

წინ დაძაბული წელი გველოდება. „სამოქალაქო საქართველო“ კვლავაც მოგაწვდით მნიშვნელოვან სიახლეებს, შესაბამისი ახალი ამბებს და მოვლენებს სათანადო ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში წარმოგიდგენთ.

1. ჩორჩანა-წნელისის კრიზისი

საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით, ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო დღეს, სადავო საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს, ცხინვალის „მესაზღვრეები“ სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

თბილისის, მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლები სადავო საგუშაგოების საკითხს ტექნიკურ შეხვედრებზე განიხილავენ, მაგრამ ყველა ეს შეხვედრა აქამდე წარუმატებელი იყო. იმავდროულად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა საგუშაგოს გარშემო არსებული კრიზისი ახალგორში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ პოზიციის გამკაცრების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

2. ცხინვალთან გამშვები პუნქტების დახურვა

3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ცოდნის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, 4 სექტემბრის 20 საათიდან საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას დროებით შეწყვეტდა. ამავე განცხადების მიხედვით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 6 სექტემბერს დილის 6 საათიდან მოიხსნებოდა.

თუმცა, მოგვიანებით, 9 სექტემბერს, კომიტეტმა განმარტა, რომ ორი გამშვები პუნქტი – ოძისი და სინაგური დროებით დაკეტილი დარჩებოდა და ამის მიზეზად თბილისიდან მომდინარე დაძაბულობა დაასახელა.

გამშვები პუნქტები დღემდე დაკეტილია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ სიტუაციას რეგიონში, კერძოდ კი ახალგორის რაიონში, სადაც დაახლოებით 2 500 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რაც რაიონის მოსახლეობის 55.5%-ია.

3. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება

ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ 20 დეკემბერს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორთან, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პაციენტის მოსანახულებლად ოკუპირებულ რეგიონში გადასვლას ცდილობდა. გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, რომ მან უარყო ყველა ბრალდება ცხინვალში და უთხრა რუს მესაზღვრეებს, ასევე ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებას, რომ მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია და რომ დაკავების პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

4. 20 ივნისის მოვლენები

20 ივნისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსული დელეგაციის დასწრება გააპროტესტეს. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მომიტინგეები პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. მომოტინგეების ნაწილმა პოლიციის პირველი კორდონი გაარღვია, თუმცა სპეცრაზმმა ის უკან დააბრუნა. 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შსს-ს თქმით, ღამის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. 25 ივნისს პარლამენტის ახალ სპიკერად არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

5. გიორგი გახარია ახალი პრემიერ-მინისტრი ხდება

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა, სექტემბერის დასაწყისში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად წარადგინა. პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი 8 სექტემბერს დაამტკიცა.

გიორგი გახარიას მიმართ პროტესტი ზაფხულის შემდეგ გამწვავდა, ვინაიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია პარლამენტის წინ 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებენ.

6. საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება

მმართველმა პარტიამ არ შეასრულა დანაპირები სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე და 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ცვლილებას პირველი მოსმენით მისაღებად ხმების ¾ ესაჭიროებოდა.

ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ცვლილების ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყეს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მკაცრად გააკრიტიკეს ქართული ოცნება დანაპირების შეუსრულებლობის გამო.

7. საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ბოლო ათწლეულში

26 სექტემბერს, ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელები სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი შეხვდნენ. შეხვედრა პირველად გაიმართა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ორმა ქვეყანამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. შეხვედრა შევეიცარიის მხარის შუამავლობით გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში გაიმართა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი და აშშ მიესალმნენ ამ ფაქტს.

8. „რუსთავი 2“-ის საქმე და ახალი ტელევიზია – „მთავარი არხი“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ 18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც „დაუშვებლად ცნო“ „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ თავისივე, 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებაც გააუქმა. ტელეკომპანიის ახალ მფლობელად ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა.

ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ აგვისტოს ბოლოს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე გასართობი გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. შედეგად, არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „კურიერის“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულმა ახალმა ტელეკომპანიამ „მთავარმა არხმა“ 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, საინფორმაციო გამოშვებით – „მთავარი 9-ზე“ მაუწყებლობა დაიწყო. იმ დროს, როდესაც „რუსთავი 2“-მა ფრთხილად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეინარჩუნა, „მთავარი“ არხი ოპოზიციას უცხადებს მხარდაჭერას. კრიტიკულ მედია არხებს კიდევ ერთი ახალი არხი, „ფორმულა“ შეუერთდა. თუმცა, გამოკითხვის თანახმად, ჯერჯერობით, მაყურებლის ის რაოდენობა, რაც „რუსთავი 2“-ს ჰყავს ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა. იმავდროულად, კვლავ რჩება წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ტელემედიის ჩახშობას ცდილობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დამოუკიდებელ ტელეკომპანიას სანქციები დააკისრეს, როგორც ოპონენტები ამბობენ, შერჩევითად, მათი დაგროვილი ვალების გამო.

9. თიბისი ბანკის საქმე და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნება

საქართველოსმთავარმა პროკურატურამ 9 იანვარს განაცხადა, რომ თიბისი ბანკის მიერ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტს იძიებს. ამავე ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ივლისში გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და ასევე, მის ყოფილ მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს 700 000-700 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ და პროკურორთან შეთანხმების გარეშე, ქვეყნის საზღვრების დატოვება შეეზღუდათ. ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებებს უარყოფენ და პოლიტიკური დევნის შესახებ საუბრობენ.

12 სექტემბერს, ხაზარაძემ ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია გამართა, რომელიც დეკემბრის ბოლოს პარტიად „ლელო საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობასა“ და პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.

10. დაძაბულობა აზერბაიჯანის საზღვართან/დავით გარეჯის მონასტრის საკითხი

საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა.

რამდენიმე ასეული სამოქალაქო აქტივისტი და ადგილობრივი მოსახლე მონასტრის ტერიტორიაზე 5 მაისს შეიკრიბა და სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანთან საზღვარზე გააპროტესტა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ორი ქვეყნის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე შეთანხმების მიღწევიდან ორი თვის შემდეგ, რაც ქართველი სასულიერო პირებისათვის აზერბაიჯანული მხრიდან სადავო მონასტრებზე წვდომის აღდგენას ითვალისწინებდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ „გულისტკივილით“ განაცხადა, რომ კომპლექსში შემავალ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტერთა საკითხი „კვლავ გადაუჭრელი“ რჩებოდა.

11. „თბილისი პრაიდი“

„ღირსების მარშის“ გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები 8 ივლისს, საღამოს დაახლოებით რვის ნახევრისთვის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან შეიკრიბნენ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს და დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ფარგლებში, უწყების წინ მცირე მსვლელობა მოაწყვეს.

12. უზენაესი სასამართლო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თანამდებობებს უვადოდ დაიკავებენ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთი თვის წინ გასულმა დეპუტატებმა. სხდომას არც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები დასწრებიან.

ხანგრძლივი პროცესი, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო, მიზნად ისახავდა უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობის 8-დან 28-მდე გაზრდას.

მოსამართლეთა შერჩევის რამდენიმეთვიანი პროცესი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. 12 დეკემბრის კენჭისყრაც პროტესტის ფონზე ჩატარდა.

13. სკანდალი პრეზიდენტის შეწყალების გარშემო

2019 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პატიმარი შეიწყალა, რასაც მმართველი პარტიის, ოპოზიციის და საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს შეწყალებაზე მორატორიუმი დააწესა. მოგვიანებით, 20 სექტემბერს პროკურატურამ აგვისტოს შეწყალებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროს კონსულტაციით შეიმუშავა.

14. გაფიცვები, სოციალური უკმაყოფილება და შრომის უფლებები

8 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ასობით სოციალური მუშაკი გაიფიცა. მათ სამუშაო პირობებისა და ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მოთხოვნით, რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს. გაფიცვის შესახებ სოციალურმა მუშაკებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინიტროსთან თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 25 მარტს ისინი კვლავ გაიფიცნენ, თუმცა მოგვიანებით, 2 აპრილს სამუშაოს დაუბრუნდნენ და მიზეზად ბენეფიციარების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა დაასახელეს.

ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლების ნაწილი მერიისა და მათი დამქირავებელი კომპანიის – „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული შენობების წინ რამდენიმე დღე აქციას მართავდა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვდა.

25 ტყიბულელი მეშახტე, სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, 24 სექტემბერს მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში პროტესტის ნიშნად ჩავიდა. ისინი მოთხოვნის შესრულებამდე შახტების დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. მეშახეტეები გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩავიდა პრემიერ-მინისტრის მითითებით, მაღაროელებთან შეხვედრის შემდეგ თურნავამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button