Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალი ახალი წლის წინ გამშვებ პუნქტს დროებით კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოს მიერ 27 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ქარზმანის გამშვებ პუნქტს კეტავს, რომელიც რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს.

სააგენტოსვე ინფორმაციით, „ახალი წლის წინ გაზრდილი უსაფრთხოების ზომების მოტივით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ერთადერთ გამშვებ პუნქტს კეტავს“.

კერძოდ, საუბარია საჩხერის რაიონის სოფელ ქარზმანში მდებარე გამშვებ პუნქტზე, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს 8 საათიდან 3 იანვრის დილის 6 საათამდე ჩაიკეტება.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, რეგიონში სულ ხუთი გამშვები პუნქტია სოფლებში – სინაგური (საჩხერის რაიონი), ქარზმანი (საჩხერის რაიონი), ზარდიაანთკარი (გორის რაიონი), ერგნეთი (გორის რაიონი) და ოძისი (მცხეთის რაიონი).

3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ცოდნის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, 4 სექტემბრის 20 საათიდან საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას დროებით შეწყვეტდა. ამავე განცხადების მიხედვით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 6 სექტემბერს დილის 6 საათიდან მოიხსნებოდა.

თუმცა, მოგვიანებით, 9 სექტემბერს, კომიტეტმა განმარტა, რომ ორი გამშვები პუნქტი – ოძისი და სინაგური დროებით დაკეტილი დარჩებოდა და ამის მიზეზად თბილისიდან მომდინარე დაძაბულობა დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button