Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

ოკუპაცია

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა და თქვა, რომ ის ფაქტი, რომ „დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა – 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების“. მანვე იქვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად წინააღმდეგობებს ხვდებიან და მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს.

„საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“, – თქვა პრემიერმა.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოკუპაციაზე საქართველოს მოსახლეობის და მთავრობის პასუხი ის, არის, რომ მოქალაქეების 70%-ზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, ამ გზას საქართველოს თითოეული მოქალაქე „თანმიმდევრულად გააგრძელებს“.

„სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“, – აღნიშნა გახარიამ და იქვე თქვა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველომ საფრანგეთისგან 27 ნოემბრიდან გადმოიბარა, „სრულად უნდა გამოვიყენოთ“ იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს გავაცნოთ ის მიღწევები, რაც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში გვაქვს და „დავანახოთ ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც აღწევს საქართველოს მოქალაქე და ქართველი საზოგადოება“.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ „2019 წელი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წელი საქართველო-ნატოს პარტნიორობის თვალსაზრისით და რომ „ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო“.

„2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან „არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ“.

ეკონომიკა

ეკონომიკაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. მანვე განმარტა, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ძირითადი პარტნიორი ქართული ბიზნესია. „ჩვენ გავააქტიურეთ ურთიერთობა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევები, რომლებსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – დასძინა მანვე.

პრემიერმა გასული 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (5%-ზე მეტი) დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მთავრობა საბოლოო მონაცემსაც ოპტიმისტურად უყურებს. მისივე შეფასებით, მესამე კვარტალში ქვეყანას კარგი მონაცემები ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტების ზრდის თვალსაზრისითაც.

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კონტექსტში პრემიერმა სახელწიფოს ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაციის დაჩქარებისა და მიწის „სისტემური რეგისტრაციის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მოდერნიზაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

განათლება

გიორგი გახარიამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მიღწეული წარმატებების მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების მთავარ ინსტრუმენტად ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემის შექმნა დაასახელა და თქვა, რომ „განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაშიც პრიორიტეტული იქნება“.

„თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სიტემა, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა გახარიამ.

ადამიანის უფლებები და სამართალდამცველი სისტემა

გახარიამ 2020 წლის კიდევ ერთ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვა დაასახელა და თქვა, რომ ამ მიზნით, „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა გააქტიურდება. ასევე, გამოძიების ხარისხის გაზრდის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა“.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება. სისტემაში დაწყებული რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პრემიერმა.

სოციალური გარემო

გიორგი გახარიამ ყურადღება ასევე გაამახვილა სოციალურ საჭიროებებზე და თქვა, რომ „2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია მოქალაქეზე და საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ“.

„2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეზე. ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია გაეზრდებათ ჯერ 20 ლარით, ასევე 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით და მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც უკვე 70 წელს მიაღწიეს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ. სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება დაახლოებით 300 ლარით“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერისვე თქმით, 2019 წელი „სერიოზულ მიღწევებთან“ ერთად, გამოწვევებით სავსეც იყო და აღნიშნა, რომ მთავრობასაც და ოპოზიციასაც უნდა ახსოვდეს, რომ „ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“.

პრემიერმა საუბრის ბოლოს ყოფილ პრემიერს მამუკა ბახტაძესა და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button