Placeholder canvas
ახალი ამბები

საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ცხინვალის ციხიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ნოემბრის შუა რიცხვებში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ 20 დეკემბერს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ უერთდება „ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, – აცხადებს საელჩო.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ასევე მიესალმა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ახალი წლის წინ. იმავდროულად, მან გამშვები პუნქტების დაუყონებლივ  განხსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, თომას გრემინგერმა დაწერა Twitter-ზე, რომ „დაკავებები აღარ უნდა მოხდეს და თავისუფალი გადაადგილებული მუდმივად ყველასთვის გარანტირებული უნდა იყოს“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ასევე მიესალმა ინფორმაციას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button