Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის ლიდერი ოკუპირებულ ახალგორში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, 26 დეკემბერს, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგიონის ხელისუფლება არ აპირებდა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას, ვიდრე თბილისი „არ შემოიჭრებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და არ განათავსებდა უკანონო შეიარაღებულ საგუშაგოს წნელისში“. 

„ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ვართ ერთი სახელმწიფოს – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები… ჩვენ ერთიანი პოლიტიკა გვაქვს. შეუძლებელია, რომ ლენინგორის [ახალგორის ოსური სახელწოდება] მცხოვრებთა ღირებულებები მხოლოდ მათივე კომფორტზე იყოს კონცენტრირებული მაშინ, როდესაც წნელისის მცხოვრებნი ქართული საგუშაგოს ავტომატების ლულების ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ არაკეთილმოსურნის წინააღმდეგ“, –  მიმართა ადგილობრივებს ბიბილოვმა. 

ბიბილოვის თქმით, გამშვები პუნქტების დახურვა, რაც 4 სექტემბრიდან მოყოლებული გრძელდება, არა – ცხინვალის, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

„პრობლემა არ არის არც ჩემ მიერ და არც სამხრეთ ოსეთის მიერ გადასაწყვეტი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და მისი პროვოკაციული ქმედებებით გამოწვეული გზის ჩაკეტვის გამო უკმაყოფილება გამოთქვათ“, – უთრხა ახალოგორელებს ბიბილოვმა. 

იმის შესახებ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს ახალგორელებს, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო უკმაყოფილება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან გამოთქვან, გუშინ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმაც“ განაცხადა.

ორგანიზაციამ, ადგილობრივებზე დაყრნობით, განაცხადა, რომ ამ მოწოდებით ადგილობრივებს მიმართეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა – სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, რამდენიმე დღის წინ, რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყეს. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ თქმით,  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პროცესს „ჰუმანიტარულ დახმარებას“ უკავშირებს, რადგან, მათი ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ახალგორში კამაზის ტიპის ორი სატვირთო ავტომანქანით საკვები ჩაიტანეს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უცნობია მოსახლეობის რომელი ნაწილისათვის არის ეს პროდუქტები განკუთვნილი – ყველა მიიღებს დახმარებას, თუ მხოლოდ ისინი, ვისაც ე. წ. ოსური პასპორტები აქვთ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები, მათ შორის, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მახლობლად მდებარეობს, სექტემბრის დასაწყისში ჩაკეტა და მიზეზად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება დაასახელა.

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგებლებმა შვიდი ტექნიკური შეხვედრა გამართეს სადავო საგუშაგოს საკითხის განხვილვის მიზნით, თუმცა რაიმე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

ამასობაში, დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულ ცხინვალის რეგიონში, უპირველესად კი, ახალგორის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული ვითარება დამძიმდა.

28 ოქტომბერს, მარგო მარტიაშვილი, რომელსაც თბილისის კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრეს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ ინსულტით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხინვალსა და თბილისს შორის დაძაბულობას ასევე ზრდის 9 ნოემბერს ახალგორის საოკუპაციო ხაზზე დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომლის ფარგლებშიც უკანონოდ დაკავებულ ქართველ მედიკოსს, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო, 1 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

თბილისმა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცხინვალს გამშვები პუნქტების გახნის და ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button