წითელი ვაშლი აგორდა… ანუ, რა მოხდა ელბაქიძის დაღმართზე?!


დავით ხვადაგიანი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი.

„…მე მიყვარს ხელში წითელი ვაშლი, იმისი გორვა, მისი გრიალი…“

ხალხური ლექსი – არსენა ჯორჯიაშვილი  

 „ბატონი ჯუღელი – ქართული ეროვნული გვარდიის პრეზიდენტი. 36 წლის, გურიიდან. იგი ენერგიული მამაკაცია, თავისუფალი მოსაუბრე, ბრძენი, ამბიციური – თავის შეხედულებებში და მოწესრიგებული ჩვევებით. ის ძველი ჟურნალისტია და ისევ წერს ტფილისის გაზეთისთვის. ჯუღელი იყენებს ბოლშევიზმს რუსების სიძულვილისთვის. მისი მიზანია ამჟამინდელი მთავრობის დამხობა და სამხედრო დიქტატურის დამყარება. მას დიდი გავლენა აქვს რამიშვილზე, რომელსაც იგი ატერორებს. შესაძლებელია, რომ ის იყოს წამომწყები იმ ბოლშევიკური ტერორისტული აქტისა, რომლის მსხვერპლიც ახლა იყო გენერალი ბარათოვი.“

1919 წლის სექტემბრიდან – „თეთრ გენერალ“ ბარათოვზე თავდასხმის საუკუნის თავზე, ვერის დაღმართის ძველი სახელი – „ელბაქიძის დაღმართი“ ქალაქის მეხსიერებიდან უკვე ნელ-ნელა ქრება და მასთან ერთად უფერულდება უფროსი თაობისათვის აქსიომად ცნობილი „რევოლუციური გმირული ბრძოლის“ ეპიზოდი – როგორ ააფეთქა ბოლშევიკმა არკადი ელბაქიძემ გენერალი ბარათოვი (ქვეტექსტებით – არც ერთი იყო… და ა. შ.).

ვერის დაღმართი, საბჭოთა წარსულისას ელბაქიძის დაღმართად ცნობილი. დღეს ამ ადგილს მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი ჰქვია.

მარი შარლ ნონაკურის ზემოთ მოყვანილი „ცხელ-ცხელი“ ანგარიში, ერთი შეხედვით, სრულიად აბსურდულ და დაუჯერებელ ინტერპრეტაციას გვთავაზობს – სადაც ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ბარათოვზე თავდასხმის ორგანიზატორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი იყო და ტერაქტი მან ბოლშევიკების ხელით შეასრულა… რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მკვლევრისა და ჩაკირკიტებული მკითხველის კარგი მეგობარია და შესაძლოა, ეს ცნობაც უკანმოუხედავად მაკულატურაში გადასაგდებადაც გამოიყურებოდეს, მაგრამ ალბათ, მაინც ღირს – დოკუმენტის მიღმა მდგომი პერსონაჟების ისტორიას ჩავუღრმავდეთ და „აღიარებული ჭეშმარიტებები“ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ.

კომანდანტი დე ნონანკური, (de Nonancourt Marie Charles – (1879-1922)) საფრანგეთის არმიის მაიორი, სამხედრო მზვერავი, 1919 წლის მარტიდან კავკასიის სამხედრო მისიის მეთაურ პოლკოვნიკ შარდინის თანაშემწედ დაინიშნა. იგი ტფილისში მაისში ჩამოვიდა, 1919 წლის სექტემბრიდან 1920 წლის მარტამდე იყო საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური, შემდეგ კი – 1920 წლის აგვისტომდე მსახურობდა ახალი მეთაურის ვიცე პოლკოვნიკ კორბელის დაქვემდებარებაში. როდესაც ნონანკური ამ ანგარიშს პარიზში გზავნიდა, აშკარაა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იყო კარგად გარკვეული საშინაო საქმეებში იმ ქვეყნისა, სადაც სამუშაოდ გამოაგზავნეს; ტექსტი ფაქტობრივი და ტერმინოლოგიური შეცდომებითაა სავსე.

თუმცა ამ ზედაპირულ მიმოხილვაში ისიც ჩანს, რომ ნონანკურმა ჩამოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მამოძრავებელი ძაფების სათავეთა ძებნა და მის თვალწინ დაიხატა თბილისური დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სამხედრო მისიების დერეფნებსა თუ შეხვედრების დარბაზებში მოარული უამრავი ჭორითა და სინამდვილით შეზავებული სურათი – ვალიკო ჯუღელის პიროვნული დახასიათება, მისი ბოლშევიკური წარსული და გავლენები ყოფილ თანაპარტიელებზე, სახალხო გვარდიის როლი ქართულ რეალობაში, ჯუღელის არცთუ მშვიდი ურთიერთობა ასევე დიდი გავლენის მქონე შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რაც მაშინდელ ქართულ პრესაშიც და ეროვნული საბჭოს სხდომების ოქმებშიც კი დღესაც მარტივად აღმოსაჩენია. თუმცა, ამ ანგარიშის ყველაზე უცნაური ელემენტი – ბარათოვზე თავდასხმის უკან ჯუღელის ლანდის დანახვა უფრო ჩახლართული კვანძების ძიებისკენ გვიბიძგებს.

13 – შავი რიცხვი „თეთრი გენერლისთვის“

1919 წლის 13 სექტემბერს, შაბათს, დღის 12 საათზე საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე სოლოლაკში, რტიშევისა და ბებუთოვის (დღევანდელი ასათიანის და იაშვილის) ქუჩების კუთხეში, სადაც მოხალისეთა არმიის წარმომადგენლობის შტაბი იყო განთავსებული, მოსალაპარაკებლად  ეწვია რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში – კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ბარათოვმა კიროჩნი (დღევანდელი მარჯანიშვილის) ქუჩაზე გადაწყვიტა წასვლა, სადაც ის დროებით ცხოვრობდა, მაგრამ გენერლისთვის გამოყოფილი სამთავრობო მანქანა იგვიანებდა.

ბარათოვი ფრთხილობდა, რადგანაც ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ყოფნისას, ბაქოში მის საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოში საათის მექანიზმიანი ბომბი – ე.წ „ჯოჯოხეთის მანქანა“ (адская машина) – აღმოაჩინეს. მძღოლის დაუდევრობით განაწყენებულმა გენერალმა, სახლამდე მიყვანა ოდიშელიძეს სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და გენერლები ქუჩაში მდგომ სამხედრო სამინისტროს კუთვნილ N 20 ავტომობილის უკანა სავარძელში ჩასხდნენ, რომელიც ილია ოდიშელიძეს ემსახურებოდა. მათთან ერთად იმყოფებოდა ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი, რომელიც წინ მძღოლისა და მისი თანაშემწის გვერდით დაჯდა. ავტომობილი ბარათოვის სახლისკენ ყოველდღიურად განსაზღვრული მარშრუტით წავიდა, გაიარა რუსთაველის პროსპექტი და ვერის დაღმართისკენ დაეშვა.

ავტომობილი თბილისში, სოლოლაკში, სახლთან, რომელშიც განლაგებული იყო ბრიტანული მისია. ფოტო ეროვნული არქივიდან.

12 საათსა და 55 წუთზე „ზემელის“ მიდამოები აფეთქებების ხმამ შეძრა. მეორე უბნის კომისარმა ახვლედიანმა თავისი მილიციონერებით სასწრაფოდ ალყა შემოარტყა ვერის დაღმართს, სადაც აფეთქებები მოხდა. გაირკვა, რომ ვერის დაღმართის ჩასასვლელში – „ბირჟის მოედანთან“ – უცნობმა თავდამსხმელებმა ზედიზედ ორი ყუმბარა ესროლეს სწორედ იმ ავტომობილს, რომელშიც ბარათოვი და ოდიშელიძე ისხდნენ. შემთხვევის ადგილი საზარლად გამოიყურებოდა: როგორც ჩანდა ორივე ყუმბარა მანქანის ქვეშ, წინა ნაწილისკენ გასკდა, რის გამოც ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად დამსხვრეული იყო. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყუმბარების დაცემის ადგილზე ქვაფენილი ამოგლეჯილი და ახლომახლო შენობების შუშები მთლიანად ჩალეწილი იყო. უგონოდ მყოფები, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე და ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი გამვლელებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს იქვე მდებარე იტალიურ ამბულატორიაში, მაგრამ რამდენიმე წუთში ექიმმა კუბმა მათი გარდაცვალება დაადასტურა. ასევე სასიკვდილოდ დაიჭრა შემთხვევით გამვლელი მტვირთავი. დაიჭრნენ გენერლები – ბარათოვი და ოდიშელიძე. ბარათოვი უფრო მძიმედ – მას ყუმბარის ნამსხვრევები ფეხსა და თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო ოდიშელიძე შედარებით იოლად გადარჩა – მას ყუმბარის ნამსხვრევი სახის არეში, ნიკაპთან მოხვდა. მძიმედ დაჭრილი ბარათოვი და დაღუპულები შემთხვევით გამვლელი ინგლისელების სატვირთო ავტომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხეილის საავადმყოფოში, ხოლო ოდიშელიძემ თავისი ფეხით შეძლო იქვე ზემელის აფთიაქში შესვლა მსუბუქი ჭრილობების გადასახვევად. ნახევარ საათში შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი, თბილისის მილიციის უფროსი ვალოდია სულაქველიძე და თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი მივიდნენ.

ილია ოდიშელიძე. ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

მეორე უბნის კომისარი ახვლედიანი თავის მოხსენებაში, რომელიც ხელმძღვანელობას წარუდგინა წერდა:

„…მეორე ყუმბარის გავარდნის შემდეგ მე მილიციონერების თანხლებით გავეშურე იქეთ, საიდანაც მოისმა ყუმბარის ხმა. მივედი რა იმ ადგილას, ვერის დაღმართზე, სადაც ეს მოხდა, მე განკარგულება გავეცი, ალყა შემოერტყათ იმ დიდი სახლისთვის, რომელიც გამოდის ვერის დაღმართზე და მოედანზე. გავიგე, რომ ამ მოედნიდან ზევით აღმართისკენ გაეშურა ვიღაც უცნობი კაცი შავ ტანსაცმელში. მაშინვე დავადევნე მას ჩემი მილიციონერები – უფროსი მილიციონერი ჩხარტიშვილი და უმცროსი გელოვანი, რომელნიც დაედევნენ უცნობს ყორღანოვის ქუჩით იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიისკენ, მილიციონერებმა მალე დაინახეს, რომ ის უცნობი კაცი დაეშვა ეკლესიიდან დაბლა მდ. მტკვრის მიმართულებით, მას პიჯაკის კალთის ქვეშ უჩანდა რევოლვერი, მილიციონერთა განკარგულებაზე „შეჩერდი“, უცნობი უფრო ჩქარის ნაბიჯით გაეშურა მდინარისკენ, მილიციონერმა გელოვანმა ისროლა ერთხელ თოფიდან ჰაერში და როდესაც დაინახა რომ ის არ შეჩერდა, მაშინ მეორედ ესროლა თვით მას, ამის შემდეგ უცნობი მდინარის ნაპირათ იყო მისული, ჩავარდა შიგ, საიდანაც ის ამოიღეს მკვდარი, მას ტყვია აღმოაჩნდა შუბლში.“  

თავდასხმის ანატომია – პრესის თვალით

1919 წლის სექტემბრის განმავლობაში პრესაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ინფორმაცია შემდეგნაირად ავსებს ახვლედიანის მოხსენებას:

თავდამსხმელმა, რომელსაც მილიციონერები დაედევნენ, შეძლო მდინარე მტკვრამდე მიღწევა და მდინარეში გადახტომა – დევნისაგან თავის დასაღწევად. მილიციონერმა გელოვანმა მას მაშინ ესროლა, როცა უცნობმა მდინარე მტკვრის ნაპირს მიაღწია. დაჭრილი მდინარიდან მენავემ გამოიყვანა. უცნობი იქვე გარდაიცვალა. მას ჯიბეში საბუთები და სხვადასხვა დოკუმენტი აღმოაჩნდა, რის მიხედვითაც გამოირკვა, რომ იგი ცნობილი ქართველი ბოლშევიკი – არკადი ელბაქიძე იყო.

არკადი ყარამანის ძე ელბაქიძე:

პარტიული ფსევდონიმი- „აგორდი“. დაიბადა 1879 წელს, რაჭის მაზრის სოფელ წესში, გლეხის ოჯახში. 18 წლის ასაკში იგი თბილისში ჩამოდის და მუშაობას მზარეულად იწყებს. 1904 წლიდან ის სოციალ-დემოკრატიულ წრეებს უკავშირდება და პარტიის დავალებით აქტიურად მონაწილეობს 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში შორაპნის მაზრაში. რევოლუციის დამარცხებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაყოფის შემდეგ ელბაქიძე თბილისში ბრუნდება და ბოლშევიკებს უერთდება. იგი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს პარტიულ დავალებებს და იყო კამოს მიერ შექმნილი ტერორისტული ჯგუფის აქტიური წევრი. ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისის გახმაურებულ თავდასხმაში, რომელიც კამოს ჯგუფმა მოაწყო ერევნის მოედანზე და სახელმწიფო ხაზინიდან 250 000 მანეთი გაიტაცა.  1909 -1910 წლებში ელბაქიძე ორჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა გაქცევა. პოლიციის დევნის გამო ელბაქიძე იძულებული გახდა ნოვოჩერკასკში გადასულიყო, თუმცა 1912 წელს იქაც დააკავეს ექსპროპრიაციის ბრალდებით და სამხედრო სასამართლომ მას მუდმივი კატორღა მიუსაჯა. 1917 წლის რევოლუცია მას პატიმრობიდან ათავისუფლებს, რის შემდეგაც ისევ თბილისში ბრუნდება და აქტიურად ერთვება ბოლშევიკურ მოძრაობაში. 1918 წლის 11 აგვისტოს არკადი ელბაქიძე სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა რაჭისა და დუშეთის მაზრების ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო დააპატიმრა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, 1918 წლის დეკემბერში ელბაქიძე საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში გააძევეს, სადაც იგი – როგორც გამოცდილი რევოლუციონერი – მუშაობას იწყებს თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში (ЧК).

პრესა იუწყებოდა:

„… როდესაც ელბაქიძეს მისდევდნენ, მილიციელებმა შეამჩნიეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გადაღმა, ხევის ძირას ორი კაცი, რომელნიც სცდილობდნენ არავის შეემჩნიათ. ერთ მათგანს (თათარს) ეჭირა მაუზერი, რომელიც მას ეპოვნა ხევში. ისინი მილიციელებს პირველ წინადადებისთანავე დამორჩილდნენ, რომლებიც გაძლიერებულ დარაჯთა ქვეშ გადასცეს მილიციის უფროსის სამმართველოს. შემდეგ მილიციის უფროსის განკარგულებით ისინი გაანთავისუფლეს.“

თუმცა სექტემბრის ბოლოს პრესაში ისევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებული ეჭვმიტანილები, დიმიტრი კორენშტეი და მამედ-მამადი-იბრაგიმ ალი-ოღლი, შსს განსაკუთრებულმა რაზმმა ისევ დააკავა. ისინი მალე უდიდეს საქმეთა გამომძიებელ ჯორბენაძეს გადასცეს, რომელიც გენერალ ბარათოვზე თავდასხმას იძიებდა.

16 სექტემბერს დილის 10 საათზე მოხალისეთა არმიის წარმომადგენლობის შტაბიდან პოლკოვნიკი ალხავი გამოასვენეს და დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიას პოლკოვნიკი ვასკრესენსკი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბარათოვის ადგილი დაიჭირა, ხოლო საქართველოს მხრიდან დაკრძალვას სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი და თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი დაესწრნენ.

18 სექტემბერს დილის 11 საათზე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს თავდასხმისას დაღუპული მძღოლები. დაკრძალვას დაესწრნენ მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

არკადი ელბაქიძის დასაფლავების ადგილი დღემდე უცნობია.

გენერალი ბარათოვი თავდასხმას უდანაკარგოდ მაინც ვერ გადაურჩა; პირველი ოპერაციის შემდეგ როდესაც მოტეხილი ფეხიდან ყუმბარის ნამსხვრევები ამოაცალეს, მას ჭრილობები გაურთულდა და 6 ოქტომბერს ბაქოდან საგანგებოდ მოწვეულ ქირურგ ოშმარის თანდასწრებით ექიმმა გრიგოლ მუხაძემ მას მძიმედ დაზიანებული მარცხენა ფეხი მოჰკვეთა.

ქართულ პრესაში, სხვადასხვა გამოცემაში გაშუქებული და ასევე, ბოლშევიკების თითქოსდა მოვალეობის მოხდის მიზნით გამოქვეყნებული პროკლამაცია, რომელიც „თეთრი ტერორის“ გამო „შესაფერი პასუხით“ იმუქრებოდა, მართალია არასაკმარის, მაგრამ ურთიერთშეჯერებისას ბევრ მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს.

საქართველოს ოკუპაციის შემდგომ კომუნისტურ ლიტერატურასა თუ მემუარებში ბევრი არაფერი მოიძებნება ამ გახმაურებული ამბის და დაღუპული ელბაქიძის შესახებ – გარდა იმისა, რომ თეთრ გენერალზე თავდასხმა ბოლშევიკების ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა დაგეგმა და მასში მონაწილეობდნენ; არკადი ელბაქიძე, ტიტე ლორთქიფანიძე, კოტე ცინცაძე, ლადო დუმბაძე, ვასილ წივწივაძე, აკაკი დალაქიშვილი და პავლე მარდალეიშვილი. საყურადღებოა რომ დასახელებულ პერსონებს არც ერთს ცოცხალს არ მიუღწევია 30-იანი წლების ბოლომდე სხვადასხვა მიზეზით – დაწყებული 20-იანი წლების მოვლენებითა და დამთავრებული 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიებით. ასევე უკვალოდაა გამქრალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლო პალატის უდიდეს საქმეთა გამომძიებლის ფონდი, რომელიც რესპუბლიკაში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან საქმეს იძიებდა და მათ შორის, ბარათოვზე თავდასხმის გამოძიებასაც ის უძღვებოდა. თუმცა შემორჩენილი დოკუმენტური და ძველი ფოტომასალით, 13 სექტემბრის ტერაქტის მიმდებარე თბილისური განაშენიანების და ლანდშაფტზე დაკვირვებით, რომელიც საუკუნის შემდგომაც, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა:

  1. თავდამსხმელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ მიზანში ამოღებულ გენერალს, რასაც ბაქოში არშემდგარი აფეთქებაც ადასტურებს, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ტერაქტი კარგად მომზადებული და გათვლილი იყო, მითუმეტეს შემსრულებლები ტერორში კარგად დახელოვნებული და გამოცდილი ბოლშევიკები იყვნენ.
  2. თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ ბარათოვის გადაადგილების მარშრუტები და ხელსაყრელი თავდასხმის ადგილიც შეარჩიეს ვერის მოედანზე (რომელიც დღევანდელი რესპუბლიკის მოედნის და ჯავახიშვილის ქუჩის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის მიმდებარედ იყო) საიდანაც ტერაქტის შესრულების შემდგომ რამდენიმე გზით ექნებოდათ მიმალვის შესაძლებლობა და მოედნის ხალხმრავლობაშიც იოლად შეინიღბებოდნენ ლოდინისას. ასევე, მოედნის გარშემო არსებული თბილისური სადარბაზოებიანი სახლები, რომლებსაც უკანა ეზოებში გასასვლელები ჰქონდათ, თავის დაღწევის დამატებითი საშუალება იქნებოდა.
  3. მიუხედავად მოგონებებში დასახელებული რამდენიმე ბოლშევიკისა, თავდასხმის ადგილზე მხოლოდ ორი შემსრულებლის ყოფნა დასტურდება; თვითონ არკადი ელბაქიძის და პავლე მარდალეიშვილის, რომელიც ასევე გამოცდილი ტერორისტი იყო, მას წარსულშიც რამდენიმე სერიოზული ტერორისტული აქტი ჰქონდა შესრულებული და დევნისგან თავის დაღწევაც არ გაუჭირდებოდა. არსებობს ცნობები, თუ როგორ დააღწია მან თავი ნაძალადევში ჟანდარმების დევნას 1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იგი სარკინიგზო ხიდზე ალყაში მოაქციეს და მარდალეიშვილმა ხიდიდან მოძრავ შემადგენლობაზე გადახტომით უშველა თავს.
  4. ხელნაკეთი ყუმბარის სროლა იოლი არ იყო, მითუმეტეს მიყოლებით ორი ყუმბარის სროლა შეუძლებელი იქნებოდა ერთი თავდამსხმელისთვის, მსროლელი ცალ-ცალკე ატარებდა ასაფეთქებელ მუხტს და შუშის კაფსულას, რომელშიც ქიმიური ნაერთი იყო და სროლის წინ ამაგრებდა, რომ შემთხვევითი რეაქცია აერიდებინა თავიდან, ამიტომ  შეიძლება ითქვას, რომ სამიზნე ავტომობილის მიმართულებით ნასროლი ორი ყუმბარიდან ერთი პავლე მარდალეიშვილმა ისროლა. ამ ვარაუდის გასამყარებლად ისიც გამოდგება, რომ 1920 წლის 1 მარტს დაპატიმრებულ მარდალეიშვილს ბარათოვზე თავდამსხმელად მოიხსენიებს, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა, ასევე მოგვიანებით საბჭოთა პრესაში მისი მეგობარი კომუნისტების დაბეჭდილი მოგონებები.
  5. ხელნაკეთი „ჯოჯოხეთის მანქანის“ სროლისას ტერორისტები ყუმბარას ეტლში ან ავტომობილში მჯდომი მსხვერპლის სიახლოვეს ქვაფენილზე ახეთქებდნენ, რადგან შუშის კაპსულა აუცილებლად გატეხილიყო და რეაქცია დაწყებულიყო, თუმცა საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ყუმბარები ავტომობილის წინა ნაწილისკენ იყო ნასროლი, სადაც მძღოლები და ადიუტანტი იჯდნენ. სავარაუდოდ, რადგან ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, თავდამსხმელებს მგზავრების განლაგებაზე დასაკვირვებლად დიდი დრო არ ექნებოდათ.
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალფეროვან პრესაში თავდასხმის ზოგიერთი დეტალები სხვადასხვანაირადაა გაშუქებული, რასაც მოვლენის სიახლე თუ სხვადასხვა ჟურნალისტური წყაროს არსებობა განაპირობებდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსულენოვანი გამოცემა „Борьба“-ს კორესპონდენტი თავდასხმის მეორე დღეს წერდა, რომ ელბაქიძე შეიარაღებულმა ცხენოსანმა მილიციელებმა ადგილზევე მოკლეს, თუმცა სხვა გამოცემაში მდევარი მილიცონერების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის – ისინი ქვეითები იყვნენ თუ ცხენოსანი მილიციის წარმომადგენლები.

მთელი სექტემბრის განმავლობაში პრესაში გამოქვეყნებული ცნობებიცა და მეორე უბნის კომისარ ახვლედიანის მოხსენებაც ადასტურებს, რომ აფეთქებების შემდეგ თავდამსხმელებმა უვნებლად დატოვეს შემთხვევის ადგილი და ელბაქიძე ყორღანოვის ქუჩით (დღევანდელი ქიაჩელის ქუჩა) შეუფერხებლად მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის გალავნამდე, სადაც თავდასხმის დროიდან გამომდინარე – კვირას, დღის პირველ ნახევარში, ქუჩაშიც და ეკლესიის ეზოშიც ხალხმრავლობა იქნებოდა, რაც მიმალვის შესაძლებლობას უფრო გაუიოლებდა ელბაქიძეს. მოსალოდნელიცაა, რომ ამის გამო წავიდა ის ყორღანოვის ქუჩით, საიდანაც ვერის სასაფლაოზე (დღევანდელი ვერის ბაღი) გასვლის შემთხვევაში უკვე სამშვიდობოს იქნებოდა, თუმცა მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ის ხაფანგში აღმოჩნდა. იგი უეცრად ცვლის მარშრუტს და მარჯვნივ ხევში ეშვება, სადაც მას სიჩქარის, ციცაბო ფერდობზე სავარაუდოდ წაქცევისა და პანიკური მდგომარეობის გამო მაუზერი ხელიდან უვარდება.

ვერის (დღევანდელი გალაკტიონის) ხიდი. ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

ხევი დღემდე თითქმის უცვლელად არის შენარჩუნებული და იოლი შესამჩნევია, რომ იქიდანაც თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი სასაფლაოზე გასვლა, მაგრამ ელბაქიძე მოულოდნელად მტკვრის გაშლილი სანაპიროებისა და ვერის ხიდისკენ გაიქცა, რაც გამოცდილი ტერორისტისგან მოულოდნელი ქმედება იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილზე მისული ახვლედიანის მიერ დადევნებული მილიციელები სწორედ მაშინ წამოეწივნენ თვალთახედვის მანძილზე, როცა ის ხევში დაეშვა. ამან გაშლილ სანაპიროებზე გასული ელბაქიძე პირდაპირ სამიზნედ აქცია. თანაც, თუ მას მისამალად წინასწარ ვერის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა ექნებოდა განზრახული, შეეძლო იქვე ჩაერბინა ვერის დაღმართი და წრე არ გაეკეთებინა, მითუმეტეს ციცაბო ფერდობის გავლით. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს ხიდებზე მუდმივად იდგა შეიარაღებული მცველი, რაც ასევე დამატებითი არგუმენტია იმის წინააღმდეგ, რომ ელბაქიძეს თავდასხმის შემდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმალვა ჰქონოდა განზრახული. ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ელბაქიძე ეკლესიის გალავანთან ჩასაფრებაში მოჰყვა და უეცრად მოუწია მარშრუტის შეცვლა. ერთ-ერთი წყარო ადასტურებს, რომ ელბაქიძე წყალში მას შემდეგ გადახტა, რაც შეამჩნია, რომ ვერის ხიდზე პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის მილიციის აგენტი. აქედან იგი შემდგომ მენავემ უკვე მომაკვდავი გამოიყვანა. როგორც კომისარ ახვლედიანის მოხსენებიდან ჩანს, ელბაქიძეს ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ფაქტს, რომ მას დადევნებულმა მილიციელმა გელოვანმა ესროლა ზურგიდან და უფრო სარწმუნოს ხდის ვერსიას, რომ ელბაქიძე სასიკვდილოდ ხიდზე ჩასაფრებულმა აგენტმა დაჭრა.

„სამხრეთ რუსეთის“ ემისრის ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკასიაში

1919 წლის 28 ივნისს, ბათუმში გენერალ ალექსანდრე ნათიშვილის მკვლელობიდან მალე, ივლისის პირველივე დღეებში გაზეთებში ჩნდება ცნობები, რომ საქართველოში მოხალისეთა არმიის მეთაურის – გენერალ ანტონ დენიკინის დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას, ვინმე გენერალ ბარათოვის ხელმძღვანელობით.

გენერალი ბარათოვი.

საქართველოზე წარუმატებელი იერიშებისა და რუსეთის სამოქალაქო ომში გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, გენერალი დენიკინი მაინც არ ეგუებოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და მუდმივად ცდილობდა მათზე ზეგავლენის მოხდენას. მას განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული სამხედრო ურთიერთდახმარების  ხელშეკრულება აღიზიანებდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის ჩაშლას, რადგან მეზობლების წარმატებული შეთანხმება საბოლოოდ უკლავდა კავკასიონის ქედის გადმოლახვის პერსპექტივას და შესაძლებლობას, ცალ-ცალკე გაესწორებინა ანგარიში რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკებისთვის.

ნათიშვილ-რომანოვსკის მისიის კრახიდან ერთი თვეც კი არ იყო გასული, როდესაც ბათუმის პორტში, სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდმა „Буг“-მა 1919 წლის 25 ივლისს დილის 10 საათზე, რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელი გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი თავის შტაბთან ერთად ჩამოიყვანა.

თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათოვი:

დაიბადა 1865 წლის პირველ თებერვალს კავკავში, წარმოშობით ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა კავკავის რეალური სასწავლებელი. 1882 წელს დაამთავრა კონსტანტინოვის სამხედრო სასწავლებელი და 1885 წელს ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს – ნიკოლაევის გენშტაბის აკადემია. მსახურობდა მე-13 ქვეით დივიზიაში, ქართული მე-14 გრენადერების პოლკში, 151-ე პიატიგორსკის ქვეით პოლკში. 1897-1900 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სტავროპოლის კაზაკთა სამხედრო სასწავლებელში. 1900 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1900-1907 წლებში მეთაურობდა სუნჟენ-ვლადიკავკაზის პირველ პოლკს. მსახურობდა 65-ე ქვეით სარეზერვო ბრიგადაში, მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. 1905 წელს დაჯილდოვდა ოქროს იარაღით. 1906 წელს სამხედრო წარჩინებისთვის მიენიჭა გენერალური შტაბის გენერალ-მაოირის წოდება. 1907-1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის მეორე საარმიო კორპუსის შტაბს. 1912 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1912-1915 წლებში მეთაურობდა კავკასიის კაზაკთა პირველ დივიზიას და საარმიო ჯგუფს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლიდან კავკასიის პირველი საკავალერიო კორპუსის მეთაური და სპარსეთში მყოფი რუსული არმიის ცალკეული საექსპედიციო კორპუსის სარდალია. 1918 წლიდან კი ის გენერალ დენიკინს უერთდება და რუსეთის მოხალისეთა არმიაშია.

1919 წლის 30 ივლისს, ინგლისელების მატარებლით გენერალი ბარათოვი თავის შტაბთან ერთად ღამის 12 საათზე ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა, ხოლო 3 აგვისტოს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა. შეხვედრის ოფიციალურ დოკუმენტებში გარდა დეკლარაციული ტექსტებისა არაფერია, საიდანაც ვგებულობთ, რომ გენერალმა ბარათოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ მოხალისეთა არმია არ არის მტრულად განწყობილი საქართველოს წინააღმდეგ და რომ მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება სურს. ამასთან, მათ სჭირდებათ გარანტიები, რომ ქართული შეაიარღებული ძალები ზურგიდან არ დაესხმებიან მოხალისეთა არმიას და რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ინგუშებისა და ჩრდილო კავკასიაში მოხალისეთა არმიის სხვა მოწინააღმდეგეთა შეიარაღებას. ამაზე გეგეჭკორმა უპასუხა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განწყობილია ყველა მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად, თუმცა მშვიდობიანი მისწრაფებები საქართველოს ხელს არ შეუშლის, მუდმივად მზად იყოს მისი დამოუკიდებლობის მტრებთან საბრძოლველად.

ის, რაც ოფიციალურ დოკუმენტებს, პრესას და მემუარებს არ შემოუნახავს – ძნელი მისახვედრი არ არის: გეგეჭკორის და ბარათოვის შეხვედრა, პირველად – საომარი მოქმედებებისა და გენერალ ნათიშვილის აჭარაში საქმიანობის შემდეგ, საკმაოდ მძიმე იქნებოდა. მითუმეტეს, ქართულ მხარეს ძლიერი არგუმენტები გააჩნდა მოპირდაპირე მხარის მიმართ, კერძოდ, მოხალისეთა არმიის მთავარი შტაბიდან აგენტურული გზით მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებშიც დაწვრილებით იყო ჩამოთვლილი საქართველოს საწინააღმდეგო ოპერაციების დეტალები.

ასევე საინტერესოა, როგორი იყო ნათიშვილის მკვლელობის შემდეგ „მშვიდობისმყოფელი“ ბარათოვის ერთი შეხედვით ნაჩქარევი ჩანაცვლების პოლიტიკური კონტექსტი:

1919 წლის ზაფხულის ბოლოს ბრიტანელებმა სასწრაფო ევაკუაცია დაიწყეს ამიერკავკასიიდან; ვრცელდებოდა ხმები, რომ ბრიტანულ ჯარებს 5-6 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ მთელი რეგიონი. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობათა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მიმართეს ბრიტანელთა სარდლობას, ეშუამდგომლა თავიანთ მთავრობასთან, რომ ბრიტანული სამხედრო კონტიგენტი, როგორც უსაფრთხოების გარანტი, სულ მცირე საერთაშორისო კონფერენციის მიერ ახალგაზრდა რესპუბლიკების აღიარებამდე,  დაეტოვებინათ ადგილზე. თუმცა ბრიტანელები თავიანთ დღის წესრიგს არ ცვლიდნენ. ხელისუფლებაში საქართველოს და კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მხარდამჭერები – საგარეო საქმეთა მინისტრ კერზონის მეთაურობით – უმცირესობაში აღმოჩნდნენ… ამ მოვლენების ფონზე გასაკვირი არ არის დენიკინის აჩქარება, რომელმაც კარგად გათვალა სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი პოლიტიკური ვაკუუმი და მიუხედავად რუსეთის სამოქალაქო ომში მოხალისეთა არმიის მძიმე მდგომარეობისა, გადაწყვიტა კვლავ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მიუხედავად სიჩქარისა, ბარათოვის ვიზიტი პოლიტიკურად კარგად იყო გათვლილი, იგი საქართველოში მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა არა როგორც დენიკინის წარმომადგენელი საქართველოში, არამედ დენიკინის მოკავშირე ბრიტანეთის სარდლობის წარმომადგენლად მოევლინა საქართველოს მთავრობას. იგი მოწადინებული იყო საქართველოსა და მოხალისეთა არმიას შორის ურთიერთობები დაერეგულირებინა. ამ პოლიტიკური თამაშის მიზანი დენიკინის მხრიდან ის იყო, რომ საქართველოსთან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მოსალაპარაკებლად გამოგზავნა დე-ფაქტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებად არ ყოფილიყო აღქმული.

ბარათოვის გამოგზავნას თეთრ რუსეთში გამოუხმაურებლად არ ჩაუვლია: მისი ვიზიტის მიზნები პატარა ჯიუტ საქართველოში ღია განხილვის თემად იყო ქცეული მოხალისეთა პრესაში. რუსი ნაციონალისტი ვასილი შულგინი თავის გაზეთ „Великая Россия“-ში წერდა“

„მოხალისეთა არმია გამომსახველია მთელი რუსეთისა და მას საქართველომ ისეთი ანგარიში უნდა გაუწიოს, როგორც დიდ რუსეთს, რომელსაც ძველი რუსეთის იმპერიის ყველა სახელმწიფოში სუვერენული პრეტენზიები აქვს.“

გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველოს მთავრობა ჯიუტობაზე ხელს აიღებდა და მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების გარანტიად რუსეთისგან დამოუკიდებლობის აღიარებას არ მოითხოვდა. რუსები ასევე ითხოვდნენ – საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ უარი ეთქვა სოხუმის ოლქზე, ზაქათალის ოლქზე, ბორჩალოს მაზრაზე, ახალქალაქის და ახალციხის მაზრებზე, აჭარასა და ე.წ ოსეთზე. საქართველოს წინააღმდეგ აგორებული მთელი ეს კამპანია იმით მთავრდებოდა, რომ მოხალისეთა პრესა იმედს გამოთქვამდა – თუ ბარათოვი საქართველოსთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს, ის რუსეთის სახელსა და ღირსებას მაინც დაიცავსო. საპასუხო გამოხმაურებები არც ქართულ პრესას დაუგვიანებია: ქართველი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ – ბარათოვს მაინცადამაინც კეთილი ზრახვები არ ჰქონდა, რადგან წინასწარვე გრძნობდნენ რუსული გაზეთები საქართველოსა და აზერბაიჯანისგან უარის მოლოდინს. სოციალ-ფედერალისტების გაზეთი „სახალხო საქმე“ ბარათოვის ვიზიტზე წერდა;

„მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ბარათოვის მოღვაწეობა წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა ზ ე  შორს არ წავიდეს და მან ორგანიზაციული კავშირი არ გააბას ჩვენი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ელემენტებთან. თუ ბარათოვის მოღვაწეობამ ასეთი ხასიათი მიიღო, თუ აღმოჩნდა, რომ მისი აქ ყოფნა ერთგვარ ზნეობრივსა და იქნება ქონებრივ ენერგიასაც მატებს ჩვენში დარჩენილ რეაქციონურ წრეებს და დენიკინის მომხრეებს, იგი დაუყონებლივ გაძევებულ უნდა იქმნას საქართველოს საზღვრებიდან, თუნდაც ამისთვის მეგობრულად განწყობილი ინგლისის რისხვაც დავიმსახუროთ. არის საკითხი, რომელშიაც ჩვენ არავის დავუთმობთ და რომელთა ხელის შეხებას სიკვდილს ვამჯობინებთ, არამცთუ მეგობრების შემოწყრომას. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს, როგორც თვით ბარათოვმა, ისე ინგლისის სარდლობამ, რომელმაც მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა.“

გენერალი ბარათოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორს კიდევ სამჯერ შეხვდა 5 და 7 აგვისტოს მოლაპარაკებებისას, რომელსაც ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, ოფიციალური მხარე მხოლოდ საზღვრების დადგენის მოლაპარაკებებზე გვაუწყებს, ხოლო 10 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ ბარათოვი შტაბის გარეშე რუსეთში გაემგზავრა მოხალისეთა მეთაურ გენერალ დენიკინთან მოლაპარაკებების შედეგების გასაცნობად და ახალი სამოქმედო გეგმების მისაღებად.

მარცხნიდან მარჯვნივ: გენერალი ბერგი, პოლკოვნიკი კორბელი, ფრანგული სამხედრო მისიის მეთაური შევალე, ჩეხური ლეგიონის წარმომადგენელი და გენერალი ბარათოვი.

მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, აგვისტოს შუა რიცხვებში ბათუმში მოხალისეთა არმიამ სავალდებულო მობილიზაცია გამოაცხადა, რაც ახალი ნიშანი იყო მთელ საქართველოში მცხოვრები ქართველი ოფიცრების გარკვეული ნაწილისთვის მათივე აღმზრდელ რუსულ არმიაში, ბათუმის გზით წასასვლელად, როგორც ეროვნულ-დემოკრატების გაზეთი „საქართველო“ წერდა:

 „ეს გზა ქართველმა ოფიცრობამ გატკეცა (მე მხოლოდ დეზერტირ ოფიცრებზე ვლაპარაკობ) მათ არავინ წინ არ უხვდებოდა და წინააღმდეგობას არ უწევდა და ამ რიგათ საგრძნობი კადრი ოფიცრებისა ასეთ კრიტიკულ მომენტში გასცილდა სამშობლოს, ზოგი აშკარა სამტროთ, ზოგი პირადი საკეთილდღეოთ.“

მოხალისეთა არმიის აგრესიულ დამოკიდებულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ კარგად აღწერდა მოგვიანებით უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე:

„სხვათა შორის ღირს ავღნიშნო ერთი ფრიად საყურადღებო ფაქტი, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედ ე.წ კავკასიის არმიის მეთაური იყო ღენ. ერდელი. ის იძულებული გახდა მოდგომოდა ჩვენ საზღვარს სამხედრო გზით დარიალის უღელტეხილზე, იქედან მთხოვა მე მომეხერხებია მისი ჩამოსვლა თბილისში. ჩამოსვლისთანავე მინახულა მე და მადლობა გადამიხადა. დიდი უკმაყოფილო იყო ღენ. დენიკინის მოქმედებით. ჩვენი ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ როდესაც ღენ. დენიკინის არმიები უახლოვდებოდნენ მოსკოვს და თვითეულ ბათალიონს იქ მისთვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ერდელის განკარგულებაში ჩვენს საწინააღმდეგოდ ყოფილა 35 მხოლოდ ქვეითთა ათასეულები, როდესაც მე მას საბუთებით ხელში დავუმტკიცე, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ გვყავდა მხოლოდ 2 100 მებრძოლი, მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.“

ცენტრიდან ბარათოვი პირდაპირ ბაქოში ჩავიდა აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებების გასამართავად. მას არც აზერბაიჯანელები დახვედრიან კეთილგანწყობილად, თუმცა ბარათოვის მოქმედებებსაც ეტყობოდა, რომ დენიკინისგან უფრო აგრესიული მოქმედებების ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული, რამაც აზერბაიჯანულ პოლიტიკურ წრეებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. 27 აგვისტოს ბარათოვი აზერბაიჯანის პარლამენტს ეწვია და პრეზიდიუმს გადასცა, რომ მისი მიზანია იმ ცრუ ხმებისა და მონაჭორების გაფანტვა, რომლებიც აზერბაიჯანელებში მოხალისეთა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებაა გავრცელებული. იგი უკვე დამოუკიდებელ აზერბაიჯანს ჰპირდებოდა, რომ მისი სტატუსის საკითხი ბოლშევიკების დამარცხების შემდეგ მოწვეულ სრულიად რუსეთის სახალხო კრებაზე იქნებოდა განხილული. თუმცა აზერბაიჯანელებმა დენიკინის ემისარს მთიელთა რესპუბლიკისთვის მიცემული მსგავსი თავდაუსხმელობის პირობა შეახსენეს, რომელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე იქნა დარღვეული მოხალისეთა მიერ. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე განუცხადა ბარათოვს, რომ ვიდრე მოხალისეები თავიანთ ჯარებს დაღესტანიდან არ გაიყვანდნენ, შეთანხმებაზე ყოველი მოლაპარაკება შეუძლებელი და ნიადაგს მოკლებული იქნებოდა. აზერბაიჯანელებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსთან შეუთანხმებლად მოხალისეებთან არავითარ კავშირს არ დაიჭერდნენ. აზერბაიჯანისა და საქართველოს მტკიცე და შეთანხმებული პოზიციით წონასწორობადაკარგული ბარათოვის მიერ, ბაქოში, ალექსანდრე ნეველის საკრებულო ტაძარში წარმოთქმულმა სიტყვებმა, ამიერკავკასიაში მოკავშირეთა უმაღლესი კომისარის პოლკოვნიკი ჰასკელის ყურადღებაც კი მიიქცია და კლემანსოს და საზავო კონფერენციას საპროტესტო დეპეშა გაუგზავნა, სადაც ის კავკასიაში მოხალისეთა არმიის წარმომადგენლის არაკორექტულ ყოფაქცევაზე მიუთითებდა. 2 სექტემბერს ბარათოვმა მოხალისეთა არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიები მოინახულა და 7 სექტემბერს თბილისში თავის წარმომადგენლობაში დაბრუნდა.

„შორეული ლანდები“

1905 წლის რუსეთის რევოლუციამ დიდი დარტყმა მიაყენა იმპერიას. პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გამოფიტულმა რუსეთმა უკანასკნელი ძალების დაძაბვით მოახერხა მასობრივი წინააღმდეგობის ჩახშობა. ძველი იმპერიული წესწყობილებით და სოციალური ჩაგვრით თავგამეტებულმა ადამიანებმა, სამუშაო იარაღები გადაყარეს და კარაბინებით და ყუმბარებით შეიარაღებულებმა, „ნათელი მომავლის და თანასწორობის“ იდეებით აღტკინებულებმა, ნამდვილი ომი მოუწყვეს თვითმპყრობელობას. რუსეთის პოლიტიკურ ცენტრს არც კავკასია ჩამორჩენია, როგორც მაშინ წერდნენ თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ამბები მთელ ქვეყანას მოედო და „გურიის რესპუბლიკამაც“ საყოველთაო გამოხმაურება ჰპოვა. თუმცა რევოლუცია დამარცხდა, გამეფებულმა რეაქციამ კი მთლიანად მოშალა რევოლუციის პოლიტიკური მართვის ვერტიკალი და რევოლუციის ლიდერებს რთული გზები არგუნა, სახელმწიფო სათათბიროდან ემიგრაციაში, ციხეებში და გადასახლებაში მიუჩინა ადგილი. უმეთაუროდ დარჩენილ მებრძოლებს გაუჭირდათ შრომის იარაღებს დაბრუნებოდნენ. რევოლუცია გაიხრწნა, გუშინდელი იდეებისთვის მებრძოლი ახალგაზრდობის ნაწილი თავის რჩენის მიზნით უბრალო შარაგზის ყაჩაღებად იქცნენ, ნაწილმა კი ე.წ ჯგუფების შექმნა დაიწყო, რომლებიც ავტონომიურად მოქმედებდნენ, აღარავის ემორჩილებოდნენ და მათი ძირითადი საქმიანობაც ექსპროპრიაცია გახდა. მაგალითისთვის ყველაზე ცნობილი, მრავალრიცხოვანი და დაუნდობელი ე.წ მთაწმინდის 60 კაციანი ჯგუფი იყო, რომელსაც ცნობილი ბოლშევიკი ალექსანდრე (საშა) ობოლაძე მეთაურობდა. მათ საკუთარი სტამბაც კი ჰქონდათ. მაშინდელი ტრაგიკული მდგომარეობის აღსაქმელად საკმარისია პრესის ფურცლების გადაშლა, საიდანაც ყოველდღიურად მოედინებოდა ინფორმაცია ძარცვა-ყაჩაღობის თუ მკვლელობების შესახებ, რომლებიც მიუხედავად ხელისუფლებისა და პოლიციის დაუნდობლობისა, არ წყდებოდა. მოგვიანებით სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი) ივანე ტატიშვილი თავის მოგონებებში წერდა, თუ რა მძიმე ბრძოლა მოუხდათ რეაქციის შემდგომ პარტიული ორგანიზაციების აღდგენისას, გაყაჩაღებული ყოფილი რევოლუციონერების განსაიარაღებლად და დასამორჩილებლად.

1908 წლის 12 სექტემბერს საღამოს 8 საათზე, ცნობილი ბათუმელი ექიმის ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის სახლში ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა და ექიმის ცოლს – ვერა ლაზარეს ასულს, რომელიც გინეკოლოგი იყო, ავადმყოფი დის გასასინჯად გაყოლა სთხოვა. რადგანაც ვერა ავად იყო, მან ახალგაზრდებს გაყოლაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც თვითონ ტიმოლეონმა გამოთქვა დახმარების სურვილი. სტუმრებს დაბნეულობა დაეტყოთ, თუმცა ბოლოს დასთანხმდნენ  და სამედიცონო ჩანთის მომზადების შემდეგ ექიმთან ერთად ეტლით წავიდნენ. 10 საათზე ექიმის სახლში უცნობი, მაღალი ახალგაზრდა მივიდა, რომელმაც ექიმის ცოლს ტიმოლეონის ხელით დაწერილი წერილი გადასცა, სადაც ის ცოლს სწერდა – ექსპროპრიატორები 30 000 მანეთს მოითხოვენ გამოსასყიდათ და მიშველეთო. ახალგაზრდამ მაშინვე მოითხოვა ფული, მაგრამ  წარმოუდგენლად დიდი თანხის არქონის გამო ვერა ლაზარეს ასულმა უცნობს სთხოვა – „მოუარეთ ქმარს, არ მომიკლათ, რამეს გავახერხებ და გადმოგცემთ ფულს“. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ბათუმში საყოველთაოდ პატივცემული ექიმი ტრიანდაფილიდისის გატაცების ამბავი, რომლის გამოკვლევებსაც მალარიის და ქოლერის დამარცხება და ათასობით ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდებოდა, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ამან საყოველთაო მღელვარება, მთელი ადმინისტრაციისა და პოლიციის ფეხზე დადგომა გამოიწვია, რაც გამტაცებლების გეგმებში არ შედიოდა. ჩიხში მომწყვდეულებმა გამოუსწორებელი უბედურება დაატრიალეს.

17 სექტემბერს ქობულეთთან ახლოს სიმინდის ყანაში იპოვეს მოკლული ექიმი ტრიანდაფილიდისის გვამი. დამნაშავეთა ძებნამ და დაკავებამ თითქმის ერთ წელს გასტანა, რაშიც გამოძიებას უკვე გარდაცვლილი ექიმიც დაეხმარა, მან სიკვდილამდე მოახერხა და პერანგის სახელოებზე ფანქრით გამტაცებლების სახელები დაიწერა, რომლებითაც ისინი ერთმანეთს მიმართავდნენ.

საბოლოოდ, სასამართლოს 15 ბრალდებული გადასცეს. 1909 წლის 2 ოქტომბერს ბათუმში სამხედრო-საოლქო სასამართლომ გაარჩია ექიმი ტრიანდაფილიდისის მკვლელობის საქმე, ბრალდებულებს იცავდნენ სასამართლოს მიერ დანიშნული პორუჩიკი ლიუბიმოვი და ცნობილი ადვოკატები ნიკო ელიავა და ივანე კაჩუხაშვილი. სასამართლო სამი დღე გაგრძელდა და 5 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე გამოაცხადდა 13 ბრალდებულის განაჩენი:

ვიქტორ რამიშვილს, კ. ჟღენტს, ილია ჯინჭარაძეს, პროკოფი დოლიძეს, ცინცაძეს, თავდიშვილს, იუნიურს რეჯებ-ოღლის, ალი რეჯებ-ოღლის და ხასან რეჯებ-ოღლის მიესაჯათ ჩამოხრჩობა. ამათგან, ვიქტორ რამიშვილი – ფერშლის თანაშემწედ, ილია ჯინჭარაძე კი დარაჯად მუშაობდა ბათუმის საავადმყოფოში. ისინი კარგად იცნობდნენ ექიმს. დანარჩენებს – საქმის მიმცემ ექიმის მოსამსახურე რომანოზ რევიას, ბაიდურ სეილ-ოღლის, მამედ კადიმ-ოღლის და ახმედ კატილ-ოღლის სამუდამო კატორღა.

დამცველებმა განაჩენი გაასაჩივრეს, მაგრამ კავკასიის მეფისნაცვალმა საჩივარს მსვლელობა არ მისცა და მხოლოდ ხუთს, სიკვდილით დასჯა სამუდამო კატორღით შეუცვალა, ხოლო რამიშვილის, ჟღენტის, ცინცაძის და დოლიძის სიკვდილით დასჯის განაჩენი ძალაში დატოვა.

სასამართლოს წინაშე მხოლოდ ორი ბრალდებული არ წარსდგა: აფხაზი – ასლან ჩამო-ოღლი 1908 წლის 13 ნოემბერს ქობულეთში მოკლეს დაკავებისას, ორმხრივ სროლაში ხოლო ერთმა ბრალდებულმა – მიმალვა მოახერხა.

უხერხული მოწმე სამსჯავროზე

1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა სასტიკი ტერორი დაიწყეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ემიგრაციაში არ წავიდნენ და საქართველოში საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიის იმედად დარჩნენ. დარჩენილი ქართველი სამხედრო კონტრ-დაზვერვის ოფიცრების თუ განსაკუთრებული რაზმის ჩინოსნების გარკვეული ნაწილი შურისძიების ნიადაგზე 1921-1923 წლებში ფიზიკურად გაანადგურეს, თუმცა საოკუპაციო უშიშროების სამსახურები მალე მიხვდნენ, რომ მათი მუშაობა მეფის ჟანდარმერია-ოხრანკისა და დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების არქივების გარეშე, რომელიც დევნილმა ხელისუფლებამ ემიგრაციაში წაიღო და აგენტურული ქსელების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, ძალიან გაურთულდებდათ. ხელისუფლების შენარჩუნების იმედი მხოლოდ საოკუპაციო წითელი არმიის უხეშ ძალაზე ვეღარ დაყრდნობოდა და ამიტომაც, თავიანთი პოლიტიკის გადახედვა დაიწყეს, რაც არამარტო ტერორის შეჩერებას, არამედ ყოფილი მოწინააღმდეგეების საკუთარ სისტემასა თუ კომუნისტურ პარტიაში ინფილტრაციას გულისხმობდა. მათზე დაკვირვებას საქართველოში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების აგენტურულ ქსელზე გასვლისათვის უნდა შეეწყო ხელი.

1926 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ) პირველი განყოფილების რწმუნებულმა არობელიძემ, მასალების მოკვლევის საფუძველზე პატიმარი ილია შერმადინის ძე ებრალიძის დაუყონებლივ განთავისუფლების განკარგულება გასცა – მიუხედავად იმისა, რომ იმავე წლის მაისში საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის რწმუნებული მელიქაძის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნით ებრალიძეს უმძიმესი ბრალი ჰქონდა წარდგენილი – ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კონტრ-დაზვერვის აგენტი იყო და პირადად ასრულებდა ნოე რამიშვილის უმნიშვნელოვანეს დავალებებს, როდესაც რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობასთან ერთად სამხედრო მინისტრის მოვალეობასაც ითავსებდა.

ებრალიძის მდგომარეობა რთული იყო: მის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევდნენ, როგორც დევნილი ხელისუფლების ზოგიერთი ყოფილი სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნები, ასევე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ბოლშევიკები. მას ბრალად სდებდნენ, რომ 1918 წელს ხელისუფლების დავალებით ორგანიზება გაუკეთა ბათუმის ოლქის აგენტურულ ქსელს და ოსმალების მიერ ოკუპირებულ ბათუმში მოქმედ საქართველოს საკონსულოში სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობასაც ასრულებდა, როგორც რამდენიმე უცხო ენის კარგი მცოდნე. 1919 წელს ხელისუფლებისგან საიდუმლოდ ჰქონდა ჩაბარებული და კონტრ-დაზვერვით საქმიანობას ახორციელებდა გურიის რეგიონში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გურიის ბოლშევიკური აჯანყების სამზადისის გამოვლენაში, რითაც ხელისუფლებამ მარტივად შეძლო აჯანყების ლიკვიდაცია. 1920 წელს ებრალიძე აზერბაიჯანის მიმართულებით საქმიანობდა და საბჭოთა რუსეთის პირველი თავდასხმის დროს მათ ზურგში აქტიურად კრებდა ინფორმაციებს. რუსული თავდასხმის მოგერიების შემდეგ კი, ებრალიძე სავაჭრო წარმომადგენლის საფარქვეშ მუშაობდა წითელი არმიის მიერ დაკავებული ზაქათალის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად – მან კავშირი გააბა და გადმოიბირა ზაქათალელი ბეგები; გალაჯიევი, შახამირ კარდაშევი, მოლა მუჰამედ აბასოვი და მათთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ზაქათალაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას. ამ ყველაფერთან ერთად მას თბილისსა და კახეთში არაერთი ბოლშევიკური იატაკქვეშა ჯგუფის გამოვლენას სდებდნენ ბრალად. ძველი ნაცნობები უფრო შორს მიდიოდნენ და მეტი დამაჯერებლობისთვის მას ექიმი ტრიანდაფილიდისის გატაცებაში მონაწილეობასაც კი უხსენებდნენ.

მაგრამ იყო ერთი საკითხი, რომელზედაც ზოგიერთ მოწმე ბოლშევიკს იმდენად ძლიერ უჭირდა საუბარი, რომ ცდილობდნენ მისი ზედაპირული განხილვით დაეძვრინათ თავი. თუმცა კუთხეში მიმწყვდეული ებრალიძის ჩვენებები და საქმის მასალები ფარდას ხდიდნენ 1919 წლის 13 სექტემბერს თბილისში მომხდარ თავდასხმას გენერალ ბარათოვზე, რომლის ორგანიზებაშიც ილია ებრალიძე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორც მოკავშირე, რომელსაც დავალებული ჰქონდა ყოველგვარი ინფორმაციის შეკრება მიზანში ამოღებულ გენერალზე.

1924 წლის დეკემბერში ილია ებრალიძე ამიერკავკასიის კომუნისტური პარტიის საკონტროლო კომისიისადმი მიწერილ წერილში ბარათოვზე თავდასხმის დეტალებსაც იხსენებდა;

„ამ ხანებში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოვიდა ამხანაგი არკადი ელბაქიძე, მან მომმართა მე წინადადებით მოგვწეყო „ბაევაია ორგანიზაცია“. ამხ. არკადი იყო ჩვენი ჯგუფის წევრი, რომელმაც კარგად იცოდა ჩემი ორგანიზატორული ნიჭი. ამ ორგანიზაციის მიზანიც დიდი იყო, მხოლოდ ზოგიერთს ვათავსებ, ვინაიდან დაწვრილებით ის დიდ ადგილს მოითხოვს. პირველი ჩვენი მიზანი იყო რაც არ უნდა დაგვჯდომოდა აგვეფეთქებინა გენერალ ბარათოვის ბინა კიროჩნი ქუჩაზე, მეორე ჩვენი მიზანი იყო უნდა აგვეფეთქებინა ის გემები, რომელთაც მიჰქონდათ დიდძალი იარაღი დენიკინის და ვრანგელის ბანაკში. შედგა ჯგუფი ლადო დუმბაძის მეთაურობით, წევრები; მე, ამხანაგი არკადი ელბაქიძე, მოწვეული იყო ქუთაისიდან ამხ. აკაკი დალაქიშვილი (რომელიც 1922 წ. უცბათ მოკლა მისმა ამხანაგმა) ისიც ჩვენი ძველი ჯგუფის წევრი იყო. დამხმარეთ ამხ. არკადიმ მოიწვია ამხ. გიგო კიკნაძე და ბენო კალანდაძე, მათ მაშინ ყავდათ თავის ავტომობილი, რომლითაც ჩვენ ძლიერ გვეხმარებოდნენ. ამ ჯგუფში სახელი და გვარი არ მაგონდება ამხ. ლადომ მოიყვანა ერთი რუსი ამხანაგი, რომელიც შედიოდა ჩვენს ორგანიზაციაში. ამ დროს ჩვენთან ოდესიდან ჩამოვიდნენ ორი მეზღვაური, რომლებმაც ერთი გემი მარილი ჩამოიტანეს, ამ მარილში იყო მოწყობილი 11 ცალი ჯოჯოხეთის მანქანა. იმ ჩამოსული ამხანაგების და ჩვენი მიზანი თითქმის ერთი და იგივე იყო და მათი ჩამოტანილი მანქანები კიდევ მეტ სიმხნევეს გვაძლევდა და ორი ამხანაგის გამოყენება შეიძლებოდა, პირველათ როგორც მოგახსენეთ შევუდექით ბარათოვის ბინის აფეთქებას, მაგრამ დიდი ხლაფორთის შემდეგ დრო გადიოდა და შიგნიდან არ ხერხდებოდა, ამხ. ლადო დუმბაძე კი თხოულობდა სიჩქარეს, შემდეგ იყო გაკეთებული თავდასხმა, რომელიც დამთავრდა არა ჩვენდა სასარგებლოდ და დავკარგეთ ერთი საუკეთესო რევოლუციონერი, ამ თავდასხმაში კიდევ მონაწილეობას ღებულობდა ამხ. ვ. წივწივაძე და ამხ. მარდალეიშვილი. ამ აქტის შემდეგ ორ მეზღვაურთან ერთად გავემგზავრე ბათუმში დასახული მიზნების განსახორციელებლათ, ბათუმში ნამყოფ ერთი ოფიცრის, რომელიც იყო ოხრანათ ინგლისელების ზღვის ნაპირებზე მოვახერხეთ ინგლისურ გემზე ჯოჯოხეთის მანქანის მოწყობა, რომელიც იყო ამუნიციით დატვირთული, მაგრამ დღემდის საიდუმლოთ ჩემთვის არ აფეთქდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მოვაწყვეთ მეორე გემზედ, გემ „ვოზრაჟდენიეზე“ რომელიც აგრეთვე იდგა ბათუმის ნავთსადგურში დატვირთული და იმ დღეებში უნდა გამგზავრებულიყო ვრანგელის სამეფოში. ეს აფეთქდა მაგრამ ზედა ნაწილი და მიაყენა ცოტა ზიანი, ამ ჯგუფის მოძრაობა დროებით ამით დამთავრდა.“

მართალია, ებრალიძე თავის მოხსენებაში ხშირად წერდა, რომ საქმის დელატები დიდ ადგილს დაიჭერდა და რომ ამიტომ არ მიაჩნდა საჭიროდ მათი მოყოლა, რადგან ამის შესახებ ისედაც იცოდნენ ცოცხლად დარჩენილმა ამხანაგებმა, თუმცა დაპატიმრების შემდეგ, მას უკვე ბევრჯერ მოუწია თავდასხმის დეტალების მოყოლა. იგი იხსენებდა, რომ მან ბაქოდან გენერალ ბარათოვის დაბრუნების ამბავი გადასცა ლადო დუმბაძეს, რომელმაც გადაწყვიტა ვერის დაღმართზე თავდასხმის მოწყობა რომლის შესრულებაც ელბაქიძეს დაავალა. ილია ებრალიძე წინააღმდეგი იყო ელბაქიძის უშუალო მონაწილეობის, რადგან მას ბოლო დროს გული არ ჰქონდა წესრიგში, მაგრამ ელბაქიძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და აკაკი დალაქიშვილს შეატყობინა, რომ მას გაეწია დახმარება. თუმცა დანიშნულ დღეს დალაქიშვილი გაურკვეველი მიზეზის გამო არ გამოცხადდა და ელბაქიძეს სხვებს შორის მოუხდა არჩევანის გაკეთება. ებრალიძე ჩვენებაში წერდა:

„მეორე დღეს მან სისრულეში მოიყვანა თავის გადაწყვეტილება და თავდასხმის დროს დაიღუპა, მე არ შემეძლო დავხმარებოდი მას, რადგან მოშორებით ვიყავი და ვასრულებდი სიგნალიზატორის როლს, ასევე ვერ დაეხმარნენ ამხანაგები ვისაც დავალებული ჰქონდათ მათი დაცვა, რადგან თავდასხმის შემდეგ ამხანაგი ელბაქიძე იმ მხარეს გაიქცა სადაც არც ერთი ჩვენიანი არ იმყოფებოდა.“

ილია ებრალიძე თავის ყველა ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ის კომუნისტური იატაკქვეშეთის წევრი იყო და სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომარაგების სამინისტროში მხოლოდ ოჯახის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო იყო იძულებული ემსახურა, რაშიც მას რუსეთის პირველი რევოლუციის დროინდელი თანამებრძოლი, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაეხმარა. საქმის მსვლელობიდან ჩანს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო კონტრ-დაზვერვის აგენტობაში მხილებულ ებრალიძეს, რომლის წინააღმდეგ საგანგებო კომისიის აგენტების მოკვლეული დეტალური ცნობებიც კი არსებობდა, არ აიძულებენ აღიაროს წარსული საქმიანობა. გამოძიება თვალს ხუჭავს საქმის მასალებზე და „ჯანმრთელობის გაუარესების“ მიზეზით ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მიერ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩნდება ეჭვი, რომ ბარათოვზე თავდასხმის საქმე უხერხულობას უქმნიდა მასში მონაწილე ბოლშევიკებს, რომელნიც ცდილობდნენ თავი აერიდებინათ პასუხებისათვის.

ერთ-ერთი მათგანი – ვასილ წივწივაძე – საერთოდ უარყოფდა ებრალიძის ყოფნას თავდასხმის დღეს და ამტკიცებდა, რომ ის ჯგუფს ეჭვის საფუძველზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე ჩამოაშორეს. თუმცა, ამ შემთხვევაში გაუგებარი რჩება თავდასხმის ორგანიზატორების მხრიდან საქმის გაგრძელების მოტივი. წივწივაძის ჩვენებაც წინააღმდეგობაში მოდის საქმის სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან.

გენერალ ბარათოვზე თავდასხმიდან ერთი საუკუნის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურის ამოტივტივება, როგორიც ილია ებრალიძეა საინტერესოს ხდის თუ ვინ იყო ეს დღემდე უცნობი და ბურუსით მოცული პერსონა, რომლის საქმეც თავდაყირა აყენებს კომუნისტური პროპაგანდის მიერ, თეთრ გენერალზე თავდასხმის ერთ აბზაცში ჩატეულ ლეგენდას.

ილია შერმადინის ძე ებრალიძე

დაიბადა 1886 წელს, ლანჩხუთში. ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის ქუთაისში ჩავიდა და მუშაობა დაიწყო ფეიქაროვის რკინეულობის მაღაზიაში, სადაც 1903 წელს უკავშირდება სოციალ-დემოკრატიულ წრეებს და აქტიურად ებმება პარტიულ საქმიანობაში. 1904-1905 წლებში იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ფრაქციას მიეკუთვნება, ხოლო რევოლუციის დამარცხების შემდეგ 1906 წელს ბოლშევიკებთან გადადის და იატაკქვეშა საბრძოლო ორგანიზაციის აქტიური წევრი ხდება. იქ მან თავი გამოიჩინა და მალე კამოს ტერორისტულ ჯგუფში მიიწვიეს. ამ ჯგუფში ებრალიძე სხვებთან ერთად არკადი ელბაქიძესაც გაიცნობს და მონაწილეობას ღებულობს პარტიის საჭიროებისთვის არაერთ ექსპროპრიაციაში, მათ შორის 1907 წელს ერევნის მოედნის ცნობილ თავდასხმაში. აფეთქებებისას ებრალიძე დაიჭრა და კონტუზიაც მიიღო, თუმცა შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო. კამოს საზღვარგარეთ გასვლის შემდეგ ის კიდევ რამდენიმე თავდასხმაში მონაწილეობს თბილისსა და ქუთაისში. ილია ებრალიძე მონაწილეობას იღებს ასევე ქუთაისის ციხიდან პატიმრების გაქცევის მოწყობაში.

მალე დევნისგან თავის დასაღწევად ის გურიაში გადადის, ხოლო შემდეგ 1908 წელს ბათუმში, სადაც ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად ბანკის ძარცვას გეგმავს. თუმცა გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ჯგუფმა ფულის გამოძალვის მიზნით ცნობილი ექიმის ტრიანდაფილიდისის ცოლის გატაცება გადაწყვიტა, გარემოებათა გამო კი მათ ხელში თვითონ ექიმი აღმოჩნდა. საქმის გახმაურების გამო ჩიხში მომწყვდეულებმა ექიმი მოკლეს. გამტაცებლებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ებრალიძემ მოახერხა. ის ჯერ ქუთაისსა და ხონში იმალებოდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, მასაც მიაგნებდნენ, კონტრაბანდისტების გემით თურქეთში გაიქცა. ცოტა ხნით ცხოვრობდა ხოფაში. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა ასლან ბეგ აბაშიძეს, რომელიც მას ფინანსურ დახმარებას უწევდა.

ორი თვის შემდეგ ებრალიძე მიდის ტრაპენზუდში, სადაც დააპატიმრეს, როგორც უპასპორტო და 6 თვე მოუწია ციხეში ჯდომა. მას უკან რუსეთისთვის გადმოცემა ემუქრებოდა თუმცა „ახალგაზრდა თურქებისა“ და დაშნაკების დახმარებით ციხიდან თავის დაღწევა მოახერხა. გათავისუფლების შემდეგ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფრანგული გემით ჯერ მარსელში გარბის, შემდეგ კი ბიძასთან მიდის ნიუ-იორკში. თუმცა, ავადმყოფობის და კლიმატთან შეუთავსებლობის გამო იქედან მალე ეგვიპტეში ქალაქ ალექსანდრიაში გადადის, სადაც საკონდიტრო წარმოებაში იწყებს მუშაობას და ტექნიკურ კურსებზეც სწავლობს. 1912 წელს მას აპატიმრებენ. 1913 წელს განთავისუფლების შემდეგ ისევ მარსელში ბრუნდება, სადაც ერთი წლის განმავლობაში ქიმიის ინსტიტუტში სწავლობს. 1914 წელს ილია ებრალიძე კონსტანტინოპოლში გადადის და ილია ჩაჩავას სახელით მუშაობას იწყებს კონსტანტინოპოლის რუსულ ბანკში.

ილია ებრალიძის საქმეში არის ერთი საინტერესო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მას 1914 წელს კონსტანტინოპოლში ხვდება ევგენი გეგეჭკორი. გეგეჭკორს ის ქუთაისიდან, 1904-1905 წლების მენშევიკურ წარსულიდან იცნობდა. გეგეჭკორმა დაუყონებლივ შეატყობინა თანაპარტიელებს საქართველოში ამ შეხვედრის შესახებ.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ილია ებრალიძე უახლოვდება საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს, რომელთანაც მას რეკომენდაცია სოციალ-დემოკრატმა კალანდაძემ (?) გაუწია. 1915 წელს ებრალიძეს გერმანიაში გზავნიან, სადაც  6 თვის განმავლობაში „ჩაჩავას“ გვარით სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში და სასწავლებლის დასრულების შემდეგ ობერ-ლეიტენანტის ჩინით  მუშაობდა Sektion politik-ის კომენდატურაში (section politik berlin des generalstabes des feldheeresსახმელეთო ძალების გენერალური შტაბის ბერლინის პოლიტიკის სექცია – იყო გერმანიის იმპერიის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის III b ერთერთი განყოფილება, ომის დროს ევალებოდათ გერმანიის მტრულ სახელმწიფოებში რევოლუციური პროცესების და აჯანყების ხელშეწყობა. ომის წლებში ბერლინის პოლიტიკის სექციის მეთაურები იყვნენ ჯერ რუდოლფ ნადოლნი და შემდეგ ერნესტ ფონ ჰიულსენი) და ტყვეთა ბანაკებში, როგორც რუსული ენის მცოდნე. საინტერესოა ის ფაქტი რომ მასთან ერთად იქ მუშაობდა ქართველი ლეგიონერი ობერ-ლეიტენანტი შალვა წერეთელი, ფსევდონიმით „ჩახრუხაძე“, რომელიც შემდგომ ცნობილი საბჭოთა ჩეკისტი გახდა. 1918 წელს ილია ებრალიძე რუმინეთის გავლით ფოთის პორტში, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ბრუნდება.

ქართული ლეგიონი. ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსული ოკუპაციის დაწყების შემდეგ ილია ებრალიძე მთავრობის საიდუმლო დავალებით, ხუთკაციანი ჯგუფით თელავში მიდის და იწყებს ადგილობრივი საჭირო ხალხის და ენების მცოდნეების შეგროვებას დაღესტანში გადასასვლელად, სადაც მას ანტისაბჭოთა აჯანყების სამზადისი უნდა დაეწყო, თუმცა გამგზავრებისას ჯგუფს შეტაკება მოუხდა კახეთში შემოჭრილ წითელი არმიის ნაწილთან და ებრალიძე დაატყვევეს. თუმცა ეს შემთხვევა დაზუსტებული არ არის: ერთი ვერსიით მან ტყვეობიდან თავი ადგილობრივი კომუნისტის ნიკოლოზ ამირაღოვის დახმარებით დაიხსნა და თბილისში დაბრუნდა. სხვა ვერსიით კი ის შეტაკებაში დაიჭრა და რაზმის წევრებმა დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპაციის შემდგომ ებრალიძე ამირაღოვთან ერთად მუშაობას იწყებს, სურსათის სახალხო კომისარიატში, საიდანაც მათ სასურსათო კრიზისის გამო ხშირად უწევდათ საქართველოს რეგიონებში, ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში სიარული. დაპატიმრებამდე ის ასევე მუშაობდა „ევკოგრუზში“.

ებრალიძის ბიოგრაფიაში არის ერთი საინტერესო მომენტი – როგორც ენების მცოდნე, იგი 1921 წლის მარტში, საგარეო საქმეთა კომისარიატის სპეციალური მიწვევით მე-11 არმიის სარდალმა ჰეკერმა და რევკომის წევრმა შალვა ელიავამ საიდუმლო მოლაპარაკებებზე დასასწრებად წაიყვანეს ყარსში, სადაც ის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

დასკვნის მაგიერ

ნიკოლოზ ბარათოვზე თავდასხმის საქმეს – „თაროზე შემოდებულსაც“ ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ამსახველი დოკუმენტური მასალა ათწლეულების მანძილზე „საიმედოდ“ გაიფანტა და დაილექა ქართული არქივებისა თუ პერიოდიკის ფსკერზე. თავის დროზე ძალზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ასი წლის თავს ისევ საბჭოთა ჰეროიკაში შემორჩენილი ერთი აბზაცის ამარა შეხვდა. თუმცა, დღეს ქართულ თუ უცხოურ არქივებსა და პერიოდიკაში შემონახული მასალების საფუძველზე შესაძლებელია გენერალ ბარათოვის საქართველოში ვიზიტის და მასზე თავდასხმის სურათის ნაწილობრივ აღდგენა:

  1. რუსეთის მოხალისეთა არმია და მისი მეთაური გენერალი ანტონ დენიკინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივ აღიარებასაც კი არ განიხილავდა და მას სხვა, ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი რესპუბლიკების მსგავსად რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. დენიკინი საქართველოს მიმართ მუდმივად აგრესიულ ნაბიჯებს დგამდა, იქნებოდა ეს პირდაპირი სამხედრო აგრესია, განსაკუთრებით – აფხაზეთის მხრიდან, თუ საიდუმლო ომი, რომელიც კარგად ჩანდა მისივე ემისრის, გენერალ ნათიშვილის მოქმედებებში – აჭარაში. გენერალ ნათიშვილის მკვლელობის შემდეგ, გენერალ ბარათოვის მისიას სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სამშვიდობოს, რადგან მისი ვიზიტი იდეოლოგიურად კარგად იყო მომზადებული და ამას მოხალისეების საინფორმაციო საშუალებები არც მალავდნენ. გენერალ ბარათოვის ჩამოსვლას არ მოჰყოლია სამხედრო ზეწოლის შერბილება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით აფხაზეთის მხარეს და არ შეწყვეტილა კავკასიონის გადმოსასვლელებზე მცირე საბრძოლო შეტაკებები რუსულ და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, რასაც ბარათოვის მისიის მიერ მეფის რუსეთის არმიაში აღზრდილი კვალიფიციური ქართველი ოფიცრების გადაბირება და რუსეთის სამოქალაქო ომში გადინება დაემატა.
  2. გენერალ ბარათოვზე თავდასხმის დღემდე დამკვიდრებული ვერსია შემდეგნაირ სცენარს გვთავაზობს: სამოქალაქო ომში ჩართული რუსეთის კომუნისტური პარტია შეაშინა საქართველოსა და მოხალისეებს შორის მოლაპარაკებამ, რის შემდეგაც მათ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში დაგეგმეს გენერალ ბარათოვის მკვლელობა, რასაც ერთი მხრივ მოსალოდნელი შეთანხმება უნდა ჩაეშალა და მეორე მხრივ, მოსალაპარაკებლად ჩამოსული მნიშვნელოვანი პირის მკვლელობით გაემწვავებინათ საქართველოსა და მოხალისეთა არმიის შორის ურთიერთობა. თუმცა, გაურკვეველია, მეტად როგორ უნდა გამწვავებულიყო ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეების ურთიერთობა. ბოლშევიკური ტერორისტული თავდასხმა ისედაც ვერანაირად ვერ დაბრალებოდა ოფიციალურ ქართულ ხელისუფლებას. 1919 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც საქართველოში გენერალი ბარათოვი ჩამოვიდა, ბოლშევიკური იატაკქვეშეთი ფაქტობრივად სულს ღაფავდა. 1918 წლიდან მოყოლებული ქართული სპეცსამსახურებისა და სახალხო გვარდიის ძალისხმევით ისედაც მცირერიცხოვანი ბოლშევიკური ჯგუფები დაპატიმრებულნი, განადგურებულნი ან საქართველოს საზღვრებიდან გაძევებულნი იყვნენ. საქართველოში დარჩენილი მცირე ძალები კი მთლიანად კონტროლქვეშ ჰყავდა ქართულ სპეცსამსახურებს. საქართველოში ბოლშევიკური იატაკქვეშეთის გამოცოცხლება და გააქტიურება 1919 წლის შემოდგომიდან იწყება, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა რუსეთის სამოქალაქო ომში გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა, 1919 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბოლშევიკური გამოსვლებიც ძალიან სუსტი და განწირული იყო, მათი გეგმები წინასწარ ცნობილი გახდა ქართული სპეცსამსახურებისთვის და ხელისუფლებას აჯანყების ლიკვიდაცია არ გასჭირვებია. აქედან გამომდინარე, ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფისთვის წარმოუდგენლად რთული იქნებოდა მსგავის მასშტაბის საქმის წამოწყება, ისე რომ ქართული სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. მითუმეტეს, ძველი გამოცდილი ტერორისტები კარგად იცნობდნენ მათი მოწინააღმდეგეების კონსპირაციული მუშაობის დიდ შესაძლებლობებს და თავიანთი მწირი და არასაიმედო ბაზაც არ მისცემდათ საქმის შესრულების საშუალებას. თავდამსხმელების ჯგუფში ქართული სპეცსამსახურების გამოცდილი და მნიშვნელოვანი აგენტის ყოფნა მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთათვის თავიდანვე ცნობილი იყო ბოლშევიკების განზრახვა და ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა თუ ადგილსამყოფელი, რაც მას თავდამსხმელების თავიდანვე განეიტრალების საშუალებას აძლევდა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა. აღნიშნული გარემოებები ტოვებს ორ შესაძლებლობას:

ა) ქართულმა მხარემ წინასწარ იცოდა თავდასხმის სამზადისი, ხელი არ შეუშალა მას და პასუხისმგებლობა დევნის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელის მოკვლით აირიდა.

ბ) ქართველი  მაღალჩინოსნები, მათ შორის ნონანკურის მიერ ნახსენები ვალიკო ჯუღელი, თვითონვე გავიდნენ კავშირზე და შეუთანხმდნენ ყოფილ თანამებრძოლ ბოლშევიკებს, ორივე მხარისთვის მეტად არასასურველი და გავლენიანი გენერალი ბარათოვის თავიდან მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მეტად უფრთხოდა რუსეთის სამოქალაქო ომში მონარქისტულად განწყობილი, რეაქციონერი მოხალისეების გამარჯვებას, რაც საქართველოს გარანტირებულად უქადდა რუსეთის უუფლებო გუნერნიად დაბრუნებას.

ნიკოლოზ ბარათოვმა ოპერაციის შემდგომ მალევე დატოვა საქართველო და მას აქტიური სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებაც მოუწია. იგი 1920 წლის მარტ-აპრილში ასრულებდა სამხრეთ რუსეთის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას, ხოლო მოხალისეთა არმიის მარცხის შემდეგ, სხვა მეთაურებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და გენერალ ვრანგელის დავალებით დახმარებას უწევდა დევნილ სამხედროებსა და ინვალიდებს. 1920-1932 წლების განმავლობაში ბარათოვი იყო რუსეთის სამხედრო ინვალიდების ორგანიზაციის საზღვარგარეთის კავშირის თავმჯდომარე და ყოველთვიური სამხედრო-სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთის „რუსი ინვალიდის“ მთავარი რედაქტორი. 1931 წლიდან იგი კავკასიის ჯარების ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარე გახდა. ნიკოლოზ ბარათოვი გარდაიცვალა პარიზში 1932 წლის 22 მარტს. დაკრძალულია სენტ ჟენევიევ და ბუას რუსულ სასაფლაოზე.

ილია ებრალიძე 1937 წელს დიდი ტერორის დროს კვლავ დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის  სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილებამ. ამ დროისათვის იგი „მონკავშირის“ საბჭოთა მეურნეობის მომარაგების განყოფილების გამგედ მუშაობდა, მას ბრალად ისევ დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურებში მუშაობა წაუყენეს. ასევე მას ბრალად დასდეს კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციასთან კავშირი და ურთიერთობა „ხალხის მტრებთან“ – ბესარიონ კვირკველიასთან, ბუდუ მდივანთან, გერმანე მგალობლიშვილთან და კარპე მოდებაძესთან. ილია ებრალიძეს 1937 წლის 28 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია მიუსაჯა, რაც მომდევნო დღეებში აღასრულეს კიდეც.

გენერალ ბარათოვზე თავდასხმის სხვა მონაწილეების ბედიც მძიმედ წარიმართა:

პავლე მარდალეიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზურგის სამსახურის უფროს ვალოდია სულაქველიძის ბრძანებით 1921 წლის 10 მარტს დახვრიტეს ქუთაისთან, საღორიის ტყეში, პოლკოვნიკ ივანოვთან ერთად საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური და დივერსიული მუშაობისთვის. მათი გვამები დაწვეს.

აკაკი დალაქიშვილი ქუთაისის საგანგებო კომისიაში (ЧК) მუშაობისას გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს 1922 წელს, სავარაუდოდ შიდა დაპირისპირების ნიადაგზე.

ლადო დუმბაძე და კოტე ცინცაძე 1926 წელს გადაასახლეს როგორც „ტროცკისტული ოპოზიციის“ წევრები და ორივე მათგანი გადასახლებაში დაიღუპნენ.

ტიტე ლორთქიფანიძე, ვასილ წივწივაძე, ბენო კალანდაძე და გიგო კიკნაძე 1937 წლის განმავლობაში დააპატიმრეს და დახვრიტეს – „კონტრ-რევოლუციონური, დივერსიულ-ტერორისტული და ჯაშუშური საქმიანობის“ ბრალდებით.

გენერალ ბარათოვზე თავდასხმის მონაწილეების 1920-1930-იან წლებში ფიზიკურად განადგურებამ მნიშვნელოვნად დააზარალა მისი საქმის გამოძიების პერსპექტივა და ერთ დროს გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას თითქმის სამუდამო დავიწყების განაჩენი გამოუტანა.

სტატიის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის ავტორი მადლობას უხდის ბექა კობახიძეს, გიორგი ასტამაძეს, გიორგი მამულიასა და ანა ჭეიშვილს.

Exit mobile version