Placeholder canvas
ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ექვსი კანდიდატი გამოვლინდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ – სასამართლო სისტემის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა დამოუკიდებელმა ორგანომ, დღეს ფარული კენჭისყრის შედეგად, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი გამოავლინა, რომელიც ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 2019 წლის მაისში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიის შევსებას გეგმავდა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხოლოდ 14 მოსამართლე აირჩია.

დარჩენილი ვაკანსიების შესავსებად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები – ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ილონა თოდუა, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და პაატა სილაგაძე შეარჩია.

მათი შერჩევა მოხდა იმ კონკურსანტებიდან, რომლებთანაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ივლისსა და აგვისტოში საჯარო გასაუბრებები გამართა. ამასთან, პაატა სილაგაძე, რომელმაც 12 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო, საკანონმდებლო ორგანოს უკვე მეორედ წარედგინება.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოუსმენენ, შემდეგ კი, კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ისევე როგორც პარლამენტის მიერ მანამდე არჩეულ 14 მოსამართლეს, რომელიც უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში უვადოდ გამწესდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს დასახელებულ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რამდენიმე თვეა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარებაში ადანაშაულებენ.

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევას კრიტიკა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც მოჰყვა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დღეისათვის 22 მოსამართლეა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თანახმად, უმაღლესი სასასამართლო ინსტანციის შემადგენლობა 28 მოსამართლით განისაზღვრება. 

2018 წლის აგვისტოდან ვაკანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაც.

კანონის თანახმად, თავმჯდომარის კანდიდატურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობიდან წარუდგენს.

ჯერ ცნობილი არ არის, როდის აპირებს იუსტიის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენას. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button