რესპუბლიკის ამბები

გურიის სამაზრო ერობა ხე-ტყის ქარხანას ქმნის

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 31 დეკემბერი, N297

გურიის ერობაში

ოზურგეთის სამაზრო ერობამ შეიძინა ფოთში სროვიაჟკას ხე-ტყის ქარხანა. გამგეობა ამ დღეებში გადმოიტანს ამ ქარხანას ნატანებში და შეუდგება გურიანთის აგარაკში მდებარე ტყეების დამუშავებას. გამგეობამ უკვე აღძრა შუამდგომლობა მიწათ-მოქმედების სამინისტროს წინაშე, რათა აღნიშნული ტყე გადმოეცეს მას საექსპლუატაციოთ, რაზედაც პრინციპიალური თანხმობა უკვე მიიღო. გურიანთის ტყე მხოლოდ რამდენიმე თვის მასალას შეადგენს აღნიშნული ქარხნისათვის; შემდეგ კი გამგეობას გადაწყვეტილი აქვს ისეთი დიდი ხელ-უხლებელი ტყეების დამუშავებას შეუდგეს, როგორიცაა ვაკიჯვრის, სურების, ერკეთის, კომის, ლიხაურ-აჭის და სხვა აგარაკები. საზოგადოთ ერობა დაადგა თავისი კუთხის ბუნებრივი სიმდიდრის ექპლოატაციის გზას, რასაც ცხადია, დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც მისი, ისე მთელი რესპუბლიკის ეკონომიური განვითარებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button