Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნების ლიდერები პატრიარქს აღსაყრდების 42-ე წლისთავს ულოცავენ

ქართული ოცნების ლიდერები დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვას დაესწრნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 42-ე წლისთავი მიულოცეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში დედაეკლესიის და პატრიარქის უდიდეს წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 42 წლის განმავლობაში, უამრავი გამოწვევისა და განსაცდელის პირობებში, „ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი… სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ“.

„დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა“, – თქვა ივანიშვილმა. „როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ“, – აღნიშნა მან.

ილია მეორეს ინტრონიზაციის 42-ე წლისთავი პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც მიულოცა. მანაც აღნიშნა, რომ ილია მეორის აღსაყრდების შემდეგ, „ყველა წელი იყო უმძიმესი“, თუმცა „მისი უწმინდესობის მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული“. გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა პატრიარქის ღვაწლს „ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში“.

კოთოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა. „ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, იყო რწმენაში დაბრუნება, იყო ბევრი ნუგეში“, – თქვა თალაკვაძემ. „მეც, როგორც ერთი მოქალაქე,  ჩვენი დიდი ოჯახის ერთი შვილი, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

86 წლის ილია მეორე საპატრიარქო ტახტს 1977 წლის 25 დეკემბრიდან იკავებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე 42 წელია მართავს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 85% ენდობა.

2017 წლის ნოემბერში, ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა. მოსაყდრე, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ეკლესიის დროებით მართვას განახორციელებს და ახალი პატრიარქის არჩევას გაუწევს ორგანიზებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button