Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა შეასრულოს

15-მა არსამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანმა არჩევნებმა, ღია საზოგადოების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შეაფასეს შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების თაობაზე ქართული ოცნების მიერ დღეს გახმოვანებული ინიციატივა, ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, „შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციურ პარტიებთან გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ, დღეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას როგორც 2020 წლის, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ემხრობა იმ პირობით, რომ 150-წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარული მანდატი 50-მდე შემცირდება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით დასაკომპლექტებელი 77 მანდატი 100-მდე გაიზრდება.

მმარველი გუნდი და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებებს დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით აწარმოებენ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, გააუქმა თავისივე გეგმა, რომლის მიხედვითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს უნდა ამოქმედებულიყო.

ოპოზიცია ხელისუფლებას კომპრომისის სახით ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიღებას სთავაზობს, რომელიც თავისი არსით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ახლოს დგას, თუმცა კონსტიტუციის ცვლილებას არ მოითხოვს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიღება, ან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ქვეყანაში სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს.

არასამთავრობოების განცხადებით, დღეს გაჟღერებული შემოთავაზებით მმართველმა გუნდმა „დაადასტურა სურვილი“, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გააუქმოს. „ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსესუსი არსებობს“, – ამბობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს გაცხადებული ინიცატივა „სრულად მიუღებელი და არასერიოზულია“, „წარმოადგენს საზოგადოების დაცინვას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესის უგულებელყოფას“ და მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, „14 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, სააერთაშორისო პარტნიორების თვალში“.

მათივე განცხადებით, მმართველი პარტია „მის მიერ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და კრიზისული სიტუაციის განსამუხტად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს“, რის დასტურადაც ის მოჰყავთ, რომ „საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ყველა შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა და მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის არცერთ ვერსიას“.

არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქართული ოცნების დღევანდელი ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას მოითხოვს. ამის გათვალისწინებით, ისინი აღნიშნავენ, რომ, თუ „ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც, ქართული ოცნების აზრით, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა“.

„მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემოს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს“.

ისინი მოუწოდებენ მმართველ გუნდს „კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button