ახალი ამბები

არასრულწლოვნის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 დეკემბერს პოლიციელს, რომელსაც, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში წარუდგინეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანი 17 დეკემბერს გარდაიცვალა ტრავმებით, რომელიც 12 დეკემბერს თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად მიიღო. 

სასამართლოს სხდომა, რომელზეც პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს, ჩატარდა საავადმყოფოში, სადაც ბრალდებული სამართალდამცველი, მოზარდის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო გადაიყვანეს.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა – ახლახან ჩამოყალიბებულმა ორგანომ, რომელიც სამართალდამცველ უწყებათა წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეთა ჩადენილ დანაშაულს იძიებს – საქმის გამოძიება 13 დეკემბერს დაიწყო, 17 დეკემბერს კი, დაღუპული მოზარდის დაკითვაში მონაწილე პოლიციელი დააკავა. 19 დეკემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულ პოლიციელს ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ოფიციალურად წარუდგინა

საქმის ახალი გარემოებები

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელმაც, თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში უხამსი წარწერების გაჩენის საქმეზე, დაკითხვაზე აწ უკვე გარდაცვლილი მოზარდი დაიბარა, „არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით“ და მოზარდს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა. ამავე განცხადების თანხმად, მას შემდეგ, რაც მოზარდისგან დანაშაულის აღიარებაზე უარი მიიღო, „გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს“.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ გამომძიებელმა აწ გარდაცვლილ მოზარდს დაკითხვის დროს დაუპირისპირა სხვა მოწმეები, მათ შორის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სხვა არასრულწლოვნები. „არასრულწლოვნები, რომლებიც იმ დღეს პოლიციის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და რომლეთა დაპირისპირებაც მოხდა, განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი“, – აღნიშნა თოლორაიამ. 

მან ასევე განაცხადა, რომ გამომძიებელი, რომელიც მოზარდს კითხავდა, დაემუქრა მას, რომ თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობს, პრობლემები შეექმნებოდა. 

თოლორაიამ დაადასტურა მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოზარდის დედამ დაახლოებით 20 წუთით დატოვა პოლიციის განყოფილება, რათა სახლიდან მოეტანა ის დოკუმენტები, რომელიც პოლიციის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად იყო საჭირო, და ბავშვი მარტო დარჩა. სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე განმარტა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გაგრძელდა თუ არა მოზარდის დაკითხვა დედის არყოფნის პერიოდში, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევა იქნებოდა. მისივე თქმით, მოზარდის დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა მხოლოდ ვიზუალურ გამოსახულებას შეიცავს, რადგან პოლიციის შენობაში აუდიოჩაწერის წარმოება აკრძალულია. ამდენად, მისივე განმარტებით, საკითხის გასარკვევად შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება იქნება საჭირო.

ლონდა თოლორაიამ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოზარდი 6.5 საათის განმავლობაში იკითხებოდა, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ცალკე ოთახი არ არსებობს და ბიჭის დაკითხვა საერთო ოთახში მოხდა, სადაც პოლიციის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. 

დაკავებული პოლიციელის ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button