Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ოცნების დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხეს

რამდენიმედღიანი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს უმრავლესობამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენოს ერეკლე კუხიანიძის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი.

უმრავლესობიდან კუხიანიძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ დღეს მედიასთან საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა ისაუბრა. დავითულიანმა განმარტა, რომ კანონის თანახმად, საკრებულოს უმრავლესობას არ აქვს კუხიანიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხის დაყენების უფლება და რომ ეს მხოლოდ დეპუტატის პირადი განცხადების საფუძველზე შეიძლება მოხდეს.

რას მოჰყვა საზოგადოების პროტესტი?

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ პროტესტი მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს მოჰყვა. კერძოდ, 13 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„მართლაც სერიოზული პროვოკაციის ელფერი აქვს ამ ამბავს. როდესაც იცი, რომ იქ ოკუპანტია – დაგიჭერს და მაინც მიდიხარ და ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია საშუალებას ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ ოჯახი მთავრობას უპირისპირდება და მას უნიათობაში, ცინიზმში და არაადამიანობაში სდებს ბრალს – ეს არის ან იდიოტიზმი, ან პროვოკაცია“.

პროტესტის პირველი დღე

საკრებულოს დეპუტატის განცხადების გასაპროტესტებლად, 16 დეკემბერს ოპოზიციის ნაწილი საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბა და მისი გადადგომა მოითხოვა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ კი მისი სამუშაო კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა და თქვა, რომ თბილისის საკრებულოში მისი ადგილი არ არის.

საპასუხოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი კუხიანიძის განცხადებას „ემიჯნებოდნენ“, თუმცა მის შინაარსზე განმარტება კუხიანიძეს თავად უნდა გაეკეთებინა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობდა, რომ კუხიანიძის განცხადება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდებოდა.

თავად კუხიანიძემ მის ნათქვამზე პირველი განმარტებები 16 დეკემბერს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში სტუმრობისას გააკეთა. მან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სტატუსი „ემოციურ“ ფონზე დაწერა. „ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, იმ არაკორექტულობისთვის“, – თქვა მან.

კუხიანიძისვე განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს და „ჩვენ ერთად მოვახერხოთ, რომ ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ“.

პროტესტის მეორე დღე

17 დეკემბერს საკრებულოში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის ნაწილი კვლავ შეიკრიბა. მოგვიანებით ისინი საკრებულოს შენობაში შევიდნენ, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის შესასვლელი დაიკავეს, კარავი გაშალეს და სპროტესტო სტიკერები წარწერით „შეცვალე“ გააკრეს. მოგვიანებით, ადგილზე საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს კუხიანიძის მისაღების ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. თუმცა, პროტესტის მონაწილეთა ნაწილი კვლავ საკრებულოს შენობაში დარჩა. ისინი უმრავლესობის მხრიდან კუხიანიძის გარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მომხდარი მცირე დაპირისპირების დროს, წვრილმანი ხულიგნობისა და სამარტალდამცველი ორგანოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 4 მოქალაქე, მათ შორის, პარტია ევროპული საქართველოს წევრები დააკავეს. ამასთან, მათ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობა დაატოვებინეს და ყველა შესასვლელი კარი ჩაუკეტეს.

ხაბეიშვილმა საკრებულოში დაბრუნება მას შემდეგ შეძლო, რაც მან პროტესტის ნიშნად, ერთგვარი პერფორმანსის ხერხს მიმართა, საკრებულოსთან კიბე მიიტანა და საკუთარ სამუშაო ოთახში შესვლა ამ ფორმით სცადა. ამის შემდეგ ხაბეიშვილს შენობის კართან მობილიზებულმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა საკრებულოს კარი გაუღეს და შენობაში შესვლის უფლება მისცეს.

პარალელურად, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს შენობაში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებს – ნაციონალური მოძრაობის წევრს ხატია დეკანოიძეს და ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა შესთავაზა. შეხვედრა ჟურნალისტებისა და კამერების თანდასწრებით წარიმართა. შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდისგან კუხიანიძის გარიცხვის შესახებ განცხადება ვერ მოისმინეს.

მოგვიანებით, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უმრავლესობისთვის ერეკლე კუხიანიძის სტატუსი „მიუღებელია“ და იქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მასთან მიმართებით გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტდა.

იმავე დღეს, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა მედიასთან განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ისინი საკრებულოში პროტესტს იქამდე განაგრძობდნენ, ვიდრე უმრავლესობა სხდომას არ ჩაატარებდა და კუხიანიძის გარიცხვის საკითხს არ გადაწყვეტდა.

მედიასთან კომენტარი საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რაც სწორად მათ მიაჩნდათ და ეს გადაწყვეტილება „ვიღაცის მოთხოვნის“ საფუძველზე არ იქნებოდა მიღებული.

დღის ბოლოს საკრებულოში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, დროებით მორატორიუმს აცხადებდნენ, თუმცა კუხიანიძის უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მოთხოვნა უცვლელი რჩებოდა.

ერეკლე კუხიანიძე 2017 წელს მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სიით გახდა. 2015-2017 წლებში იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button