ახალი ამბები

დაიღუპა 15 წლის ბიჭი, რომელმაც თავის მოკვლა, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო სცადა

15 წლის ყმაწვილი, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბრის საღამოს თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის დედის მონათხრობზე დაყრდნობით, გასულ დღეებში ქართული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობას წინ პოლიციაში მისი დაკითხვა უძღოდა. დედა, რომელიც შვილის დაკითხვას ესწრებოდა, ირწმუნება, რომ დანაშაულის აღიარებისათვის მასზე პოლიციაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ.

მედიის თანახმად, ბავშვი დაკითხვაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში 10-11 დეკემბერს იმყოფებოდა. პოლიცია წინა ღამით, თბილისის ერთ-ერთი კერძო საშუალო სკოლის კედლებზე საღებავებით შესრულებული უხამსი წარწერების გამოჩენის ამბავს იძიებდა. კერძო სკოლის ოფიციალური განცხადებიდან გაირკვა, რომ 15 წლის ბიჭი მათი ყოფილი მოწაფე იყო, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე, მშობლის სურვილით საჯარო სკოლაში გადაიყვანეს.

ბავშვის დედამ ისიც თქვა, რომ გარკვეულ მომენტში პოლიციელმა არასრულწლოვანი ოთახიდან გაიყვანა, რის შემდეგაც იგი უკან ატირებული დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბრალდებები უარყო და თქვა, რომ არასრულწლოვნის დაკითხვის პროცედურები დაცული იყო და რომ ბავშვი, როგორც 10, ისე 11 დეკემბერს, დედის თანხლებით დაკითხეს.

განცხადებაში ისიც აღნიშნეს, რომ ბავშვმა და დედამ პოლიციის სამმართველო 11 დეკემბერს მისვლიდან 40 წუთში დატოვეს. თუმცაღა, მედიასთან მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილის ბრიფინგისას, უწყებამ დაადასტურა, რომ სამმართველოს უფროსის მოადგილე გამოკითხვის დაწყებამდე „დაახლოებით 3-4 წუთი“ ბავშვს ცალკე გაესაუბრა.

მისივე განცხადებით, „აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედამისთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით, მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია“.

საქმეზე მედიისა და საზოგადოების ყურადღების მომატების შემდეგ, 16 დეკემბერს, პოლიციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. შსს-მ აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილესა და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ.

17 დეკემბერს, ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა – ახლახან ჩამოყალიბებულმა ორგანომ, რომელიც სამართალდამცველ უწყებათა წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეთა ჩადენილ დანაშაულს იძიებს – განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე 15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებელი დააკავა.

სახელმწიფო ინსპექტორს არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით გადაეცა. 17 დეკემბერს დაკავებული გამომძიებლისათვის ბრალდების წარსადგენად და კვალიფიკაციის განსასაზღვრად ინსპექტორის სამსახურმა საქმის მასალები გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.

ყმაწვილის გარდაცვალებაზე რეაქციები თბილისში

ბავშვის გარდაცვალების ამბის გავრცელებიდან მალევე, ოფიციალურმა პირებმა თუ უწყებებმა მწუხარება გამოთქვეს და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

„ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მომხდარს ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. „ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე“, – თქვა ომბუდსმენმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ „შეძრწუნებულები“ არიან მომხდარი ამბით.

გვიან ღამით მოზარდის გარდაცვალებას შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებამ აღნიშნა, რომ „კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“.

მოძრაობამ „სირცხვილია“, რომელიც პოლიციის მიერ 20-21 ივნისს გამოვლენილი ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის, ასევე ბოლო პერიოდში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გამართული საპროტესტო ტალღის ავანგარდში დგას, ასევე გამოთქვა პროტესტი. მათი წარმომადგენლები იაშვილის სახელობის საავადმყოფოსთან მივიდნენ და დაღუპული ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრეს.

17 დეკემბერს, გვიან ღამით, მოქალაქეებმა, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა მომხდარი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებასთან, მთავრობის კანცელარიასთან და ორთაჭალაში, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების წინაც გააპროტესტეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button