ახალი ამბები

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე კვლავ ვერ თანხმდებიან

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელიც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით გაიმართა, კვლავ პროგრესის გარეშე დასრულდა.

განხილვის ძირითადი საგანი იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც გულისხმობს დღეს არსებული 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გაუქმებას და მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის, 10 მრავალმანდატიანი ოლქის შექმნას, რაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ერთ-ერთი კომპონენტია.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ნაკლოვანებებზე ისაუბრეს.

„სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობასა და ინტერესებს“, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მრავალმანდატიანი მოდელის პირობებში, საარჩევნო ოლქების გამსხვილება მოხდება, „რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას“.

„ამ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ“, – დასძინა მან.

მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მოდელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, გააკრიტიკა.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც არის საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში და ერაყში. ალბათ, იმ ქვეყნებში ეს მოდელი შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მისაღები ვერ იქნება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ქართული ოცნებისგან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს ელიან. 

„როგორც იცით, წინა შეხვედრაზე ჩვენ შევჯერდით, რომ მათ უნდა ეთქვათ საკუთარი პოზიციები, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი მოვისმინეთ“, – თქვა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ველოდებით ისევ მათი მხრიდან შემოთავაზებებს“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა: „ცუდ დღეში არიან იმიტომ, რომ ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლების შენარჩუნების რაიმე შანსი ექნებათ“.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კი ხაზი მოლაპარაკების გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა.

„ერთადერთი ადგილი, სადაც ხელისუფლება ოპოზიციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ლაპარაკობს ამ თემაზე, უხერხულობების ატანაც უწევს და რაღაცეების მოფიქრების ვალდებულებაცა აქვს, არის ეს ფორმატი“, – განაცხადა მან.

„რაუნდები გაგრძელდება. ეს არის მნივშნელოვანი იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, სულ გაიქცეს ამ მოედნიდანაც “, – დასძინა უსუფაშვილმა.

საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შუამავლობით, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს გამართეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცდილობენ მხარეთა პოზიციების დაახლოებას იმ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, გაეუქმებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების გეგმა. 

ოპოზიცია ხელისუფლებას კომპრომისის სახით ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიღებას სთავაზობს, რომელიც თავისი არსით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ახლოს დგას, თუმცა კონსტიტუციის ცვლილებას არ მოითხოვს.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიღება, ან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ქვეყანაში სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, გეგმავენ კონსტიტუციის შეცვლას, რათა შერეულმა საარჩევნო სისტემამ ფუნქციონირება 2024 წლამდე გააგრძელოს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოპალარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, 20 დეკემბერს გაიმართება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button