Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართველი ექიმის გათავისუფლება საოკუპაციო ხაზთან მოითხოვეს

ცხინვალის მიერ 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზზე დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მისი ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა აქცია ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ სოფელში – ოძისში გამართეს.

აქციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც ქართული ოცნების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც იყვნენ, დაკავებული ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა, მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი „იმყოფება თავის სამშობლოში და ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო“, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს „ანადგურებს“.

აქციის მონაწილეებმა თეთრი ხალათი სიმბოლურად ცაში გაუშვეს. ფოტო: კადრი Tok TV-ის ვიდეომასალიდან

მან მეუღლის გათავისუფლების თხოვნით ოს ხალხს და ცხინვალელ ექიმებს მიმართა, შემდეგ კი, სიმბოლურად, ცაში თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული თეთრი ხალათი გაუშვა.

„გვინდა გავუშვათ ეს თეთრი ხალათი, რომ, იქნებ, გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არა აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს, არც ომიანობის დროს“, – თქვა თამილა ლაფანაშვილმა.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა – თავისუფლება ვაჟა ექიმს“, – დასძინა მან.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 13 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასამართლომ ქართველი ექიმი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით ედება, რაც „საზღვრის უკანონო კვეთას“ გულისხმობს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არაერთხელ დააყენეს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ექიმის გათავისუფლების მიზნით არასაკმარისი ძალისხმევისთვის აკრიტიკებენ.

კრიტიკა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, ორი დღის წინ ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი ხელისუფლების წინააღმდეგ „პროვოკაციის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, დღეს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაუშვებლია დაკავებული ქართველი ექიმის საკითხის „პოლიტიზირება და ამით მანიპულირება“. მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის „მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button