Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 16 პირი დააკავა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 16 მოქალაქე, მათ შორის, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე მოძრაობა „ლელოს“ ორი წევრი – ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური დააკავეს.

პარლამენტის შენობასთან დღეს დემონსტრანტები დილის შვიდი საათიდან შეიკრიბნენ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მისულ უმრავლესობის წევრებს, რომელზეც უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი უნდა განეხილათ, ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი უმრავლესობას მოუწოდებდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ნდობა არ გამოეცხადებინათ.

მიუხედავად ამისა, კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხარი 14-ს დაუჭირა. მათ შორის არის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომლის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებითაც არასამთავრობო სექტორს კითხვის ნიშნები ჰქონდა.

მოსამართლეობის ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, 2 დეკემბერს თავისი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე მაინც დააყენა. თავაძის კანდიდატურამ კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ხმაურიანი და დაძაბული საკომიტეტო მოსმენიდან მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

მოსამართლეთა კანდიდატურების კენჭისყრა დღესვე პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button