Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული განცხადების გამო აკრიტიკებენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მიესალმა ქვეყნის „ძალიან დიდ კულტურულ და მეცნიერულ საუნჯეს“, თუმცა აღნიშნა, რომ „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“, მწვავე კრიტიკა მოყვა.

10 დეკემბერს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან სერიოზული არჩევანი. ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება… არც ის ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ უცებ დავიპყროთ, თუნდაც რეგიონი… მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკური ოპონენტების, ასევე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკა მოყვა.

ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ჯართან დაკავშირებულ განცხადებას „აბსოლუტურად“ და „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“.

„ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, საჭიროებს მეტ ახსნა-განმარტებას. მაგრამ ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან, მინდა განვაცხადო, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩვენი სამხედროები არიან ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეები“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები დღესდღეობით რეგიონში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილია.

ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე დაგმეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება. საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“ პრეზიდენტს სამხედროებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და მის განცხადებას „ანტი-სახელმწიფოებრივი“ უწოდა. „ლელომ“ აღნიშნა, რომ განცხადება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდა და საქართველოს თავდაცვის ძალების დემორალიზებას და დემოტივაციას ისახავდა მიზნად.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ეს ქალბატონი დასვეს პრეზიდენტის თანამდებობაზე და მიანიჭეს, აჩუქეს მთავარსარდლის სტატუსი და ახლა ვიმკით ჩვენ ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების შედეგებს“.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, „არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება არის არმიაზე შეტევაც და ამ სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ფუნდამენტის გამოთხრაც“.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ „როცა საქართველოს ყველაზე უფრო მძლავრი კონტრიბუცია გვქონდა ერაყში, გვაქვს ავღანეთში, როცა ნატოსთან ჩვენი სვლის და ამერიკასთან დაახლოების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის სწორედ ერაყში, ავღანეთში ქართველი სამხედროების საქმიანობა, მათ რეპუტაცია ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის სახელმწიფო მეთაური ამბობს, რომ არ გვაქვს და არც გვექნება, მავნებლობაა და სულაც არ გამოვრიცხავ მის ამ უვიცობასთან და არაკვალიფიციურობასთან ერთად იყოს გარეული ამ საქმეში სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების საკითხში“.

დავით სიხარულიძემ, რომელიც 2008-2009 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ სრული პასუხისმგებლობა ზურაბიშვილის განცხადებაზე ქართულ ოცნებას ეკისრება, რომელმაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მას არ სჯერა სრულფასოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის.

მწვავე კრიტიკის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11 დეკემბერს განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“.

„ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოფიციალური განცხადების შემდეგ, კრიტიკას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა საკუთარი Facebook-ის გვერდზე და აღნიშნა, რომ „იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით“.

ზურაბიშვილის თქმით, ამის მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება და პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის „ბზარის“ გაჩენა, ასევე საზოგადოებაში გაუგებრობის და უნდობლობის გამოწვევაა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუცის დაკვეთით სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ქართული ჯარი ყველაზე მაღალი ნდობით (86%) სარგებლობს და იგი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასაც კი უსწრებს (85% 2019 წლის შემოდგომაზე, 89% 2019 წლის ზაფხულში).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button